„ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადდება. ამის შესახებ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 4 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. ოპოზიციონერები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ „ოცნება" ქვეყანაში კრიტიკული მედიისა და აზრის ჩახშობას ცდილობს, მმართველ პარტიაში კი კანონის წინაშე თანასწორობაზე საუბრობენ.
4 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
სასამართლო პროცესის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილებმა ბათუმის ქუჩებში გადაინაცვლეს. სკანდირებდნენ: „თავისუფლება მზია ამაღლობელს", „დამხობა რეჟიმს". აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას ქუჩაზე საავტომობილო გზის ნაწილიც გადაკეტეს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 12 იანვარს, საღამოს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს: მას ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის, მისამართით სილის გაწვნის მუხლი წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბოლო სიტყვა
ამაღლობელი, რომელიც ციხეში უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია იმყოფება, სასამართლოს წინაშე განაჩენის გამოცხადებამდე თავისი ბოლო სიტყვებით წარსდგა.
"პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. სადაც მე ვარ გამოკეტილი, იქ საპროცესო გარიგება მართლაც ღვთის წყალობაა, თუმცა ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ გაახმოვანეს - ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას, შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი. შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან... მგონია, კანონში არსებობს ჩემ ქმედებაზე - სილის გაწვნაზე ადეკვატური მუხლი."
დაკავებულმა მიმართა პრემიერ ირაკლი კობახიძესაც:
„საუბრობენ, რომ აგენტი ვარ და „გლობალური ომის პარტია" მიმაგრებს ზურგს. თურმე ტრენინგებზე მასწავლიდნენ სილის გაწვნას - მივმართავ ირაკლი კობახიძეს: პოლიციელის ღირსების შელახვას „დიფ სთეითი" არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე."
როგორც მზია ამაღლობელმა აღნიშნა, მთელი რიგი პოლიტიკოსები მის დისკრედიტაციას ეწეოდნენ.
"ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება, თქვენი სასჯელი იქნება, პროკურორებო! ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი იქნება, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული.
სამწუხაროდ, სასამართლომ შუამდგომლობები არ დამიკმაყოფილა, რათა კითხვები დამესვა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ჩემს დისკრედიტაციას ეწევიან. ისინი მომიხსენიებენ როგორც დამნაშავეს, საუბრობენ, რომ აგენტი ვარ და „გლობალური ომის პარტია" მიმაგრებს ზურგს. თურმე ტრენინგებზე მასწავლიდნენ სილის გაწვნას, თურმე დავალება მომცეს, პოლიციის დაკნინებასა და სისტემის ჩამოშლაზე ვმუშაობდი - ათასი სიგიჟე და ბოდვა... არ გეგონოთ, ამას შემთხვევითი პირები ამბობდნენ - ისინი ძალაუფლებაში არიან და მმართველ გუნდს წარმოადგენენ."
ოპოზიციონერთა სოლიდარობა
ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაღლობელის 4 აგვისტოს სასამართლო პროცესს სოციალური ქსელით გამოეხმაურა:
„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის პოლიტიკური დევნა", - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მზია ამაღლობელის საქმეზე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ზურაბიშვილის თქმით, სისტემის მიზანი მისი სულიერად გატეხაა.
„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის პოლიტიკური დევნა. მზია ამაღლობელს გაუთავებელ შეფერხებებსა და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, რათა მისი სული გატეხონ. სისტემას ჰქონდა ყველა საჭირო დრო. ეს არ არის სამართლიანობის გადადება - ეს არის სამართლიანობის ბოროტად გამოყენება.
პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილს არანაირი გამბედაობა არ ეყოფა იმისთვის, რომ მზია ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს და ამაღლობელი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
კუპრაძის შეფასებით, მოსამართლე სახელაშვილი რუსული რეჟიმის დავალებას ასრულებს. მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი იმედი საზოგადოებრივი წნეხია.
„საზოგადოების განწყობა ცხადად ამბობს ერთ მარტივ მოცემულობას - მზია ამაღლობელი არის სისტემის მსხვერპლი, სიმბოლო, რომელიც წინააღმდეგობას წევს და არანაირად არ დაჰყვება შეთავაზებებს, რომლებიც რეპრესიული სისტემის მხრიდან კეთდება", - განაცხადა კუპრაძემ.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გამოეხმაურნენ პარტია „გახარია - საქართველოსთვის" წევრებიც:
„რეჟიმის დავალებით, უსამართლო სასამართლო ბოლომდე ცდილობს მზიას სახით ქვეყანაში მოკლას თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედია, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს!" - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, რუსუდან თევზაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ, აღნიშნა, რომ 6 აგვისტო თვითონ „ოცნებისთვის" იქნება მძიმე განაჩენი.
„6 აგვისტო, მზიას განაჩენის დღე, იქნება „ქართული ოცნების" უმძიმესი განაჩენი. მზია უკვე იქცა გაუტეხელობის და ყველაზე დიდი სიმამაცის სიმბოლოდ. ყველაზე მთავარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ - ადამიანები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალს. ეს არის სწორედ გარდაუვალი გამარჯვების საწინდარი."
მმართველი პარტიის პოზიცია
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში არათუ პოლიციელისთვის სილის გაწნა, უხეში სიტყვიერი შეპასუხებაც კი შესაბამის რეაგირებას იწვევს:
„ამ თემაზე შეიძლება ადამიანურად იმსჯელო და თქვა, დასანანია, რომ ქალბატონია დასჯილი, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიციელისათვის არა თუ ხელის დარტყმა და ფიზიკური ზემოქმედება, არამედ უხეში სიტყვის თქმაც კი განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება - ამის მაგალითები გვაქვს," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ.
„პოლიციელისთვის ხელის გარტყმა არის გარკვეული წინასწარ დაგეგმილი ქმედება იმისთვის, რომ დაუსჯელობის და განუკითხაობის ატმოსფერო შეიქმნას - რომ სახელმწიფოს სტრუქტურები არ არსებობს, რომ შეიძლება პოლიციელს ხელი დაარტყა და ამისთვის არაფერი მოგივიდეს. იგივე რომ ნებისმიერ დემოკრატიაში მოხდეს, პასუხი ძალიან მძიმე იქნება - დაწყებული ფიზიკური ზემოქმედებიდან, დასრულებული სასამართლო გადაწყვეტილებით.
ვოლსკიმ აღნიშნა, რომ არსებობს კანონი, რომლის წინაშეც ყველა თანასწორია:
„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შექმნილი სცენარი, რომელშიც ერთ-ერთი დეტალი არის პოლიციელისთვის შეურაცხყოფა, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება."
„ადამიანურად, ახალგაზრდა ქალის მიმართ შეიძლება ემპათია გამაჩნდეს, მაგრამ არსებობს კოდექსი, კანონი და კანონი ყველამ უნდა დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნგრევის პროცესი განვითარდება," - დასძინა ვოლსკიმ
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე