დედაქალაქის მოქმედი მერის, კახა კალაძის პირველი კონკურენტი 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე უკვე ოფიციალურად ცნობილია. „ალტ ინფომ", რომელიც არჩევნებში მონაწილეობს სახელით „კონსერვატორები საქართველოსთვის" თბილისის მერობოს კანდიდატად ზურაბ მახარაძე დაასახელა. მანამდე, ცესკო-მ მათ ლოტოტრონის პრინციპით საარჩევნო ნომერიც (N3) მიანიჭა. როგორც თავად აცხადებენ, ბრძოლას აპირებენ დედაქალაქის და რეგიონების საკრებულოებშიც.
„მეეჭვება ისეთი დარტყმა გამოიუვიდეთ, რომ კალაძემ წაიფორხილოს, მაგრამ ბრძოლის პროცესი უფრო ინტენსიური იქნება... მახარაძე იმდენაც ცნობილი ფიგურა არაა, რომ თბილისი განაღდებული ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნები ნებივრად ყოფნის კომფორტს არ იძლევა, ყოველთვის ბრძოლის მდგომარეობას და მობილიზაციას ითხოვს", - აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
31 ივლისს „ოცნებამ" კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატად მესამედ წარადგინა, 11 აგვისტოს კი დანარჩენი 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები დაასახელა.
ცესკო-ს განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე სულ 17 პარტია იღებს მონაწილეობას. თბილისში მერობის ერთობლივი კანდიდატის წარდგენა დაანონსებული აქვთ „ლელო - ძლიერ საქართველოსა" და პარტიას „გახარია საქართველოსთვის". საუბარი იყო სხვადასხვა კანდიდატზე, მათ შორის, მომღერალ მერაბ სეფაშვილზე, თუმცა, ამ დრომდე, როგორც ჩანს, ერთობლივ კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.
რას ამბობენ „ალტ ინფოში"
„ოფიციალურად შევედით საარჩევნო კამპანიაში. ზურაბ მახარაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, ხოლო თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის პირველი ოთხეული გიორგი ქარდავა, ირაკლი მარტინენკო, შოთა მარტინენკო და ირაკლი მორგოშია იქნებიან", - წერია პარტიის განცხადებაში.
თბილისის მერობის კანდიდატის ზურაბ მახარაძის თქმით, მის პარტიას მესამე ძალის ფორმირებაზე აქვს პრეტენზია და საკრებულოებშიც აპირებენ ბრძოლას.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ რაღაც მესამე ძალა უნდა გაჩნდეს. „ნაცები", „ქოცები" ყელშია ამოსული და პირდაპირ მესამე ალტერნატივის ფორმირებას რომ ვცდილობთ, ეს სიმბოლურადაც გაფორმდა (ნომერ3-ით) და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია...
„რაც უფრო მეტი ჩვენიანი გავა საკრებუოში, მით მეტის შეცვლის შესაძლებლობა გვექნება. საკრებულოები ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება ბევრს ვერც წარმოედგინოს. მთელი მამაძაღლობა, რაც კეთდება ხოლმე ხალხის ფულის გაფლანგვაზე, „ოცნება" საკუთარ ბიზნესმენებს რომ რაღაც ტენდერებს აგებინებს, რომ მერე მათ ფულები ურიცხონ წინასაარჩევნოდ, მთელი მაგ უკანონობის არაეროვნულობის, არასახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებია, სადაც ჩვენები რომ შევლენ, ეგეთ რაღაცეებზე ხმას ამოიღებენ", - განაცხადა მახარაძემ.
გაუწევს თუ არა მახარაძე კონკურენციას კალაძეს
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ეეჭვება, რომ მახარაძე კალაძეს რაიმე პრობლემებს შეუქმნის, თუმცა ფიქრობს, რომ თუ მმართველი პარტია ზედმეტად მოდუნდა, „ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
„მეეჭვება ისეთი დარტყმა გამოიუვიდეთ, რომ კალაძემ წაიფორხილოს, მაგრამ ბრძოლის პროცესი უფრო ინტენსიური იქნება. ვინც პოლიტიკურ პერიპეტიებს თვალს არ ადევნებს, იმან ალბათ მახარაძის არსებობა არც იცის და ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო კამპანიას. თან საჭიროა საინფორმაციო კამპანია დედაქალაქში, რადგან მახარაძე იმდენად ცნობილი ფიგურა არაა, რომ თბილისი განაღდებული ჰქონდეს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნები ნებივრად ყოფნის კომფორტს არ იძლევა, ყოველთვის ბრძოლის მდგომარეობას და მობილიზაციას ითხოვს, რადგან თუ ადამიანმა პროცესი უყურადღებოდ დატოვა, ყველგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგალითად, სააკაშვილს 2012 წელს თავისი თავის ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ შედეგები სხვანაირად დალაგდა. ეს კიდევ ერთი გაკვეთილია და უნდა ვიცოდეთ, რომ იქაც კი, სადაც უამრავი მექანიზმია ჩართული (და სააკაშვილმა მაშინ ყველაფერი გააკეთა რაც შეიძლებოდა), არჩევნებმა შეიძლება სიურპრიზები მიუწყოს ნებისმიერს.
„ერთ-ერთი მაგალითი იყო ისიც (რაც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდევრობის ბრალია), რომ 2024 წლის არჩევნებში „ოცნებას" ქალაქებში არ ჰქონდა წარმატება. არადა ქალაქები საკვანძო დასახლებებია, სადაც პოლიტიკაში ყველაზე უფრო აქტიური და ჩახედული ხალხია თავმოყრილი, მაგრამ რაღაც მიმართულებით დაუდევრად იმოქმედეს და ეგ შედეგი მიიღეს. ეს საფრთხე ყოველთვის არის, რომ შეიძლება ჩაფიქრებული გამარჯვება ვერ მიიღო იმიტომ, რომ ტეპმი ვერ იგრძენი, ან რაღაც პროცესები უყურადღებიდ დატოვე.
„მე „ალტ-ინფო" დიდად პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალად არ მიმაჩნია, მაგრამ, მეორეს მხრივ, მას შეუძლია აიღოს იმათი ხმები, ვინც „ოცნებით" უკმაყოფილოა. „ოცნების" რადიკალური ვერსია შეიძლება აღმოჩნდეს „ალტ-ინფო" და ამ შემთხვევაში, შეიძლება უფრო მეტი ხმები აიღოს, ვიდრე ველოდებით. მე კი ვამბობ, რომ არ მიმაჩნია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს სიმართლეში. ვნახოთ, პროცესები რას გვაჩვენებს", -განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".
რაც შეეხება „ალტ-ინფოს" შანსებს არჩევნებში მონაწილე ორ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ ძალასთან („ლელო - ძლიერი საქართველო" და „გახარია საქართველოსთვის") შედარებით, საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ „ალტ-ინფომ" „ლელოზე" მეტი ხმა მიიღოს.
„ამ შემადგენლობიდან ყველაზე უფრო მომგებიან მდგომარეობაში გახარიას პარტიაა, რადგან მან შეიძლება ხმები მიიღოს როგორც „ოცნებით" იმედგაცრუებული ადამიანებისგან, ისე „ნაციონალებით" იმედგაცრუებულებისგან. გახარია სულ ცდილობდა, რომ ამ ორი პოლუსის შუაში ყოფილიყო და დღემდე მოვიდა, როგორც შუაში მყოფი ფიგურა, რაც მომგებიანია.
„გახარიასთან მიმართებით პროგნოზი მიჭირს, მაგრამ რაც შეეხება ხაზარაძის პარტიასთან კონკურენციას, მემგონი მაგ შემთხვევაში „ალტ-ინფო" უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე გახარიასთან კონკურენციაში", - განაცხადა საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე