თამთა ჩაჩანიძე
(14.08.2025)

პროსახელისუფლებო მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" „ოცნებას" მიმართავს, რომ 4 ოქტომბერს მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად, ევროინტეგრაციის საკითხზე პლებისციტი ჩაატაროს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „პლებისციტის საჭიროება არ უნდა დადგეს", თუმცა მის ჩატარებასაც უშვებენ. ამავე დროს, ხელისუფლება ისევ 2028 წლისთვის ევროკავშრის წევრობისათვი მზადყოფნაზე აკეთებს განცხადებებს და მთავრობა ევროინტეგრაციის გეგმის შესრულებას აგრძელებს. რა ფარული მიზნები შეიძლება ჰქონდეს ბოიკოტის ფონზე პლებისციტის იდეის შემოტანას?

ანალიტიკოსთა შეფასებით, შესაძლოა ერთი მიზანი იყოს ბოიკოტის მომხრე ამომრჩევლების მოტივირება, რომ 4 ოქტომბერს პლებისციტის გამო მაინც მივიდნენ საარჩევნო ურნებთან. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდონ, რომ მხოლოდ პლებისციტში მიიღონდ მონაწილეობა და არა ადგილობრივ არჩევნებში.

მეორს მხრივ კი, ბოიკოტის მომხრე პარტიების მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრეა. შესაბამისად, რადგანაც ისინი, სავარაუდოდ, არ წავლენ 4 ოქტომბერს არჩევნებზე, ამის შედეგად პლებისციტზე შესაძლოა ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო შედეგი დაფიქსირდეს.

გარდა ამისა, ანალიტიკოსები იმაზეც საუბრობენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსის მქონე ქვეყანაში თავად ასეთი პლებისციტის ჩატარების ფაქტი ევროკავშირისთვის „ძალიან მძიმე სიგნალი იქნება".

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" „ოცნებას" ამ წინადადებით 13 აგვისტოს მიმართა. ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ გუნდს, „ნუ ექაჩება ქვეყანას იქ, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება, ლგბტ პროპაგანდა, გეი აღლუმები და პედოფილია არის ნორმა".

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 12 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრახიაში პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 72-ე სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„პლებისციტის საჭიროება არ უნდა დადგეს, მაგრამ, თუ ასეთი არჩევანის წინაშე დავდგებით, რა თქმა უნდა, ვიზების ხელში დაჭერას გვირჩევნია ჩვენი ტრადიციები, ოჯახური ფასეულობები შევინარჩუნოთ", - ამბობს საპასუხოდ „ხალხის ძალის" თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმისაგან გასხვავებით, პლებისციტზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულება ხელისუფლებისთვის სავალდებულო არ არის.

ფარული მიზნები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ პლებისციტი მართლაც ჩატარდა, კითხვა ასე იქნება დასმული - მხარს უჭერთ ევროპულ არჩევანს, თუ ნეიტრალიტეტს. ხოლო როდესაც ევროინტეგრაციის მომხრეთა დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივა, დიდია ალბათობა, რომ უმრავლესობამ ნეიტრალიტეტს დაუჭიროს მხარი.

„ოცნებას" იმედი აქვს, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პლებისციტი ჩატარდება, ბოიკოტში მყოფ პარტიათა ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა, მათი 99% კი სწორედ ევრიპული ინტეგრაციის მომხრეა. ასეთ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ შანსი აქვთ, რომ მოსახლეობამ ევროინტეგრაციაზე უარი თქვას.

„მიუხედავად ყველაფრისა, მეეჭვება, რომ ჩვენი საზოგადოება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნო სისტემა და კომისიები ფაქტიურად „ოცნების" ფილიალს წარმოადგენენ, დიდი შანსია, რომ მონაცემები გაყალბდეს.

„პლებისციტი ცალკე ჩაატარონ - რა პრობლემაა, ფული არ ჰყოფნით? მაგრამ ამ არჩევნებთან ერთად ჩატარებაში სწორედ ეს ქვეტექსტია, რომ ევროპული ამომრჩეველი არ მივა, კომისიებს „ოცნება" აკონტროლებს და იქ ფორმულირება იქნება - "მხარს უჭერ ევროპულ არჩევანს, თუ ნეიტრალიტეტს". ასეთი შეფარული კითხვა იქნება და დიდია ალბათობა, უმრავლესობამ სწორედ ნეიტრალიტეტს „დაუჭიროს" მხარი", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუკი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში ევროინტეგრაციაზე პლებისციტი ჩატარდა, ეს ევროკავშირისთვის მძიმე სიგნალი იქნება.

„შეიძლება თემა შემოტანილია საზოგადოებრივი განწყობების მოსინჯვისთვის. თუკი არჩევნებთან ერთად პლებისციტი ჩატარდა, ეს ევროკავშირისთვის ძალიან მძიმე სიგნალი იქნება, რადგან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, აპრიორი ჩაითვალა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა ევროინტეგრაციას.

„თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და განსაკუთრებით ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, ან თუნდაც რომელიმე ბლოკში გაწევრიანებას ეხება, ხალხმა უნდა მიიღოს.

„შეიძლება ისინი (ბოიკოტში მყოფი ელექტორატი) მივიდნენ და პლებისციტში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. თუკი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა დაიცვან, მაშინ ეს უნდა გააკეთონ, ყველა არსებული საშუალებებით მივიდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირონ მოსახლეობის ნება, თუკი ასეთი ნება არსებობს; ციფრი, რაც სახელდება, რომ თითქოს მოსახლეობის 80-85%-ს მყარად სურს ევროინტეგრაცია, კიდევ ერთხელ დადასტურდეს არა სოციოლოგიური კვლევების, არამედ პლებისციტის დონეზე", - განაცხადა მან.

ბოიკოტი და პლებისციტი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბოიკოტი თუ გავრცელდა პლებისციტზეც, მაშინ მისი შედეგები ხალხის ნების გამომხატველი არ იქნება, თუმცა „ოცნება" ამაზე ილაპარაკებს, როგორც ხალხის გადაწყვეტილებაზე.

„ოცნებას" სჭირდება, რომ პლებისციტზე ხალხის სახელით ილაპარაკონ, მაგრამ შეიძლება ბოიკოტში მყოფმა პარტიებმა და მისმა ამომრჩევლებმა რაღაცეები გადაიფიქრონ. შეიძლება იყოს მოწოდება - „არჩევნებს ბოიკოტი, მაგრამ პლებისციტზე მივიდეთ". ასეთ ვარიანტში უკვე ვითარება შეიცვლება, ოღონდ ეს მაინც ნედლი თემაა და საბოლოოდ არ ვიცით რა სიტუაცია დაჯდება. რეალობა ისაა, რომ „ოცნებას" ახლა მთელი ერის სახელით ლაპარაკი სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ერი ამაში მონაწილოებას შეიძლება არ იღებდეს", - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ბოიკოტის ფონზე პლებისციტის შედეგები ხალხის აზრის გამომხატველი, ზაალ ანჯაფარიძემ გვითხრა:

„გააჩნია რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. თუ ოპოზიციურად განწყობილმა ბოიკოტში მყოფმა ამომრჩეველმა არ მიიღო მონაწილეობა, ეს არ ნიშნავს, რომ პლებისციტი არალეგიტიმურია. არჩევნებში მონაწილე პარტიების ამომრჩეველი ერთად რომ შევკრიბოთ, საკმაოდ სოლიდური ციფრი გამოდის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე