რამდენად რეალურია ამ კვირას აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება დადონ
ნატალია ჯვარიძე
(04.08.2025)

Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან ვაშინგტონში მშვიდობის დამყარების შესახებ მიღწეული შეთანხმება გამოაცხადონ.

„რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან, ამ კვირის ბოლოს ვაშინგტონში მშვიდობის დამყარების შესახებ მიღწეული შეთანხმება გამოაცხადონ. წყაროების ცნობით, ტრამპი, სავარაუდოდ, პარასკევს თეთრ სახლში ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს უმასპინძლებს", - წერს ჟურნალისტი.

ამასთან, რაუფოღლუ აღნიშნავს, რომ ტრამპი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ზუსტად მაშინ შეხვდება, როდესაც პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა იწურება.

„აქვე საინტერესო ფაქტი: ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა პუტინთან შეხვედრის ვადის ამოწურვის დღეს გაიმართება", - წერს ის.

თსუ-ს პროფესორისა და ანალიტიკოსის კორნელი კაკაჩიას აზრით, მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის საკმაოდ მაღალი ტემპით მიმდინარეობს.

„ცოტა რთულია რაღაც გათვლილი დროის პერსპექტივაზე ვისაუბროთ, მაგრამ ფაქტია, დიდი ხანია ამ თემაზე მიდის ლაპარაკი და როგორც ჩანს, ორივე მხარე მზად არის, რომ ამერიკის შუამავლობით გააგრძელონ მოლაპარაკებები. თუ აქამდე ამ საქმეში რუსეთი იყო ჩარეული, ახლა ასე აღარ ხდება.

ძნელი სათქმელია რა ვადაში მოეწერება ხელი, რადგან როცა გვგონია, რომ საბოლოოდ შეთანხმდნენ, უცებ რაღაც მოხდება და გადაიდება. თუმცა როგორც ვთქვი, აშკრააა, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ მაღალი ტემპით მიდის",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, გამორიცხული არ არის, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ამ კვირაშივე მოაწერონ ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას.

„სავსებით მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა შეთანხმებას ამ კვირაშივე მოაწერონ ხელი. ეს იქნება ამერიკული კემპ-დევიდის ორი ზავი. პირველი იყო ისრაელსა და ეგვიპტეს შორის და მეორე ეს, ანუ მემორანდუმის სახით გაფორმდება, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მზად არიან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყონ და ფაქტოვრივად, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა სცნონ.

ასევე, ალბათ ლაპარაკი იქნება დიპლომატიური მისიების გახსნაზე. სავარაუდოდ, ესენი იქნება მთავარი ამოსავალი წერტილები. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია უახლოეს მომავალში მოხდეს და ჩვენ მივიღებთ კემპ-დევიდის მეორე შეთანხმებას",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე