ნატალია ჯვარიძე
(11.08.2025)

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პარასკევს დაგეგმილ პირისპირ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გამოცდის. შეხვედრამდე კი, ევროპელ ლიდერებს ტრამპთან საუბარი სურთ. გამოცემა „ბლუმბერგი" წერს, რომ ეს მოლაპარაკებები აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის შაბათ-კვირას გამართული ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრების შემდეგ დაიწყება.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ელჩებს მოლაპარაკებების შესახებ კვირას აცნობეს და დღეს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ. მარკ რუტეს თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროცესის შემდეგი ფაზის დაწყება, რუსებზე ზეწოლის განხორციელება, ზუსტად ისე, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი აკეთებდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

ის [პუტინი] კვლავ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს დასავლური ალიანსისთვის. ეჭვგარეშეა. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მას გამოცდის. რაც პარასკევს მოხდება არის ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი პუტინს გამოცდის და ვაქებ მას იმ ფაქტის გამო, რომ ამ შეხვედრას ორგანიზება გაუწია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია.

ცხადია, როდესაც საქმე ეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ცეცხლის შეწყვეტას და იმას, თუ რა მოხდება შემდეგ ტერიტორიებთან, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, უკრაინა უნდა იყოს და იქნება ჩართული. მაგრამ პარასკევს მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი პუტინი. და ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, არის პრეზიდენტი ტრამპი.

ამიტომ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა შედგეს. ეს არ იქნება საბოლოო სიტყვა ამ საკითხზე. ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. რა თქმა უნდა, უკრაინა და ევროპა უნდა ჩაერთონ", - აღნიშნა რუტემ CBS News-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი, როდესაც მან იმ ფონზე, როდესაც რუსეთს უკრაინის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, პარასკევს განაცხადა, რომ „რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება და ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება", ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა :

„ცხადია, როდესაც რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები/ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დისკუსია გაიმართება, ეს იქნება ერთი მხრივ, უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, მეორე მხრივ კი ის, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ფაქტობრივი სიტუაცია, რომ რუსებს ამჟამად უკრაინის ტერიტორია აქვთ დაკავებული.

აქ უმნიშვნელოვანესია, რომ როდესაც საქმე უკრაინის ტერიტორიის ამ კონტროლს ეხება, შესაძლოა არსებობდეს ფაქტობრივი სიტუაცია, რომ ისინი ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ვერასდროს ვერ მივიღებთ ამას იურიდიული გაგებით, ანუ დე იურე გაგებით. ასე რომ, თუ პუტინი სერიოზულად არის განწყობილი, იმედია, ყველა ეს საკითხი პარასკევის შემდეგ განიხილება და პუტინმა ზელენსკისთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის ვალდებულება უნდა აიღოს.

მას ამის გაკეთება პრეზიდენტ ტრამპის მეშვეობით არ შეუძლია. საბოლოო ჯამში, როგორც თავად პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ეს უნდა იყოს სამმხრივი საუბარი, სულ მცირე, ევროპელების აქტიურად ჩართულობით", - აღნუშნა რუტემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აფასებს ევროპისა და აშშ-ს პოზიციებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ევროპა ფაქტობრივად, ყველა თამაშიდან გარიცხულია.

„როგორც ვიცით, უიტკოფის კრემლში შეხვედრების შემდეგ ტრამპმა რამდენიმე დასავლელ ლიდერს დაურეკა და ამცნო, რომ პუტინს შეხვდებოდა. შემდეგ გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები უკრაინასა და რუსეთს შორის მიწების გაცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ, სამწუხარო ინფორმაციაა, რომ რუსეთი ითხოვს აღმოსავლეთით უკრაინის ოთხივე რეგიონისა და ყირიმის აღიარებას დეფაქტოდ, ასევე უკრაინის ნეიტრალურ ქვეყნად გამოცხადებას, რაც ბუნებრივია ეწინააღმდეგება, როგორც უკრაინის, ასევე მისი დასავლელი მოკავშირეების ინტერესებს.

რაც შეეხება ტრამპისა და ევროპელი ხელმძღვანელების შემდგომ კომუნიკაციებს, ეს უკვე განახორციელა ჯეი დე ვენსმა და მას შეხვედრები ჰქონდა, როგორც ევროპელ, ასევე უკრაინის წარმომადგენლებთან. უკვე გაჟღერებულია, რომ აშშ საკუთარ თავზე აღარ აიღებს უკრაინის დახმარებას და სამხედრო შეიარაღების გაგზავნას უკრაინაში და თუ ეს ევროპელებს სურთ, თავად გააგრძელონ.

აქ უფრო აქტიურად ჩნდება ის გზავნილები, რომ ამერიკის გადასახადების გადამხდელები იმ ომს არ უნდა აფინანსებდნენ, რომელიც აშშ-ს ინტერესებს საერთოდ არ ეხება. ჩვენ ვართ იმ მოვლენის მომსწრენი, როცა ხდება ე.წ. გეოპოლიტიკური მკლავჭიდი ტრამპსა და ევროპელი ლიდერების ცალკეულ წევრებს შორის.

ის, რომ ევროპის ტოპ დიპლომატი კაია კალასი გადის კოლეგებთან კონსულტაციებს და ცდილობს რაღაც ალტერნატიული წინადადებები შემოიტანოს, რეალობა აჩვენებს, რომ ტრამპს ესენი არ აინტერესებს და არაერთხელ დაამტკიცა.

სახეზე გვაქვს ძალიან ბევრი გეოპოლიტიკური ცვლილებები. მრავალპოლარულ სამყაროში ძალიან ღრმად სურთ თავის დამკვიდრება ვაშინგტონს, მოსკოვსა და პეკინს და ამ დიდი ჭადრაკის დაფიდან გამორიცხული არის ევროკავშირი",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე