თამთა ჩაჩანიძე
(10.08.2025)

„ნაცმოძრაობამ“ საარჩევნო ნომერი დაკარგა, პარტია 20 წელზე მეტია ყველა არჩევნებში N5-ით გამოდის და ფაქტიურად, ეს თავის ერთგვარ ბრენდადაც აქცია. რამდენიმე დღის წინ ენმ-მ და „კოალიციამ ცვლილებებისათვის“, რომელთაც 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული, ცესკოს ოფიციალურად მიმართეს საარჩევნო ნომრები შენარჩუნების თხოვნით, თუმცა, 9 აგვისტოს ცესკო-მ მათი ნომრები ლოტოტრონის პრინციპით გაანაწილა და სხვა პარტიებს მიაკუთვნა. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით მსგავსი რამ 13 წლის წინ თავად ხელისუფლებაში მყოფმა ენმ-მ გაუკეთა „ქართულ ოცნებას“.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ნომრის ჩამორთმევა ამომრჩეველთა იმ ნაწილში შეიტანს დაბნეულობას, რომლებიც არ არიან ინფორმირებულები, თუ ვინ იღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა. კონსტიტუციონალისტების თქმით კი, კანონი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და ამ პარტიებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისას ნომრების დაბრუნების საშუალება მიეცემათ. 

ცესკო-მ შაბათს გამართულ სხდომაზე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. საარჩევნო ნომრები ასევე დაკარგეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ (N1) და „ევროპულმა საქართველომ“ (N2). როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის არ მიუმართავთ. 

თვითმმართველობის არჩევნებზე, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ნომრები შეუნარჩუნდათ „პატრიოტთა ალიანსს“, „ძლიერ საქართველოს“, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“.

ამავე დღეს გამართული წილისყრის საფუძველზე, 4 ოქტომბრის არჩევნებზე N5-ით „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო N4-ით - „ქართველ ერთობა“. 

ენმ-სა და “ახალში ნომრების დაკარგვას არასამართლიანად მიიჩნევენ, თუმცა დასძენენ, რომ „როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება“, ნომრები „პატრონებს“ დაუბრუნდებათ. 

2012 წლის პრეცედენტი

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ თავის ნომრად „7“ ჰქონდა არჩეული. მათ სწორედ ამ ნომრით დაიწყეს საარჩევნო კამპანია, დაბეჭდეს შესაბამისი ბუკლეტები და პლაკატები, დაარიგეს მაისურები და ა.შ. თუმცა, მაშნდელმა ცესკო, 2012 წლის 20 აგვისტოს „ოცნებას“ საარჩევნო ნომრად მიენიჭა „41“.  

მაშინდელი ცესკო-ს განმარტებით, „იმისთვის, რომ საარჩევნო ბლოკს დაეტოვებინა მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი (7), ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონოდა მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განსაზღვრულიყო წილისყრით“. „ქართულ ოცნებაში“ ცესკოს ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და საარჩევნო კანონის ინტერპრეტირებაშიც დასდეს ბრალი.

ცესკო-ს გადაწყვეტილების მიზეზები

დღევანდელი ცესკო-ს მიერ 9 აგვისტოს სხდომასთან დაკავშრებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგისტრაციის ნომერი მხოლოდ ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას შეუნარჩუნფდა, დანარცენებს კი წილისყრით მიენიჭათ. 

„4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა - 17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო პროცედურის დაცვით, ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება, ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით.

„კანონმდებლობის თანახმად, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრის შენარჩუნება დაკავშირებული იყო რამდენიმე ფაქტორზე - მათ შორის, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა ჰქონოდა შესაბამისი უფლებამოსილება;

„ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მიემართა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არაუგვიანეს 17 ივლისისა და ასევე უნდა მიემართა საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არაუგვიანეს 8 აგვისტოს 18:00 საათისა.

„ამგვარი უფლებამოსილება 7 პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდა, თუმცა, მათგან ორმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის არ მიმართა.

„შესაბამისად, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა მხოლოდ 5 პოლიტიკურ გაერთიანებას, დანარჩენებს კი მიენიჭათ წილისყრით“, - წერია განცხადებაში.

როგორ იმოქმედებს ნომრების ჩამორთმევა ამომრჩეველზე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება ელექტორატის დასაბნევად.  

„ეს არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნომერი 5 „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება. ამას „ქართული ოცნება“ მარტივი მიზეზის გამო აკეთებს - რომ დაბნეულობა შეიტანოს ამომრჩეველში. იქნება ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც არჩევნებზე მივა და თუ არის „ნაციონალების“ მხარდამჭერი, ის ყველა ვარიანტში N5-ს შემოხაზავს.

„რაიმე სერიოზული სამართლებრივი საფუძველი ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა არ აქვს. უფრო ლაპარაკია გაუთვითცნობიერებელ ამომრჩეველზე, რომლამდეც ხმას ენმ ვერ მიაწვდენს. ეს ძალიან მარტივი გადასამოწმებელი იქნება, რადგან შედეგების მიხედვით გამოჩნდება ამ ახალმა „N5“-მა  ხმების რა რაოდენობა აიღო. არც ვიცი ვინ არიან და არ მგონია, რომ საქართველოში ვინმემ იცოდეს იმ პარტიებზე, რომელსაც „4“ და „5“ მიენიჭა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

რამდენად სამართლიანია ცესკო-ს გადაწყვეტილება

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ კანონი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რის მიხედვითაც, თუ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა, მისი ნომერიც მოხვდება გათამაშებაში და  შესაძლოა მათი ნომრებიც ჩაიყაროს გათამაშებაში, ვინც კონკრეტულ არჩევნებში არ მონაწილეობს.

„პარტიას უფლება აქვს შეინარჩუნოს თავისი ნომერი, ან აირჩიოს ისეთი, რომელიც ჯერ განაწილებული არ არის. არჩევანის უფლება კი განისაზღვრება შემდეგი რიგითობით -  ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ვინც ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღო, მერე ამ დაფინანსებაში მეორე ვინ იყო,  მესამე და ა.შ. 

„ასევე წერია, რომ თუ რომელიმე პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა, მაშინ მისი ნომერი გათამაშებაში მოხვდება. როგორც ჩანს, აქ ხდება ინტერპრეტირება იმისა, რომ თუ პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდა, ესე იგი არჩევნებში ეს პარტია არ მონაწილეობს და მისი ნომერიც შეიძლება გათამაშედეს. ამ შემთხვევაშიც კი, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ამ ორ პარტიას უფლება ექნება მოითხოვონ თავიანთი ნომრები, რადგან ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგები. 

„ბოლო არჩევნების შედეგები საეჭვო კია, მაგრამ ეს შედეგები ისეთია, რომ ამ ორ პარტიას საარჩევნო ზრურბლი აქვს გადალახული, მათ დაფინანსების უფლება მიიღეს, თუმცა უარი თქვეს დაფინანსებაზე. აქ ისევ ინტერპრეტაცია დაიწყება, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ პარტიამ მიიღო დაფინანსების უფლება, ეს უკვე მას საშუალებას აძლევს, რომ ნომერი აირჩიოს. 

„ჩვენთან ნომერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან უფრო ადვლი დასამახსოვრებელია, ვიდრე პარტიის სახელი, თორემ თუ პარტია არჩევნებში არ მონაწილოებს, მაშინ ის ნომერი, რომელიც მას ჰქონდა, რატომ უნდა ჰქონდეს საშვილიშვილოდ რომელიმე კონკრეტულ პარტიას? 

„სიმართლე გითხრათ, ამას ამხელა მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, თუმცა ფსიქოლოგიური მომენტი არის ის, რომ უფრო ადვილად დამახსოვრებადია. 

„საპარლამენტო არჩევნების დროს მათ უფლება ექნებათ კვლავ თავისი ნომერი მოითხოვონ, რადგან ნომრის არჩევის პრივილეგია განისაზღვრება საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით. 

„ანუ ამ არჩევნებში ამ ნომრით მიიღებს მინაწილოებას ის, ვინც წილისყრის დროს ეს ნომერი ამოიღო, მაგრამ ისინი ამ ნომერს ვერ შეინარჩუნებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დროს, თუ ამ ორმა პარტიამ (ენმ და „კოალიცია ცვლილებებისათვის“) თავისი ნომრის შენარჩუნება მოინდომა“, - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე