"ოცნებაში" აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნები "კონკურენულ გარემოში" გაიმართება. ამასთან, პრემიერი ირაკლი კობახიძე წინასწარ აანონსებს, რომ პარტიის ერთ-ერთი მიზანი და ამოცანაა, 64-ივე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება.
2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში 17 პარტია მიიღებს მონაწილეობას, ამის შესახებ 9 აგვისტოს გახდა ცნობილი, ამავე დღის ცესკო-ს სხდომაზე საარცევნო ნომრებიც გადანაწილდა.
იქნება თუ არა კონკურენტული არჩევნები 17 პარტიის მონაწილეობით, ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ "ფორმალურად კონკურენტული იქნება", რადგან მათ დიდ ნაწილს საზოგადოება არ იცნობს და ნულოვანი რეიტინგიც კი აქვთ. მეორე ნაწილი ექსპერტებისა კი დასძენენ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიები არ მონაწილეობენ, შესაბამისად კომკურენტულიც არ იქნება.
რაც შეეხება შანსებს, მათი თქმით, პირველ ადგილზე "ოცნება" გავა, ბარიერის გადალახვის შანსი კი "ლელოს" და "გახარია საქართველოსთვის" აქვს, თუმცა საკრებულოებში მცირე წარმომადგენლობით.
შეფასდება თუ არა არჩევნები კონკურენტულად
როგორ ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რადგან 17 პარტია მონაწილეობს არჩევანი დიდია და "არჩევნები ფორმალურად კონკურენტული იქნება".
"არჩევნები იქნება კონკურენტული იმ მხრივ, რომ ამომრჩევლებს არავითარი შეფერხება არ ექნებათ იმაში, რომ ვისაც უნდათ იმას მისცენ ხმა. როცა 17 პარტიაა, ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არჩევანი დიდია, ამ მხრივ ფორმალურად კონკურენტული იქნება.
"სხვე საქმეა, როცა საქართველოში 300-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული და ათამდე პარტიას თუ ჩამოთვლიან, ისიც თუ დაამახსოვრდათ ლიდერების გვარების მეშვეობით. ამ 17 პარტიიდან რამდენიმე გამოდიოდა არჩევნებზე, მაგალითად საპრეზიდენტო და მერე 0%-ს იღებდნენ. ამიტომ შეიძლება ასეთი პარტიებიც დარეგისტრირდნენ სრულიად უიმედოდ, რადგან ხმებს ვერ შეაგროვებენ",- განაცხადა მამრაძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენტული არ იქნება, რადგან მთავარი ოპოზიციური პარტიები მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
"კონკურენტული არ იქნება, რადგან მთავარი ოპოზიციური პარტიები არ მონაწილეობენ. რაც შეეხება "ლელოს" და გახარიას პარტიას, აქ საქმე ასეა - "ლელოს" მომხრეთა მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებზე არ მივა. შესაძლოა გახარიას მომხრეებმა მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ეს ოპოზიციას მცირე შანსს აძლევს.
"იმ პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მონაწილეობს, ცნობილი არაა საზოგადოებისთვის და არაა გამორიცხული, რომ მათი ნაწილი სპეციალურად ე.წ. სატელიტებად იყვნენ შექმნილები, პარტიების სიმრავლე რომ გამოჩენილიყო და თითქოს "ოცნებას" ოპიზიცია ჰყავს. ზოგიერთი პარტია კი შეიძლება "ოცნების" შექმნილი არ იყოს, თითქოს, მათ მიეცათ ახლა შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდნენ მცირე დროით, რადგან მეორე დღით ეს პარტიები არავის არ ემახსოვრება, რადგან არანაირი შანსი არ აქვთ,
"მგონია, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ შეფასდება, რადგან დასავლეთის დემოკრატიული სამყარო დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ცნობს",- განაცხადა ჩიტაძემ.
ვის რა შანსი აქვს
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ მომენტისთვის მყარი შანსი "ქართულ ოცნებას" აქვს.
"დღეის მდგომარეობით, დამაჯერებელი მყარი შანსი აქვს "ქართულ ოცნებას", რომ გაიმაჯვოს ძალიან დიდი სხვაობით. ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ დანარჩენი 16 პარტიიდან სადღაც რაღაც ადგილები აიღონ, ისიც მცირე, საკრებულოებში თითო-ოროლა, მაგრამ გამარჯვებაზე და სერიოზულ მეტოქეობაზე ამ ეტაპზე ლაპარაკი არაა.
"მიჭირს პასუხის გაცემა ოპოზიციური პარტიებიდან ვის აქვს შანსი, რადგან რომელ ადამიანებთანაც (ამომრჩევლებთან) ურთიერთობა მაქვს, ამბობენ, რომ ესენი ვინ ყოფილანო. ამას, მათ შორის ისეთები მეუბნებიან, ვინც შარშან საპარლამენტო არჩევნებში ხმა "ოცნებას" არ მისცეს. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ სულ "ოცნება" ხომ არ იქნება, ვიღაცას ხომ უნდა მივცეთ ხმაო და ახლა გაწბილებულები არიან.
"გაწბილებულები არიან ოპოზიციის ქცევით, მთელი ამ ხნის განმავლობაში დესტრუქციით, ღალატით, როცა პარლამენტში შესვლას ბოიკოტს უცხადებ და ჯამში ოპოზიციის 61 ადგილია, როდესაც ამაზე უარს ამბობ, ბოიკოტს უცხადებ საკუთარ ამომრჩეველს.
ამაზე არაერთხელ თქმულა იგივე დასავლეთის ექსპერტებისა და დიპლომატების მიერ. ეს უდიდეს გაწბილებას იწვევს და პლუს, დანარჩენი ქცევა. და მე ვერ ვხედავ ამ ჩამონათვალში, რომ ვიღაცას მისცენ ხმა",-განაცხადა მამრაძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბარიერის გადალახვის შანსი ოპოზიციიდან აქვს "ლელოს" და გახარიას პარტიას ისიც მცირე, "ოცნება" კი დიდ გულზე იმიტომაა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მიდის.
"ერთადერთი "ლელოს" და გახარიას პარტიას აქვს ოპოზიციიდან შანსი, რომ ბარიერი გადალახოს და საკრებულოებში თავიანთი წარმომადგენლები შეიყვანონ, თუმცა, უბრალოდ რამდენიმე წევრი შეიძლება ჰყავდეთ და საუბრები იმაზე, რომ ქალაქების გამოგლეჯვას შეძლებენ, ეს შანსი არ აქვთ, რადგან ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნებზე მისვლას არ აპირებს.
"ოცნება" კი თავისი ამომრჩევლის იმედადაა, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივა. დიდ გულზე ამიტომაც არიან, კახა კალაძე აცხადებს, რომ არ მაინტერესებს ვინ იქნება ჩემი მთავარი კონკურენტიო, დარწმუნებულები არიან, რომ გაიმარჯვებენ და სხვა საქმეა ამით საქართველო რამდენად გაიმარჯვებს",- ამბობს ჩიტაძე.
აწყობს თუ არა "ოცნებას" პარტიების სიმრავლე
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნებისთვის" უკვე ამას დიდი მნიშვნელობაც აღარ აქვს.
"უკვე დიდი მნიშვნელობაც არ აქვს. სხვათა შორის, კალაძემ კარგად თქვა, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ინ იქნება წარდგენილი კანდიდატად, ჩვენ ველაპარაკებით პირდაპირ ხალხსო. ეს იმან ათქმევინა, რომ დებატებს აზრი არ აქვს, ისინი ან რაღაც არაადეკვატურს ამბობენ, ან სულ ცილისწამებას და თავი უნდა იმართლოს რომელიმეს, მაგალითად ელისაშვილის წინაშე? ანდა, დემენციაზე მსოფლიოში პირველი გამარჯვებული ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე?
"კობახიძემ რამდენჯერ შესთავაზა ოპოზიციას, რომ ღია ეთერში დავსხდეთ და ვისაუბროთო, ყოველთვის უარი მიიღო, ვერცერთმა ვერ გაბედა. ვერ ვხედავ სივრცეს, სადაც დღეს დებატები შედგება ასეთ ანტიეროვნულ ძალებთან",- გვითხრა მამრაძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოცნებას" დაბალრეიტინგიანი პარტიების სიმრავლე აწყობს.
"ოცნებას" პარტიების სიმრავლე აწყობს, რომ ფორმალურად თქვას, რომ აი როგორი დემოკრატიული ქვეყანა ვართო. ოღონ აწყობს დაბალრეიტინგიანი პარტიების სიმრავლე, კონკურენტს ვერავისში ვერ ხედავენ და იტყვიან, რომ პარტიები კი არის, მაგრამ ხალხი ჩვენ გვაძლევს ხმასო.
"ნაცმოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" შემოსვლა არ აწყობდა. მანამდე თუ ენმ-ს დაბრუნებით აშინებდა ხალხს და ხალხის ნაწილიც ფიქრობდა, რომ ოღონდ არ დაბრუნდენო, ახლა კი ეს პროპაგანდა ვეღარ გაუვიდათ, ხალხი აღარ იჯერებს, ამიტომაც იყო, რომ ერთის მხრივ სამოქალაქო სექტორზე მიიტანეს შეტევა, მერე პარტიებზე, საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია უკვე აშკარად შეცვალეს, აქეთ დაარტყეს დასავლეთს, რომ თითქოს ის ერევა შიდა საქმეებში. ბუნებრივია, საქართველოს შიდა საქმეებში დასავლეთი უხეშად არ ერევა, უხეშად ერეოდა და ერევა რუსეთი",- განაცხადა ჩიტაძემ.
ვინ ერთვება არჩევნებში
მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებზე, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ნომრების შეუნარჩუნდებათ: „პატრიოტთა ალიანსს", „ძლიერ საქართველოს", პარტიას „გახარია საქართველოსთვის", „გირჩსა" და „ქართულ ოცნებას".
9 აგვისტოს ცესკო-ს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ორმა დიდმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" საარჩევნო ნომრები დაკარგა. მიზეზად ცესკო-მ დაასახელა ის, რომ მათ უარი თქვეს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. 4 ოქტომბრის ადგილობროვ არჩევნებისთვის კი საარჩევნო ნომრები შემდეგნაირად გადანაწილდა:
N1 - „მამული, ენა, სარწმუნოება";
N2 - „დემოკრატთა ალიანსი";
N3 - „კონსერვატორები საქართველოსთვის";
N4 - „ქართველ ერთობა";
N5 - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო";
N6 - „მესამე გზა";
N7 - „თავისუფალი საქართველო";
N8 - „პატრიოტთა ალიანსი";
N9 - „ძლიერი საქართველო";
N10 - „მემარცხენე ალიანსი";
N11 - „საქართველო";
N12 - „მწვანეთა პარტია";
N13 - „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია";
N14 - „სახალხო ხელისუფლება";
N25 - „გახარია საქართველოსთვის";
N36 - „გირჩი";
N41 - „ქართული ოცნება".
რას აცხადებს ირაკლი კობახიძე
"თბილისის შემთხვევაში, ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება - [თბილისის მერობის საერთო კანდიდატობის] რა გვარებიც ისმის, ერთი - ერთზე კახა კალაძე, მინიმუმ, 60%-ს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას „არავითარი შანსი არ აქვს".
„თქვენ ხედავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში. [დარეგისტრირებული] არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს. არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებულები საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე.
ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ხედავთ როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები?! ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებულები, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერისა და საკრებულოს არჩევნებს.
"რაც შეეხება „ლელო-ძლიერი საქართველოსა" და „გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატებს, რა გვარებიც ისმის, იმის გათვალისწინებით, ერთი - ერთზე რომ ავიღოთ, კახა კალაძე, მინიმუმ, 60%-ს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით. არავითარი შანსი არ აქვს ოპოზიციას. თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური, ყველაფრის გათვალისწინებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე