პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, 17 წლის წინ 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი გეგმა რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია, რომელთაგან ერთ-ერთი თავი იყო რუსული ჯარების გაყვანა საწყის პოზიციებზე.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთს არცერთი პუნქტი არ შეუსრულებია.
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ნაბიჯებითაც უკმაყოფილოა - ამბობს, რომ ის ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი გარანტორი იყო, თუმცა რუსეთისთვის არც სანქციები დაუწესებია და არც რაიმე პოლიტიკური ფასი გადაუხდია.
აგვისტოს ომის 6-პუნქტიანი გეგმა
საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზმა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პროცესში პირადად იყო ჩართული, 6 პუნქტიანი გეგმა ჩამოუტანა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პუნქტები შემდეგ საკითხებს მიცავდა:
1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;
2. საბრძოლო მოქმედებებზე საბოლოოდ უარის თქმა;
3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;
4. საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბრუნება მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში;
5. რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნება სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე, საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ უსაფრთხოების დამატებითი ზომების განხორციელება;
6. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების და სტაბილურობის პირობების შესახებ საერთაშორისო დისკუსიების დაწყება.
რა გააკეთა 17 წლის განმავლობაში რუსეთმა შეთანხმების შესრულებისთვის
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან" ცეცხლის შეწყვეტის გეგმა პუნქტობრივად განიხილა და განაცხადა, რომ რუსეთმა არაფერი არ შეასრულა.
"არცერთი პუნქტი რუსეთს არ შეუსრულებია და პირიქით, ის მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს, რითაც ცეცხლის შეწყვეტის შეთახმებას არღვევს და როდესაც ეს ირღვევა, თან ამ ტერიტორიების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა ყოფილიყო საერთაშორისო მონიტორინგის მისიის მიერ, ვხედავთ, რომ 2008-დან დღემდე რამდენიმე დიდი ტეროტორია ოკუპირებულია.
"ახლა უბრალოდ შეიარაღებული ადამიანები გადმოდიან, ჩვენს ტერიტორიაზე თავხედურად იკავებენ და ჩვენი ძალები უკან იხევენ, ჩვენი ხელისუფლება ამისთვის არაფერს აკეთებს, რუსეთი კი მის პოლიტიკას იყენებს და შეთანხმებას არღვევს. ამასთან, არაა შექმნილი პირობები, რომ ჩვენი დროებით გადაადგილებული პირები დაბრუნდნენ, რომლებიც ცხინვალში ცხობვრობენ - 20 ათას ადამიანზეა საუბარი.
"რუსეთი დედაქალაქის ოკუპაციას აპირებდა და ამის გეგმაც არსებობდა, სარკოზიმ გააკეთა ის, რომ ეს პროცესი შეაჩერა და რუსეთმა საქართველოს დიდი ტერიტორიებიდან თავისი ჯარები ამ შეთანხმების საფუძველზე გაიყვანა. სარკოზის დროულმა ჩარევამ რუსული გეგმები შეაჩერა.
"რუსეთმა ძალის გამოყენებაზე არავითარი უარი არ თქვა, მცოცავი ოკუპაცია ნიშნავს, რომ ის ძალას იყენებს - პირველი პუნქტი არ სრულდება. ამასთან, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გრძელდება, ეკონომიკური, საინფორმაციო, თუ კიბერშეტევების კუთხით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული შეიარაღებული ძალები თავიანთ სამხედრო პერსონალს ზრდიან, ანუ სამხედრო მუქარას ქმნიან და სამხედრო მუქარა არის ფაქტიურად მეორე პუნქტის დარღვევა.
"რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხს, ეს ახლაც დაბლოკილია, ანუ ადგილობრივი სეპარატისტული რეჟიმები და მოსკოვის ემისრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ჰუნმანიტარული ურთიერთობა ჰქონდეს, ლტოლვილებს მიეცეთ საშუალება, რომ თავიანთი ადგილები მოინახულონ მაინც.
"მცოცავი ოკუპაციისა და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მხოლოდ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლები დგანან და არა ჯარები, რუსები კი ე.წ. საზღვრიდან დაახლოებით 300 მ-ში, რუსული სამხედრო ნაწილი დგას. ჩვენ შევასრულეთ შეთანხმება და რუსებმა არაფერი არ შეასრულეს, მთავარი ესაა. რაც შეეხება დისკუსიების დაწყებას საერთაშორისო ფორმატში, ერთადერთი არის ჟენევის ფორმატი, მაგრამ არანაირი შედეგი არ აქვს.
"არანაირი მექანიზმი არ არის, რომ რუსეთმა ეს ვალდებულებები შეასრულოს, როგორც ვხვდები გეგმა ნაჩქარევად იყო გაკეთებული, რომლის მთავარი იდეა ომის სწრაფად შეჩერება იყო და ეს არც იყო ჩადებული. მოგვიანებით, როცა ევროკავშირის მონიტორინგის მისია შეიქმნა, მერე მხარეები აღარ ჩაუღრმავდნენ, რადგან მერე საქართველომ ყოველგვარი დიპლომატიურ-პოლიტიკური ურთიერთიბა გაწყვიტა და ასეთი ხელშეკრულების დადების საშუალებაც აღარ იყო.
"ეს იყო დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი და საშუალება არ მიეცათ, რომ კონვენციურ სრუმასშტაბიან ომში გადასულიყო. ამაში დიდი წვლილი შეიტანა საფრანგეთის პრეზიდენტმა და აშშ-ს ადმინისტრაციამ, რომელმაც ორი სამხედრო ხომალდი გამოაგზავნა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი "ჰერკულეს ეს-130" დაეშვა, ეს სამხედრო ძალის დემონსტრირება იყო ნატოს მხრიდან, რამაც ბუნებრივია რუსებზე დიდი გავლენა იქონია, რადგან მედვედევმა სარკოზს ხელი ლამაზი თვალებისთვის არ მოუწერა",- განაცხადა მაისაიამ.
ანალიტიკოსმა პაპუაშვილის განცხადების იმ ნაწილზეც ისაუბრა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ 6-პუნქტიანი გეგმის არშესრულებისთვის "ევროკავშირს არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის, არც რაიმე პოლიტიკური ფასი გადაუხდია".
"მაშინ დასავლეთი მაინც ცდილობდა, რომ რუსეთთან სრულ კონფრონტაციაში არ შესულიყო, ითვლებოდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია ეპიზოდური ხასიათის იყო. საერთაშორისო სასამართლომაც რუსული მხარე დამნაშავედ ცნო და რუსი და ოსი სეპარატისტები გაასამართლეს კიდეც. ამასთან, საქართველოს 4 მილიარდი დოლარი მისცეს კონპენსაციის სახით, ესეც ერთგვარი სანქციის ვარიანტი იყო.
"2009-10 წლებში ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ ახალი გადატვირთვის პოლიტიკა, დასავლეთი ყველენაირად ცდილობდა, რომ რუსეთის მიმართ უფრო ლიბერალური ყოფილიყო, რომ მისი აგრესიული ქმედება როგორმე შეენელებინა, მაგრამ ამან რუსეთი უფრო გაათავხედა და შემდგომში ყირიმში შეიჭრა. მერე უკვე დასავლეთი მიხვდა, რომ რუსეთთან ასეთი ლოიალური პოლიტიკა არ შეიძლება, მაშინ სხვა პოლიტიკური რეალობა იყო და ახლა სხვა რეალობაა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთს არაფერი არ შეუსრულებია, დასავლეთი კი მაშინ რუსეთს მოერიდა და ამიტომ არანაირი საპასუხო ნაბიჯი არ გადადგა საქნციების თვალსაზრისით.
"დასავლეთი - აშშ და ევროკავშირი მაშინ რუსეთს მოერიდნენ. იმ პერიოდისთვის მოსინჯეს თუ რა შეეძლო საქართველოსთან მიმართებაში. სააკაშვილი ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა დასავლეთის ე.წ. მეგობრების გარეშე და ეს ყველაფერი იმ პიარისთვის იყო გაკეთებული, რომელიც იმ პერიოდისთვის მაკკეინს სჭირდებოდა, რომ არჩევნებში მას ხმები მიეღო, რადგან მას ძალიან დაბალი რეიტინგი ჰქონდა. ამ ომის პერიოდში მისი რეიტინგი გარკვეულწილად მართლაც აიწია.
"2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირს ერთი სანქციაც არ დაუწესებია, საქართველოს მხარდაჭერა იყო სიტყვიერად, მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ ვალდებულებები შეესრულებინა, მაგრამ როგორც ყოველთვის კრება მხიარული რჩებოდა.
"არც რუსეთს არაფერი არ შეუსრულებია, როდესაც მასზე ზეწოლა არ იქნებოდა, რას შეასრულებდა? სარკოზი პირველად რომ ჩამოვიდა და შეთანხმების პირველი გეგმა წარუდგინა, უფრო უკეთესი იყო, ვიდრე მეორე და ამიტომ რუსეთი რატომ გააკეთებდა იმას, რომელზედაც არავითარი ზეწოლა არ იქნებოდა. ზეწოლა არის უკრაინაშიც, მაგრამ აკეთებს რამეს? პროქსი ომი იყო 2008 წელსაც და პროქსი ომია უკრაინაშიც, სადაც იღუპება მოსახლეობა და ვიღაცეები მდიდრდებიან",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".
რას აცხადებს პაპუაშვილი
"12 აგვისტოს შეთანხმების გარანტორი იყო ევროკავშირი, თუმცა, შეთანხმების შესრულებისთვის არაფერი გაკეთებულა. პირიქით, სანქციები დაგვიწესეს ჩვენ და არა რუსეთს. ჩვენ აგვიკრძალეს იარაღის ყიდვა, რუსეთთან კი ნორდსტრიმის მილსადენების მშენებლობა დაიწყეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით, როგორ იწყება და როგორ სრულდება ასეთი ომები.
„17 წლის წინ, 12 აგვისტოს დაიდო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირის შუამდგომლობით იქნა ხელმოწერილი და ეს გეგმა დღემდე შეუსრულებელია, მათ შორის, ერთ-ერთი პუნქტი იყო რუსეთის მხრიდან ჯარების გაყვანა საწყის პოზიციებზე. 12 აგვისტოს ამ შეთანხმების გარანტორი იყო ევროკავშირი, თუმცა, მიუხედავად იმისა რომ, რუსეთს არაფერი შეუსრულებია, ევროკავშირს არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის, არც რაიმე პოლიტიკური ფასი გადაუხდია. ამის შემდეგ იყო მილების მშენებლობა რუსეთთან და სტრატეგიული პროექტები გერმანიასა და რუსეთს შორის. ამის შემდეგ იყო ვაჭრობა ევროპასა და რუსეთს შორის.
"ასე რომ, ჩვენი ომი დასრულდა, ერთგვერდიან ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი. საქართველოს დაედო ემბარგო, იარაღს არ გვაძლევდა არც ევროპა და არც აშშ-ი. დღეს როგორ უდგანან უკრაინას გვერდით და როგორ გვედგნენ ჩვენ გვერდში, აგვიკრძალეს იარაღის ყიდვა, 2008 წლის შემდეგ ევროპელებმა სანქცია დაადეს არა რუსეთს, არამედ საქართველოს. ესეც გაკვეთილია, ამიტომაც გამოიჩინა ქართველმა ხალხმა სიბრძნე 2022 წელს და არ ჩაათრევინა თავი ისეთ ომში, რომელიც ბევრჯერ გვაქვს ნანახი და რომლის დასასრული, ქართველმა ხალხმა კარგად იცის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე