თამთა ჩაჩანიძე
(15.08.2025)

მუნიციპალურ არჩევნებში ჩართული ბარიერგადალახული ოპოზიციის ნაწილი განსაკუთრებით შემართებითაა და "ოცნებისთვის" დედაქალაქის "გამოგლეჯვასაც" კი აპირებს, თუმცა, ჯერჯერობით "გახარია საქართველოსთვისა" და "ლელოს" შორის თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

თავის მხრივ, ბოიკოტში მყოფი აქტივისტები მოსახლეობას მოუწოდებენ არჩევნებზე არ მივიდნენ, ამ ფონზე კი ანალიტიკოსები ოპოზიციის გამარჯვებას რომელიმე რეგიონსა, თუ ქალაქში პესიმისტურად უყურებენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, გამარჯვება და "ოცნებისთვის" სერიოზული კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

"ოპოზიციას გაუჭირდება, მათგან ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, შედარებით მაღალი რეიტინგი "ლელოს" და გახარიას პარტიას აქვს, მაგრამ ნებისმიერ რეგიონში და ნებისმიერ საარჩევნო უბანზე გამარჯვება გაუჭირდებათ, რადგან ოპოზიციურად განწობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევებში მონაწილეობას არ იღებს",- განაცხადა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მაგალითიდან გამომდინარე, როცა "ოცნებამ" დიდ ქალაქებში 50% ვერ გადალახა, ოპოზიციას ამ ქალაქებში შანსი აქვთ სირთულეები შექმნან, თუმცა, ამჟამინდელი რეიტინგით, შეიძლება ესეც გაუჭირდეთ.

"ამ მაგალითიდან გამომდინარე, ოპოზიციას ქალაქებში შანსი აქვთ, რომ სირთულეები შექმნან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ ეს პერიოდი როგორ მოღვაწეობას ეწეოდნენ, უკვე მეეჭვება, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგი განმეორდეს და მემგონი რეგიონებშიც და ქალაქებშიც ძალიან გაუჭირდებათ",-განაცხადა საყვარელიძე.

ანალიტიკოსმა ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ ვერ თანხმდება "ლელო" და გახარიას პარტია მერობის საერთო კანდიდატზე. მისი თქმით, საერთო კანდიდატის შემთხვევაში, შესაძლოა უფრო ნაკლები ხმა მიიღონ, ვიდრე ცალკ-ცალკე.

"კანდიდატის წამოყენება რაღაცის გაყოფის ტოლფასია, ვისიც იქნება, იმის მხარეს დაიჭერს კანდიდატი, შესაბამისად, ახლა ყველა თავისკენ ექაჩება საბანს. ეს ვარიანტი ნორმალურია, ეს ჩვენ შევეჩვიეთ არიქა გაერთიანდნენო.

"გაერთიანება ამოჩემებული თემაა, თორემ ამ შემთხვევაში, ხაზარაძე-გახარიას ერთიანობამ შეიძლება უფრო ნაკლები შედეგი მიგვცეს, ვიდრე მათ ცაკლ-ცალკე ყოფნამ. მათ ალბათ ერთი და იგივე ელექტორატი არ ჰყავთ და გაერთიანების შემდეგ, შეიძლება ორივე ნაწილში უკმაყოფილება იყოს და უფრო ნაკლებმა ადამიანმა მისცეს ხმა, ამიტომ ეს თემა დასაფირებელია",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე