4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებსა და მოწინააღდეგე ოპოზციონერებს შორის დაპირისპირებამ უკვე ქუჩაში გადაინაცვლა. ოთხშაბათს ღამით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ, რის გამოც მას და პარტიის სხვა წევრებსაც აქციის დატოვება მოუწიათ. ანალიტიკოსები ამ ინციდენტს „ნაცმოძრაობას" უკავშირებენ და მიიჩნევენ, რომ „ლელოს" ორი მხრიდან უწევს თავდასხმების მოგერიება - მმართველი პარტიისგან და ბოკოტის მომხრე ოპოზიციისაგან.
6 აგვისტოს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია შენიშნეს. აქციის მონაწილეების განაცხადებით, მათი უკმაყოფილების მიზეზი „ლელოს" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა - „ლელო" არის კოლაბორანტი პარტია, რომელიც „ქოცებთან" ერთად ჩაირეცხება".
მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და „ლელოს" სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვებაც მოუწიათ. გეგელია ადგილიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.
როგორც თავად გეგელიამ მედიასთან განაცხადა, ადგილი არ ჰქონია არანაირ დაპირისპირებას და „ყველანი ერთ მხარეს დგანან".
პარალელურად აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, რომ მათთან პრობლემა აქვს რუსთაველის გამზირს.
„ჩვენი ძირითადი მიზანი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არის მღელვარება, მაგრამ მე მესმის, არანაირი პრობლემა არ არის, არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, არანაირი მნიშვნელოვანი ექსცესი. განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოზიცია აქვს, გავაგრძელებთ ამ ქვეყნისთვის ბრძოლას. ყველაფერი არის კარგად და იქნება კარგად. არავითარი სხვა სამიზნე და წინააღმდეგობა არ არსებობს და არ იარსებებს. ყველა ადამიანს მინდა ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. განურჩევლად იმისა, თუ ბრძოლის ვის რა ტაქტიკა გვაქვს, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პოლიტიკური შეფასებები
მომხდარს პარტიის „გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი და თბილისის მერობის პოტენციური კანდიდატი გიორგი შარაშიძე გამოეხმაურა.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მომხრეა, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრი იყოს მისაღები. ადამიანებს ჩვენგან რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა ჰქონდეთ, უნდა შევძლოთ კოოპერაცია, საუბარი, თანამშრომლობა. ერთადერთი, ვის წისქვილზეც ასხამს წყალს ეს დაპირისპირება და რადიკალიზმი, სწორედ „ოცნებაა".
ის საქციელი, რაც გუშინ რუსთაველზე ვიხილეთ, ბუნებრივია, არ არის მისასალმებელი. მიუხედავად იმისა, ვინ, რას და როგორ ფიქრობს, მთავარია გამოხატვის ფორმა. ყველას გვაქვს ბრძოლის საკუთარი ტაქტიკა. ჩვენს პოლიტიკურ ძალას პირველივე დღიდან აქვს გაცხადებული, რომ მივდივართ არჩევნების გზით, რადგან მიგვაჩნია, რომ არჩევნების გზით შეგვიძლია „ოცნების" დამარცხება. ვიღაც სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მიზანი საერთოა - „ოცნების" დამარცხება. ყველას მოვუწოდებ, ამ მიზნის გარშემო გავერთიანდეთ. ის ფორმები, რაც რუსთაველზე ვიხილეთ, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. ამდენ ბრძოლაში იმიტომ არ ვართ ჩართული, რომ ერთი „ტიტუშკა" მეორე „ტიტუშკამ" ჩაანაცვლოს. ჩვენთვის მთავარია დიალოგი, ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემა, რაც არ უნდა განსხვავებული პოზიცია გვქონდეს", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის თქმით კი, აქციის მონაწილეებმა პროტესტი გამოუცხადეს არა პიროვნულად გრიგოლ გეგელიას, არამედ „ლელოს" ლიდერების ახირებას ივანიშვილის თამაშში შესვლაზე".
„რუსთაველის გამზირზე ყველა ძალიან კმაყოფილი იქნებოდა, „ლელო" ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებში რომ არ შესულიყო, მაგრამ არაერთი თხოვნის, გაფრთხილების მიუხედავად, ვირზე შეჯდნენ და ბიძინას სპეცოპერაციისკენ დაიძრნენ.
„დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი და „ლელოს" ზოგიერთ წარმომადგენელს ჩემი რიტორიკა განსაკუთრებით აღიზიანებდა - პროტესტის გზა და ე.წ. არჩევნების გზა სხვადასხვაა. „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ" არ გამოვა!",- წერს სანიკიძე.
რაზე მეტყველებს კონფლიქტის ქუჩაში გადასვლა
პაატა ზაქარეიშვილი ამ ინციდენტს „ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს.
„აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა" პანიკაშია, რადგან მათი გეგმა, გაეკრიფათ შუაშისტი ამომრჩეველი, რაც ვერ მოახერხა ივანიშვილმა, ჩაუვარდათ. იმედი ჰქონდათ, რომ თავიანთი დემაგოგიით მოახერხებდნენ ბოიკოტზე წამოეყვანათ გახარია და „ლელო", რათა რამდენიმე წელი განადგურებულები ყოფილიყვნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ხედავენ, რომ საზოგადოება არჩევნებში მონწილეობას ემხრობა და აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ამ ფონზე ისტეტიკაში არიან, ნერვებს ვერ თოკავენ და ებრძვიან ბუნებრივ დემოკრატიულ ინსტიტუტს - ადგილობრივ არჩევნებს.
ეს ინციდენტი მშვენიერი ილუსტრაციაა იმისა, რომ არანაირი განსხვავება არაა „ქართულ ოცნებასა" და „ნაცმოძრაობას" შორის. ასე რომ, ეს არის პანიკი ნიშანი. საზოგადოება უნდა მიხვდეს ვისთან გვაქვს საქმე და უნდა მოვახდინოთ როგორც „ოცნების", ისე ამათი დემონტაჟი. ეს არის კრიზისის ნიშანი „ნაცმოძრაობაში". ისინი ამ ხელისუფლებას კი არ ებრძვიან, არამედ არჩევნებში მონაწილე გახარიას, „ლელოს" და ალბათ „გირჩსაც", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ამგვარი დაპირისპირება ოპოზიციის საბოლოოდ დაღუპვას ნიშნავს.
„მე არ ვიცი ზუსტად ვინ დაუპირისპირდა გეგელიას. ალბათ ეს შიდა კონფლიქტია, რადგან ნაწილი ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილი კი არა. ბოიკოტის მომხრეები პირდაპირ მოღალატეებს უწოდებენ „ლელოს" და გახარია პარტიას. რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება ოპოზიციისთვის საბოლოოდ დამღუპველი იქნება", - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
დაპირისპირება და არჩევნები
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ოპოზიციაში ასეთი განწყობები მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის შანსებზე უარყოფითად იმოქმდებს.
„ოპოზიციის შიგნით ასეთი განწყობები 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად, რასაც „ქართული ოცნება" აუცილებლად გამოიყენებს. „ნაცმოძრაობა" არ არის „ოცნების" დღევანდელი მთავარი მტერი. წულუკიანის კომისიამაც შეცვალა თავისი სახელწოდება და რადგან ისინი ბოიკოტში შედიდნენ, აღარ ლაპარაკობდნენ „ნაცმოძრაობის" აკრძალვაზე და მთელი ყურადღება „ლელოსა" და გახარიაზე გადაიტანეს. ეს არის იმის მტკიცებულება, რომ „ოცნებას" არ უნდა ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ეს ვარიანტი ოპიზიციისთვის კარგი ვარიანტი არ არის" - განაცხადს პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
პეტრე მამრაძეც ასევე ფიქრობს, რომ 6 აგვისტოს ინციდენტი არჩევნებზე ოპოზიციის ისედაც მცირე შანსებს კიდევ უფრო ამცირებს: „მე სულ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, ამ ადამიანებს არავითარი პოლიტიკური მრწამსი, პროგრამა, პრინციპები, იდეები და რეალური მიზნები არ აქვთ. ამათ მხოლოდ ვიწრო, პირადი ინტერესები გააჩნიათ. ამით მოსახლეობის თუნდაც მცირე რაოდენობის ნდობას ვერ მოიპოვებენ".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე