ნატალია ჯვარიძე
(11.08.2025)

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროსთვის თანხების გამოყოფის შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ალიევმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოუყოს ენერგეტიკის სამინისტროს 2 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი აზერბაიჯანული მანათი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით აზერბაიჯანში წარმოებული ელექტრომოწყობილობების შესაძენად და გასაგზავნად.

ფინანსთა სამინისტროს დაევალა დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო მინისტრთა კაბინეტს - ამ ბრძანებიდან გამომდინარე საკითხების მოგვარება.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის ვახტანგ მაისაიას აზრით, ვითარდება აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის სტრაგეიული პარტნიორობა.

„უფრო მეტსაც გეტყვით, აზერბაიჯანი განიხილავს, რომ მოახდინოს უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის განვითარება და მიაწოდოს საბრძოლო შეიარაღება. ესეც საინტერესო ფაქტია. ამ საკითხიზე ზელენსკიმ და ალიევმა უკვე მოილაპარაკეს და აზერბაიჯანი ამ თემას სერიოზულად განიხილავს.

2 მილიონი დოლარი არ არის ცოტა და თან მითუმეტეს, 1 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის უკვე გაგზავნილი აქვს. ფაქტობრივად, ტრამპთან მზადდება ამერიკა-აზერბაიჯანის სტრატეგიული ქარტიის დოკუმენტი. ეს ისეთივეა, როგორიც ჩვენ გვქონდა 2009 წელს, რომელიც გაფორმდა ამერიკისა და საქართველოს შორის. მალე დაიდება ამერიკისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული მეგობრობის ქარტიის დოკუმენტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებს. მითუმეტეს, რომ „ზანგეზურის კორიდორის" შეთანხმებაზეა საუბარი.

მეტსაც გეტყვით, ალიევი როგორც კი ბაქოში ჩამოვიდა, ზელენსკის დაუკავშირდა, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ასე რომ, აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ვითარდება სტრატეგიული პარტნიორობა და ფაქტობრივად, მათ საერთო მტერი ჰყავთ და ეს არის რუსეთის ფედერაცია.

გამორიცხული არ არის შეიქმნას ახალი სუამი, ანუ სუამი 2-ის იდეა რეალობად იქცეს. აქ შეიძლება შევიდეს უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა. სამწუხაროდ, ჩვენ აქედან ამოვარდნილი ვართ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე