ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პრობლემა გაჩნდა. შეიძლება შეიზღუდოს შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება. ამის ორი მიზეზია - საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური პრობლემები და ასევე უსაფრთხოების საკითხები, რადგან ევროპაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიძლება იყვნენ რუსული დაზვერვის აგენტები. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ თემების წინ წამოწევა შემთხვევითი არ არის და შესაძლოა ამ მიზნით საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.
„საქართველოსთან დამოკიდებულება შეიცვალა. თუ აქამდე თვალს ხუჭავდნენ კრიმინალების ამა თუ იმ ქცევაზე, ვინაიდან ამ მიმართულებით ახალი არაფერია და აქამდეც იყო, ახლა ამაზე ღიად საუბრობენ", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვარშავა განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის.
პოლონური მედია მედიის ინფორმაციით, ტუსკმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის მაისში ვარშავაში გაჩენილ ხანძარში ბრალდებული კოლუმბიის მოქალაქე რუსეთის დაზვერვის დავალებით მოქმედებდა.
პოლონეთის პრემიერის თქმით, ამჟამად განიხილება შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების წესის მოქმედების შეზღუდვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მათ შორის არის საქართველო, სომხეთი, ვენესუელა და კოლუმბია.
ტუსკის შეფასებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები „გასაგები მიზეზებით" უფრო მოწყვლადი არიან რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან გადაბირებისადმი. ტუსკმა ასევე მიუთითა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ „კრიმინალურ პრობლემებზე" და ხაზი გაუსვა, რომ „ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ეროვნული მახასიათებელი, არამედ საკითხი, რომელიც ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს".
მისივე თქმით, პოლონეთი ყველა პირს, რომელიც კანონს არღვევს, ქვეყნიდან გააძევებს.
ცნობისთვის, 29 ივლის პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პოლონეთში დააკავეს 32 პირი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. მათ შორის არიან რუსები, უკრაინელები და ერთი კოლუმბიელი.
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ევროკავშირში ამ არგუმენტებით ცდილობენ გაერთიანების იმ წევრებზე მოახდინონ გავლენა, რომლებიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარს არ უჭერენ.
„აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკა არაევროპულია, დღე არ გავა, რომ ევროპას არ უტევდნენ. შესაბამისად, საქართველოსთან დამოკიდებულება შეიცვალა. თუ აქამდე თვალს ხუჭავდნენ კრიმინალების ამა თუ იმ ქცევაზე, ვინაიდან ამ მიმართულებით ახალი არაფერია და აქამდეც იყო, ახლა ამაზე ღიად საუბრობენ.
ხედავდნენ, რომ „ოცნების" ხელისუფლება ცდილობდა ევროკავშირთან დაახლოვებას, ინტეგრაციას, ახლა რაკი ასეთი ამბებია, კრიმინალის თემა მიჩუმათებული აღარ არის და ცდილობენ აღარ იყოს დაფარული.
ევროკავშირის პოლიტიკა შეიცვალა და ამ ფონზე კრიმინალის თემა უფრო მკაფიო და ხილვადი გახდა. იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩრებას, სპეციალური სამსახურები წარმოადგენენ უფრო საჯარო ინფორმაციას - საქართველოდან ჩამოსული მოქალაქეები რამდენად ჩართულები არიან იმ სახელმწიფოების კრიმინალურ ცხოვრებაში. მე ასე დავინახავდი ამ თემის წინ წამოწევას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ეს მოხდა, ეს თემა ნამდვილად ცუდად იმოქმედებს ისედაც გაფუჭებულ ურთიერთობებზე.
„ტუსკმა ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მან მოიხსენია ქართული კრიმინალური ჯგუფები და მას არ მოუხსენებია ქართველები სადაზვერვო საქმიანობის რაღაც ინტერესად. იქ უფრო სხვა სახელმწიფოებიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იყო საუბარი, საქართველოზე კი კრიმინალურ ჯგუფებთან დაკავშირებით გაკეთდა აქცენტი.
„აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ პრობლემას ქმნის საქართველოსთვის. მითუმეტეს, რომ პოლიტიკური ურთიერთობები ძალიან დაძაბულია და შეიძლება ითქვას, რთული. ეს თემა ხელს არ უწყობს იმ ურთიერთობების დარეგულირებას, რომელიც ისედაც რთული იყო", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე