ნატალია ჯვარიძე
(10.08.2025)

რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზეა დაგეგმილი. შეხვედრას შეიძლება უკრაინის პრეზიდენტიც დაესწროს. თუმცაღა მთავარია ომის შეწყვეტის გეგმის შინაარსი - რისი დათმობა მოუწევს მხარეებს და განსაკუთრებით უკრაინას. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია ორი გეგმა და წინასწარ ძნელი სათქმელია, რომელ ვერსიაზე შეთანხმდებიან მხარეები და საერთოდ, მოხერხდება შეთანხმება თუ არა.

„როიტერი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 15 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დასწრების შესაძლებლობა არსებობს.

„ეს საკითხი განხილვის პროცესშია", - აღნიშნა ანონიმურმა წყარომ.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი მზადაა სამმხრივი შეხვედრისთვის.

ტრამპის გეგმა

პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების დეტალები არ გამოცხადებულა, თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს გულისხმობს „ტერიტორიების გარკვეულ გაცვლას ორივე მხარის საკეთილდღეოდ". შესაძლოა, ეს უკრაინისგან მოითხოვდეს თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილების დათმობას, რაც, ზელენსკის და მისი ევროპელი მოკავშირეების თქმით, მხოლოდ რუსეთის აგრესიას წაახალისებს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის გაყოფის მეორე მცდელობის უფლებას არ მისცემენ.

„პუტინის ტაქტიკას ყველა კარგად ხედავს: მას სანქციების ეშინია და ყველაფერს აკეთებს, რათა ისინი აირიდოს. მას ომში, მკვლელობებში პაუზის, ჩვენი მიწის ოკუპაციის ლეგალიზებაში გაცვლა სურს.

„უკვე მეორედ სურს ტერიტორიული მონაპოვარის მიღება. მას ყირიმის აღების საშუალება მისცეს, ამან კი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ოკუპაცია გამოიწვია. მან პრენევციული დასჯა არ მიიღო, როდესაც კონტინგენტს აგროვებდა ჩვენს საზღვრებთან - ამან ფართომასშტაბიანი ომი და უკრაინის დამატებითი ნაწილების ოკუპაცია გამოიწვია.

„ახლა პუტინს სურს, რომ მას ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ. უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობას რუსეთს ამ მივცემთ. რუსეთს ვიცნობთ - სადაც მეორე, იქ მესამეცაა. ამიტომ მყარად ვდგავართ მტკიცე უკრაინულ პოზიციებზე. ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დავასრულოთ, რომელიც უსაფრთხოების მტკიცე, სანდო არქიტექტურას დაეფუძნება. პარტნიორები მზად არიან ამაში დაგვეხმარონ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს „მაქსიმალურად ძვირად სურს სიკვდილის შეჩერების გაყიდვა".

„მნიშვნელოვანია, რომ ამან არავინ არ მოატყუოს. საჭიროა არა მკვლელობებში პაუზა, არამედ რეალური ხანგრძლივი მშვიდობა. არა ცეცხლის შეწყვეტა ოდესღაც მერე, თვეების შემდეგ, არამედ დაუყოვნებლივ. პრეზიდენტი ტრამპი ასე მეუბნებოდა და ამას სრულად ვუჭერ მხარს," - განაცხადა ზელენსკიმ.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, რუსეთი კატეგოირულად ითხოვს უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპაციას. მისივე ვარაუდით, ამის შემდეგ, შეიძლება, რუსეთი უკრაინის ევროკავშირიში გაწრვიანებას დათანხმდეს.

„როგორც ჩანს, აქ საუბარია იმაზე, რომ პუტინმა ფაქტობრივად, უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია. აქ შედის ოთხი რეგიონი - ლუგანსკი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ხერსონის. პრინციპში, აქ ითვლება ხარკოვის და სუმის რეგიონებიც. გამორიხული არაა, პუტინმა წამოაყენოს წინადადება, რომ სუმში შეიქმნას უსაფრთხოების ზონა, ანუ ისეთივე, როგორიც თურქეთმა გააკეთა სირიაში და ისარელმა ლიბანში. ეს იქნება ე.წ. რუხი ზონა, სადაც არც რუსი და არც უკრაინელი შეიარაღებული ძალები არ იქნებიან განთავსებული. ეს იმიტომ, რომ შემდგომ უკრაინელებმა არ განახორციელონ ისეთივე ოპერაცია, როგორც კურსკისა და ბელგოროდის მიმართულებით გააკეთეს. სავარაუდოდ, ეს არის პუტინის გეგმა.

„პუტინი ფაქტობრივად, აბრუნებს იმ ტერიტორიას, რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს - დნეპროპეტროვსკის რეგიონი, ალბათ ეს არის სუმი. სამაგიეროდ ის ითხოვს, რომ უკრაინელებმა დატოვონ ხერსონის, ზაპოროჟიეს და დონეცკის რეგიონები. პრინციპში, უკრაინელები მხოლოდ დონეცკის რეგიონში აკონტროლებენ სამ ადგილს - კონსტიანტინოვკა, სლავიანსკი და კრამატორსკი. შესაბამისად, პუტინი ჩქარობს, რომ ისინი დაიკავოს. ლუგანსკი მთლიანად ოკუპირებულია რუსების მიერ.

„გეგმის მიხედვით, ამ სამ რეგიონიდან უკრაინელებს თავიანთი შეიარაღებული ძალები გაჰყავთ და რუსები შედიან. ხოლო რუსები გამოდიან იმ ტერიოტორიებიდან, რომლებიც უკრაინის სხვა რეგიონებში აქვთ ოკუპირებული. სავარაუდოდ, პუტინი სუმის რეგიონში ე.წ. რუხი ზონის შექმნას მოითხოვს. ეს არის პუტინის გეგმა. რამდენად დათანხმდება ამას ტრამპი, არ ვიცი, თუმცა ტრამპს ეჩქარება ნობელის პრემიაზე წარდგენა. ამიტომ გამორიცხული არაფერია", - აღნიშნა მაისაიამ.

უკრაინისა და ევროპის გეგმა

უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი" ორ ინფორმირებულ ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინადადება შაბათს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე შეხვედრაზე იქნა წარდგენილი. ამერიკელების მხრიდან მასში მონაწილეობდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლები სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი.

წყაროების ცნობით, კიევისა და ევროპელი მოკავშირეების წინადადება აუცილებელ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს ნებისმიერ სხვა ნაბიჯებამდე და რაიმე სახის „ტერიტორიების გაცვლას" მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე - თუ უკრაინა ზოგიერთი რეგიონიდან გაიყვანს თავის ძალებს, რუსეთმა სხვა რეგიონებიდან უნდა გაიყვანოს თავისი ძალები.

„არ შეიძლება პროცესის დაწყება საბრძოლო ქმედებების შუაგულში ტერიტორიის დათმობით", - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.

გარდა ამისა, ამ გეგმის თანახმად, კიევის მხრიდან ნებისმიერი ტერიტორიული დათმობები უსაფრთხოების მყარი გარანტიებით უნდა იყოს გამაგრებული - კერძოდ, ნატო-ში უკრაინის პოტენციური წევრობით.

წყაროების თქმით, გეგმის მიზანია, რომ ევროპამ და უკრაინამ საერთო წითელი ხაზი გაავლონ, რომელიც რუსეთთან ნებისმიერ პოტენციურ მოლაპარაკებებს უნდა ეხებოდეს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ევროპის წარმომადგენლებმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს განუცხადეს, რომ არ შეიძლება უკრაინის მომავლის უკრაინის გარეშე განხილვა და ევროპა გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღისა და სახსრების გაგზავნას აშშ-ის პოზიციის მიუხედავად.

ვახტანგ მაისიას აზრით, სავარაუდოდ, უკარინა-ევროპის გეგმას პუტინი და ტრამპი არ მიიღებენ.

„სავარაუდოდ, უკრაინა-ევროპის გეგმა არის ის, რომ რუსეთმა ოთხივე რეგიონიდან უნდა გაიყვანოს ჯარები, ყირიმზე გაიყინოს მოლაპარაკებები და მერე მოლაპარაკების მეშვეობით უკრაინამ შეძლოს ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნება. სავარაუდოდ, ტრამპი და პუტინი ამაზე კატეგორიულად არ წავლენ. ალბათ, ტრამპი ფიქრობს, რომ ტერიტორიების გაცვლა ოპტიმალური გამოსავალია, რადგან მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და რუსეთს შორის", - თქვა მაისაიამ.

რა მოხდება საბოლოოდ

ვახტანგ მაისაიას უჭირს თქმა, საბოლოოდ როგორ შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკება, მაგრამ რამდენიმე ვერსიას არ გამორიცხავს.

„როგორც ჩანს, რუსებს მზაკვრული გეგმა აქვთ. დავუშვათ, შეთანმხმებას მიაღწიეს - როცა ტრამპი პრეზიდენტი აღარ იქნება, მერე უკვე რუსეთის პრეზიდენტი თუ ისევ პუტინი იყო, მოახდენს დეზავუირებას. იქამდე თავიანთ შეიარაღებულ ძალებში რეფორმებს ჩატარებენ, ანუ მოემზადებიან და 2028 წელს, როცა ტრამპი პრეზიდენტი აღარ იქნება, პუტინი იტყვის - მე ტრამპთან მოვაწერე ხელი და გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომს.

„არის კიდევ ერთი ვარიანტი - რომ თითქოს რუსეთი თანახმაა, უკრაინა ნატოში შევიდეს, რაც ძალიან მეეჭვება. არ მგონია პუტინი ამაზე წავიდეს, მაგრამ შეიძლება მან თანხმობა განაცხადოს ევროკავშირში უკრაინის წევრობაზე. პუტინი კატეგოტრიულად ითხოვს იმ ოთხი რეგიონის დასაკუთრებას. რთული სათქმელია საბოლოოდ რა მოხდება, თუმცა ეს ვარიანტები განიხილება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე