ნატალია ჯვარიძე
(15.08.2025)

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ორი თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ოპოზიციის ნაწილს იმედი აქვს, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უარს იტყვის არჩევნებზე მისვლასა და ხმის მიცემაზე. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული. მმართველი პარტიის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა უკვე ცნობილია.

„ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპროტესტო ელექტორატის უდიდესი ნაწილი „საერთოდ არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას".

„სპეცოპერაციაში მონაწილეობა თავისთავად ნიშნავს თვითდაზიანების რეჟიმში გადასვლას. ამიტომაც შეუძლებელია, რომ რაღაც პოზიტიური პროცესები წარიმართოს რომელიმე იმ ძალაში, რომელიც სისტემური ოპოზიციის როლს სჯერდება და იღებს მონაწილეობას ივანიშვილის სპეცოპერაციაში.

საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა ეს არ გახლავთ. ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს, ისევ საკუთარ თავს დააზიანებს და ეს იქნება ხილული ამ თვეების განმავლობაში. არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ კონკრეტულ კანდიდატებსა და დეტალურ პროცესს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ აქვს, ვერ ვხედავთ აზრს.

ეს არის სპეცოპერაცია. ვინ რა როლს მოირგებს, ვის რა როლი ერგება საკუთარი ინიციატივით თუ ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია და არც ვფიქრობთ საინტერესო იყოს ამ საკითხებზე მსჯელობა",- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ საოზგადოების დიდი ნაწილი არჩევნებზე მივა და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

„ცალსახაა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი საკმაოდ აქტიურად ჩაერთვება, ვინაიდან ამომრჩეველი ძალიან კარგად გრძნობს ერთ რაღაცას - მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არის საქართველოს გადამრჩენელი, რისი მომტანიც არის მშვიდობიანი არჩევნები.

საქართველო აირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც გააგრძელებს იმ მშვიდობიან პოლიტიკას, რომლის კურსიც აღებულია 2013 წლიდან. ამიტომ აქ საეჭვო არაფერია და მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე მივა.

რაც შეეხება ოპოზიციის ამ მოლანდებებს, შევადარებდი ერთ ქართულ ხალხურ ანდაზას, მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო. ზუსტად ამ სუტუაციაში არიან და იყვნენ კაცო, არავინ უშლის",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, ხალხი არჩევნებზე მიიყვანოს.

„არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობა ძალიან დაბალი იქნება, მაგრამ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ ხალხი გამოიყვანოს. გამორიცხული არ არის, რომ მაგალითად ასეთი წესი შემოიღონ, ანუ ვინც არჩევნებზე არ გავა, დააჯარიმონ. ამას არ გამოვრიცხავ, რადგან ამომრჩეველის მობილიზაცია გააკეთონ. პრობლემა არის იმაში, თუ რამდენს დაწერს „ქართული ოცნება". ისინი დარწმუნებულები არიან, რომ იგებენ, რადგან ოპოზიცია არ მონაწილეობს. ყველა ვარიანტში ხალხის მობილიზებას შეეცდება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე