ადგილობრივ არჩევნებამდე თვენახევრით ადრე მმართველი პარტია საკმაოდ თავდაჯერებულია. ხელისუფლების წარმომადგენლები 64-ვე ოლქში სრულ გამარჯვებას ელიან, თუმცა აქვე იმაზეც საუბრობენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე, ანალიტიკოსთან უმრავლესობაც მიიჩნევს, რომ „ოცნება" ყველა რეგიონში წარმატება ელის და ამ ეტაპზე მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში მისი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშილის ჩართვის საჭიროება არ ჩანს.
„არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაერთოს ამ კამპანიაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოპოზიციის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი და ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, არ მგონია ხელისუფლებისთვის არჩევნებში გამარჯვება დიდი პრობლემა გახდეს", - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს მერის არჩევნებში მოგების არავითარი შანსი არ აქვთ და მაქსიმუმი, რასაც ისინი შეძლებენ, სხვადასხვა საკრებულოში დეპუტატის შეყვანა ან ფრაქციის შექმნაა.
„ერთადერთი რეალური ამოცანა, რაც შეიძლება, ჰქონდეს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის დეპუტატის შეყვანა, მაქსიმუმ ფრაქციის შექმნა სხვადასხვა საკრებულოში. დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე, ეს არის რეალური სურათი. არავითარი შანსი არ აქვთ, რომ მოიგონ მერის არჩევნები. ეს არის იმ საბოტაჟის შედეგი, რომელსაც ახორციელებდნენ საკუთარი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. ამ საბოტაჟმა დაასუსტა ოპოზიციური პარტიები, რადიკალური ოპოზიცია. ამის შედეგებს იხილავენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ადგილობრივმა არჩევნებმა საგანგებო პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში, ამ პროცესების შემყურე, რომელიც უამრავ სისხლსა და ცრემლს წარმოშობს, რასაკვირველია, სტაბილურობა შეხსენების საგანი იქნება. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისათვის, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს. ადგილობრივი არჩევნებიც უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, გარკვეულ ხედვებს, კონსპირაციას და ა.შ.
მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა სოციალური საკითხები და ის კონკრეტული ამოცანები, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ადგილობრივმა ხელისუფლებებმა, როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოების პრობლემებზე, ინტერესებზე, განათლებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ეკონომიკაზე და უამრავ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ თემებს, გამოწვევებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
გახდება თუ არა საჭირო ივანიშვილის ჩართვა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვერ ხედავს იმის ალბათობას, რომ საარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვის საჭიროება გაჩნდეს.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაჩნდება ივანიშვილის ჩართვის საჭიროება. მე პირადად ამ ეტაპზე და ზოგადად მომავალში მისი ჩართულობის პერსპექტივას და საჭიროებას ვერ ვხედავ. ალბათ, ეს „ოცნების" გადასაწყვეტია, რომელიც შეფასებს წინასაარჩევნო გარემოს, კონკურენტების ძალას და მათ შესაძლებლობებს და აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას, მოუხმოს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის. თუმცაღა მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ ივანიშვილი ადგილობრივ არჩევნებში აქტიურად ყოფილიყო ჩართული", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
დავით ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ოპოზიციაში მიმდინარე შიდა დაპირისპირებისა და დაძაბულობის შედეგად, მმართველი პარტია, სავარაუდოდ, ივანიშვილის გარეშეც მარტივად შეძლებს არჩევნების მოგებას.
„არ მგონია ბიძინა ივანიშვილი ჩაერთოს ამ კამპანიაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოპოზიციის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი და ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, არ მგონია ხელისუფლებისთვის არჩევნებში გამარჯვება დიდი პრობლემა გახდეს. ნუ, რა თქმა უნდა, თუ ეს განწყობა ბოლო მომენტში არ შეიცვალა და პირობითად, ბათუმის ან ქუთაისის მოსახლეობამ არ გადაწყვიტა არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა. სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება იმისთვის, რომ ყველა საკრებულო და მერია აიღოს.
„ასე რომ, ამ ვითარებაში, როცა, პრაქტიკულად, ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია უფრო მეტად უპირისპირდება იმ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ბუნებრივია, „ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი და მისი ძალისხმევა არ დასჭირდება", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე