თამთა ჩაჩანიძე
(09.08.2025)

ისტორიული დღე სამხრეთ კავკასიისთვის - 8 აგვისტოს თეთრ სახლში აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა სამი მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წლიან კონფლისტს დაასრულებენ ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივით, ზანგეზურის დერეფანს კი აშშ განავითარებს. ამასთან, ვაშინგტონი ერევანსა და ბაქოსთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას აანონსებს.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა, აშშ-ის შუამავლობით, ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება მოახდინეს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენენ.

ამავე დოკუმენტებით ლიდერები მინსკის ჯგუფის დაშლას ითხოვენ, რომელიც 1992 წელს შეიქმნა, რათა შუამავლობა გაეწია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი, რუსეთი და აშშ.

ამას გარდა გაფორმდა აშშ-აზერბაიჯანისა და აშშ-სომხეთის მემორანდუმი. როგორც წინასწარ ცნობილი იყო, შედგა შეთანხმება ე.წ. ზანგეზურის კორიდორის გახსნაზე, რომელსაც ამიერიდან ოფიციალურად „ტრამპის კორიდორი" ეწოდება.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნების პოზიციას, თურქეთისა და საქართველოს საგარეო უწყებები ისტორიულ შეხვედრას მიესალმებიან, რომელიც „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია".

რუსეთი ჯერჯერობით დუმს.

ირანის საგარეო უწყებამ კი კრიტიკული განცხადება გაავრცელა:

„გამოვთქვამთ შეშფოთებას ნებისმიერი უცხოური ჩარევის უარყოფითი შედეგების შესახებ, განსაკუთრებით ჩვენს საერთო საზღვრებთან ახლოს, რამაც შეიძლება რეგიონის გრძელვადიან უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ზიანი მიაყენოს".

ამასთან, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი უახლოეს დღეებში სომხეთში გეგმავს ჩასვლას.

თსუ-ს პროფესორი კორელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობა დგება.

„რუსეთი და ირანი თამაშგარე მდგომარეობაში არიან. ირანი ბოლო მოვლენების გამო იმდენადაა დასუსტებული, რომ რეაგირების თავიც არ ჰქონდა, რუსეთი კი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, სამხრეთ კავკასიას ყურადღებას ვერ აქცევს, მით უმეტეს აზერბაიჯანსა და სომხეთთან თავისი გართულებული ურთიერთობის ფონზე. ახლა რუსეთის მიზანია როგორმე საქართველოში მოახდინოს კონსოლიდაცია, რომ მის საყრდენად დარჩეს. თუ სომხეთმა ეს კურსი გააგრძელა, არაა გამორიცხული რუსული ბაზების გაყვანის საკითხიც დადგეს.

„ესაა ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში,სადაც რუსული გავლენები მცირდება. გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ერთადერთი საქართველოა აცდენილი, რომელიც თვითიზოლაციის რეჟიმშია, რასაც შიდაპოლიტიური კრიზისი და ხელისუფლების ანტიდასავლური ქმედებები ხელს უწყობს. თურმე დასავლეთსაც შეუძლია მშვიდობის მოპოვებაში დაეხმაროს რეგიონს და ეს სწორედ აშშ-ის მეშვეობოთ მოხდა. ის, რომ დასავლეთს ჩვენი ომში ჩართვა უნდა, ამას ეწინააღმდეგება ეს მაგალითი - აშშ, ევროკავშირი და სხვები რეგიონის სტაბირულობით არიან დაინტერესებული", - განაცხადა კაკაჩიამ.

სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

როგორც აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ამბობენ, 35-წლიანი კონფლიქტი თეთრ სახლში სამშვიდობო მემორანდუმით დასრულდა, რასაც მხარეები დიდ მიღწევად აფასებენ და ვალდებულებას იღებენ, რომ „სამუდამოდ შეწყვეტენ ნებისმიერ საბრძოლო მოქმედებებს", გახსნიან ვაჭრობას, დიპლომატიურ ურთიერთობებს, მოგზაურობას და „პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".

შეხვედრაზე ითქვა, რომ „მოგვარდა არსებული პრობლემა, რომელიც წინა მოლაპარაკებებს შლიდა" ბაქო-ერევანს შორის. ამასთან, ზანგეზურის სატრანზიტო სივრცე აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს წვდომა ჰქონდეს მის ანკლავ ნახიჩევანთან, „ამავდროულად სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტს".

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ამ ისტორიულ შეთანხმებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც შეეცდებიან მის განხორციელებას ხელი შეუშალონ.

„ისტორიული შეთანხმებაა, ბევრი ამას არ ელოდებოდა კონფლიქტის სირთულიდან გამომდინარე. შესაძლოა ჩაითვალოს, რომ ესაა გარღვევის მცდელობა. მართალია, ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მისი შესრულება, სხვადასხვა მიზეზებით, ერთი ან მეორე მხრიდან, ბოლომდე ადვილი არ იყოს.

„წესით, ურთიერთობების ნორმალიზება უნდა დაიწყოს - საზღვრების გახსნა, ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. თურქეთმაც უნდა გახსნას სომხეთთან საზღვარი, რაც სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს გაზრდის და ექნება ალტერნატივა საქართველოს გარდა დასავლეთისკენ და ეს საქართველოზე სომხეთის დამოკიდებულებას შეამცირებს. სატრანზიტო გზა თუ განხორციელდა, ეს ამ პროექტში ჩართულებს საგრძნობ ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს, გარდა რუსეთისა და ირანისა, რომლებიც თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ.

„ხელშეკრულება ფაქტიურად გამორიცხავს სამხედრო მოქმედებებს ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ ზუსტად არ ვიცით ამ სურვილებიდან რეალურად რამდენი განხორციელდება, რადგან ორივე ქვეყანაში არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც ბოლომდე არ მოსწონთ ეს ხელშეკრულება, განსაკუთრებით სომხეთში. ასევე არიან გარე ძალები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან, რომ ეს გამოიყენონ", - ამბობს კაკაჩია.

აშშ-აზერბაიჯანის შეთანხმება

აშშ-აზერბაიჯანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანია სამუშაო ჯგუფის შექმნა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემუშავებისთვის, რომელსაც, შესაძლოა, უახლოეს თვეებში მოეწეროს ხელი. პარტნიორობა რამდენიმე მიმართულებებს მოიცავს - რეგიონული კავშირები, მათ შორის ენერგეტიკა, ვაჭრობა და ტრანზიტი, ინვესტიციები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ინფრასტრუქტურა; თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის თავდაცვის სფეროში გაყიდვები და ტერორიზმთან ბრძოლა.

შეთანხმების თანახმად, აშშ აზერბაიჯანთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე 1992 წელს დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის. აშშ-მა 1992 წლის თავისუფლების მხარდაჭერის აქტის ნაწილი გააუქმა, რომელიც ზღუდავდა აზერბაიჯანის მთავრობის პირდაპირ დახმარებას სომხეთთან დავის გამო.

სტრატეგიული სამუშაო ჯგუფი განიხილავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა რეგიონული კავშირის ინფრასტრუქტურის გაფართოება და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციები, რეგიონული ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება.

კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ აზერბაიჯანისთვის შეთანხმება მნივნელოვანია.

„1992 წლის შეზღუდვის მოხსნა აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია, ახლა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის აღარ არსებობს დაბრკოლებები, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე, რაც ამერიკულ ინვესტიციებს გზას გაუხსნის და ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას ხელს შეუწყობს.

„ტრამპის ადმინისტრაციის პროორიტეტი სამხრეთ კავკასია არაა, მაგრამ პერსონალურად ტრამპისთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი ერთ-ერთი სურვილია ნობელის პრემია მიიღოს", - განაცხადა ანალიტიკოსმა „რეზონანსთან".

აშშ-სომხეთის შეთანხმება

ამ შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აშშ-სომხეთის მემორანდუმია, რითაც აშშ-მა ზანგეზურის დერეფნის განვითარების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა 99 წლით. ზანგეზურის დერეფანი აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს, ნახიჩევანს შორის დამაკავშირებელი მონაკვეთია, რომელიც სომხეთის პროვინცია სიუნიქზე გადის.

შეთანხმების თანახმად, კორიდორი სომხეთის იურისდიქციაში რჩება, მაგრამ მას ამერიკული კონსორციუმი გააკონტროლებს და „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი" დაერქმევა. აშშ მიწას ქვეიჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც დერეფნის გასწვრივ განავითარებს რკინიგზის, ნავთობის, გაზის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის და, შესაძლოა, ელექტროენერგიის გადაცემის ხაზებსაც.

კორნელი კაკაჩიას თქმით, „ტრამის მარშრუტთან" დაკავშირებით ბევრი კითხვაა, რომელთა პასუხის გაცემას დრო დასჭირდება.

„აქ ბევრი შეკითხვებია - კონკრეტულად როდის განხორციელდება და რომელ კომპანიას გადაეცემა. ეს ტექნიკური დეტალებია, რომელსაც დრო დასჭირდება, მაგრამ თუნდაც ის, რომ ასეთი გზა გამოიძებნა, რომელიც ყველას აკმაყოფილებს, თან აშშ-ის ჩართულობა, ამას მნიშვნელოვან სტრატეგიულ წონას მატებს",- განაცხადა კაკაჩიამ.

სამმხრივი განცხადებები

„დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას კავკასიაში, რაც ახალ, დიდებულ შესაძლებლობებს გახსნის არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის", - განაცხადა თეთრ სახლში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სომხეთთან სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმების დროს.

ალიევის დარწმუნებულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი „იპოვიან სიმამაცეს შესარიგებლად" და დაპირისპირების ისტორიას უკან მოიტოვებენ. მან აშშ-სთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ისტორია იწერება, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა იწყება. მისი თქმით, „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია რამდენიმე თვეში შეუშავდება".

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სამხრეთ კავკასიაში იწყება მშვიდობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ეტაპი". „ტრამპის მარშრუტი" კი „მთელი რეგიონისთვის სტრატეგიულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გახსნის და ხანგრძლივ სარგებელს მოიტანს. ეს ხელს შუწყობს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, გააძლიერებს რეგიონულ დაკავშირებადობას".

აშშ-ს პრეზიდენტმა კი ორ ქვეყანას შეთანხმება მიულოცა.

„ისინი შეძლებენ იცხოვრონ და იმუშაონ ერთად. ეს შესანიშნავია. სომხეთი ასევე ქმნის ექსკლუზიურ პარტნიორობას აშშ-თან, რომელიც, შესაძლოა, 99 წლამდე გაგრძელდეს და შემდეგ კიდევ გვპირდებიან გაგრძელებას. ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამერიკული კომპანიების მიერ. მათ ძალიან სურთ ამ ორ ქვეყანაში შესვლა და ბევრი ფულის დახარჯვა, რაც ეკონომიკურად სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყანას. ჩვენ ასევე ვაუქმებთ შეზღუდვებს აზერბაიჯანთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობაზე", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე