აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო კვირის დასაწყისში, ევროპაში გაიმართოს, - ინფორმაციას Fox News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, შეხვედრის სავარაუდო ადგილად რომი განიხილება.
„მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ Fox News-ს განუცხადა, რომ შეხვედრა მომავალი ორშაბათისთვის მზადდება და რომი შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო ადგილია", - წერს გამოცემა.
პარალელურად კი, რუსულმა სააგენტო TASS-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რომი არ იქნება პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის ადგილი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპა შეხვედრის შესაძლო ადგილად განიხილებოდეს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვარაუდობს, რომ ვინაიდან ეს შეხვედრა დაიგეგმა, დადებითი მოლოდინი უნდა გვქონდეს.
„ტრამპისა და პუტინის შეხვედრის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა 20 იანვრის შემდეგ მრავალგზის განცხადებები, როგორც ვაშინგტონიდან, ისე მოსკოვიდან, რომ მოლაპარაკება გაიმართებოდა იმ შემთხვევაში, თუკი შედეგებისკენ მიმართული იქნებოდა. როგორც ჩანს, ეს შედეგები უკვე მომწიფებულია და ამას ბიძგი მისცა ტრამპის წარმომადგენელის, უიტკოფის ვიზიტმა კრემლში.
საგულისხმოა ასევე ის, რომ გუშინ რუსულ მედიაში გავრცელდა უშაკოვის კომენტარი, სადაც მან თქვა, ვაშინგტონში მიიღეს ისეთი შეთავაზება, რაც რუსეთისთვის მისაღებია. ახლა დიდი რებუსია, რა შეთავაზებაა - ეხება ეს მხოლოდ უკრაინას, თუ ამაში უნდა გავითვალისწინოთ გლობალური გავლენების გადანაწილების მომენტები, რაც ხშირად ხდება ასეთი ზესახელმწიფოების მხრიდან.
ბუნებრივია, მოლოდინები მაღალია. თუმცაღა უკრაინის შემთხვევაში თითქმის წარმოუდგენელია, კრემლმა რაღაც დათმოს. ასევე, აქ ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა, რასაც პუტინი გამუდმებით იმეორებს, რომ ის სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს მოაწერს უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ეს როგორ მოხდება. ის, რომ ეს შეხვედრა თითქმის მზად არის, მიანიშნებს იმაზე, რაღაც მომწიფდა და ორი პრეზიდენტის უშუალო შეხვედრის შემდეგ გამოცხადდება",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე