მარიამ ვეკუა
(07.08.2025)

სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები უკვე აშშ-ში არიან. მათი მოლაპარაკება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით 8 აგვისტოსაა დაგეგმილი და სავარაუდოდ, მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიზანიც, როგორც დასავლური მედია წერს, „მშვიდობისკენ მიმავალი კონკრეტული გზის" შექმნა იქნება. საკვანძ საკითხი ზანგეზურის დერეფანია, რომელიც, წინასწარი შეთანხმებით, აშშ-ის კონტროლის ქვეშ გადავა და ამოქმედდება. ეს ყველაფერი კი სამხრეთ კავკასიაში დღეს არსებული პოლიტიკური რეალობის კარდინალურ შეცვლას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ბაქომ და ერევანმა მიმდინარე წლის მარტში ორმხრივი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობა დაასრულეს. აზერბაიჯანული მხარიდან ხელმოწერის წინაპირობას სომხეთის კონსტიტუციის შეცვლა იყო. როგორც ჩანს, ეს წინაპირობა 10 ივლისს აბუ დაბიში ალიევსა და ფაშინიანს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგაც არ გაუქმებულა.

რაც შეეხება ე.წ. ზანგეზურის კორიდორს, ეს აზერბაიჯანის მის ანკლავთან, ნახჭევანთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზაა, ნახჭევანი კი თავის მხრივ თურქეთს ესაზღვრება. შესაბამისად, ამ გზის ამოქმედებით აზერბაიჯანსა და თურქეთს საშუალება ექნებათ პირდაპირი სახმელეთო გზით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

დღეისთვის აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სახმელეთო მიმოსვლა და ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით ხორციელდება, რაც საქართველოს, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი აძლევს და მეორეს მხრივ, ზრდის მის პოლიტიკურ როლს რეგიონში.

ამას გარდა, ზანგეზურის კორიდორი სომხეთ-ირანის საზღვარს მიუყვება. არსებული შეთანხმებით, ეს კორიდორი, მისი ამოქმედების შემთხვევაში, სამართავად გადაეცემა ამერიკულ კომპანიას. კორიდორის უსაფრთხოებას კი ამერიკული კერძო სამხედრო კომპანია დაიცავს. ეს კი, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში ისტორიული პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისი გახდეს.

შესაძლო შედეგები

გასულ თვეს აშშ-ის ელჩმა თურქეთში გააჟღერა იდეა, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად ამერიკული კომპანია ზანგეზურის დერეფანს 100 წლით იჯარით აიღებდა.

ამ პროექტის განხორციელება პირველ რიგში სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების მნიშნელოვნად შესუსტებას ნიშნავს, რადგან რეგიონში უკვე ღიად შემოვა აშშ. ეს კი რეგიონის ყველა ქვეყანაზე და მათ შორის საქართველოზეც აუცილებლად აისახება.

გარდა ამისა, ამ შეთანმებით რუსეთი კარგავს სახმელეთო კავშირს თავის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირე ირანთან.

დერეფნის ამოქმედება ასევე კატეგორიულად მიუღებელია ირანისთვის, რადგან მისი საზღვარი სომხეთთან ამერიკელების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება. შესაბამისად, ირანი ასევე კარგავს გასასვლელს შავი ზღვის ქართულ პორტებზე, რაც მისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

ამის პარალელურად, რეგიონში მნიშნელოვნად გაძლიერდება თურქეთის გავლენა, აზერბაიჯანი კი ფაქტობრივად რეგიონალურ ლიდერად ჩამოყალიბდება.

პოლიტოლოგმა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტმა, დოქტორმა ვაჰე დავთიანმა, ხაზი გაუსვა იმ რისკებს, რომლებიც უკავშირდება ე.წ. ზანგეზურის დერეფანს და მისი სტრატეგიული როლის გაძლიერებას ვაშინგტონის გეოსტრატეგიულ გეგმებში. დავთიანმა აღნიშნა, რომ დერეფნის კონცეფცია აშშ-ის „ანაკონდას სტრატეგიაში" თავსდება, რომელიც მიზნად ირანის იზოლაციას და მისი სატრანზიტო მარშრუტების პარალიზებას ისახავს.

დავთიანის განმარტებით, ეს სტრატეგია ეხმიანება სხვა მსგავს პროექტებს, როგორებიცაა „დავითის დერეფანი" და „ბენ გურიონის არხი", რომელთა მიზანიცაა შეაფერხოს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანის ფუნქციონირება, რომელიც რუსეთს, ირანსა და ინდოეთს აერთიანებს. ამავე დროს, ზანგეზურის დერეფანი აშშ-ს საშუალებას მისცემს შეზღუდოს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის გაფართოება რეგიონში და შეინარჩუნოს გავლენა ევროპა-კავკასია-აზიის საკომუნიკაციო მარშრუტებზე, რაც გავლენას მოახდენს ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე და შეარყევს აშშ-ის, როგორც ენერგეტიკული მიმწოდებლის პოზიციას ევროპაში.

დავთიანმა ასევე აღნიშნა, რომ დერეფანი რუსეთის გეოპოლიტიკურ პოზიციას ასუსტებს, არღვევს მის კავშირებს ირანთან და გამორიცხავს მას ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, რაც სომხეთში რუსული გავლენის შემცირებაზეც აისახება.

სახელი უკვე შერჩეულია

„როიტერსი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აშშ სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს.

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლებს და შეხვედრაზე მხარეები შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც მიზნად „მშვიდობისკენ მიმავალი კონკრეტული გზის" შექმნას ისახავს.

დოკუმენტის თანახმად, სომხეთი გეგმავს, რომ აშშ-ს სატრანზიტო დერეფნის განვითარების გრძელვადიანი ექსკლუზიური უფლება მიანიჭოს. ამასთან, უკვე ცნობილია ზანგეზურის დერეფნის ახალი სახელიც - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP).

„ეს ნაბიჯი, თავისი კომერციული საშუალებებით, რეგიონს გახსნის და მომავალი სამხედრო დაპირისპირებების თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს", - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ოფიციალური პირების თქმით, მარშრუტის ექსპლუატაცია სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება, ხოლო აშშ მიწას ქვეიჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მარშრუტის მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.

მთავრობის პრესსამსახურმა მოკლე განცხადებაში განაცხადა, რომ სამივე ლიდერის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ფაშინიანი ტრამპთან ცალკე მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც „რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული."

განცხადებები ერევანში

ზოგადად, სომხური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილი სომხეთის სიუნიკის პროვინციაში, ირანის საზღვრის გასწვრივ ამ დერეფნის ამოქმედებას ქვეყნის სუვერენიტეტის დაქვეითებად აღიქვამს, რასაც შეიძლება ახალი ტერიტორიული დანაკარგები მოყვეს.

ერევანში აცხადებენ, რომ ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუ რას მოეწერება ხელი ვაშინგტონში. ამის შესახებ ფაშინიანის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ასმიკ აკოფიანმა განაცხადა.

„რაიმე დოკუმენტის ხელმოწერაზე საუბარი არ არის. ჩვენ ველით მკაფიო პროგრესს როგორც სამშვიდობო ხელშეკრულების, ასევე აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებში. დაგეგმილია კონკრეტული შეხვედრები და მხოლოდ ამ შეხვედრებისას გამოიკვეთება, თუ რას მოეწერება ხელი - წინასწარ შეთანხმებას, მემორანდუმს, სამშიდობო შეთანხმებას, თუ რამე სხვას", - თქვა აკოფიანმა.

ედმონ მარუკიანი, ფაშინიანის ყოფილმა მოკავშირე, რომელიც ახლა ოპოზიციურ პარტია „ნათელი სომხეთის" ლიდერია, ვარაუდობს, რომ ალიევი მომავალ სამიტზე ზანგეზურის დერეფნის გახსნას მიაღწევს.

„შემიძლია ვივარაუდო, რომ (ვაშინგტონში) ჩასვლაზე დათანხმების სანაცვლოდ ალიევს სურს ამერიკული მხარის მხარდაჭერის მიღება, რათა მიიღოს თავისი ნანატრი ზანგეზურის დერეფანი", - თქვა მარუკიანმა.

ირანის პოზიცია

ვაშინგტონის შეხვედრის დაანონსების შემდეგ, ირანის უზენაესი ლიდერის უფროსმა მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათიმ ზანგეზურის დერეფნის შესახებ მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა. „იქსზე" გამოქვეყნებულ პოსტში ველაიათიმ გააკრიტიკა გარკვეული მთავრობების მიერ „საკუთარი ინტერესების პრიორიტეტად დაყენება და რეგიონული საკითხების უგულებელყოფა" და განაცხადა, რომ ისინი „ყველა კარს კეტავენ, რადგან სამხრეთ კავკასიაში უკანონო მიზნებს ახორციელებენ".

ველაიათიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის მტკიცე წინააღმდეგობა ამ საკითხში და მხარეები გააფრთხილა, რომ დერეფნის პროექტის განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ირანის, ასევე რუსეთის „სახმელეთო იზოლაცია", რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას.

გარდა ამისა, 7 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უახლოეს ორ კვირაში ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი ოფიციალური ვიზიტით ერევანში ჩავა. ამ ვიზიტის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ ვაშინგტონის შეხვედრა და ზანგეზურის დერეფნის მოსალოდნელი ამოქმედებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე