4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტებს - „ლელოს" და პარტიას „გახარია საქართველოსთვის" წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება და არჩევნებში მონაწილეობა ლიდერების გარეშე უწევთ. „ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პატიმრობაში არიან, ექსპრემიერი გიორგი გახარია კი ფაქტიურად დევნილობაშია და სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს. ანალიტიკოსების აზრით, ლიდერების არყოფნა საარჩევნო პროცესზე გარკვეულ გავლენას მოახდენს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები პრეზიდენტმა შეიწყალოს.
როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან საუბარში აცხადებენ, ლიდერების პატიმრობამ და დევნილობამ მათი პარტიების მიმართ შესაძლოა ამომრჩეველში ერთგვარი თანაგრძნობა გააჩინოს და მათი რეიტინგები გაზარდოს. ამ თანაგძნობის გასანეიტრალებლად კი ხელისუფლებამ, შესაძლოა, „ლელოს" ლიდერების შეწყალება გადაწყვიტოს და მოტივად ის დაასახელოს, რომ ამით ოპოზიციას სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალებას აძლევს.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, შესაძლოა ამ ფაქტორმა ოპოზიციაზე უფრო დადებითად იმოქმედოს და მათი მხადამჭერები მობილიზდნენ.
„ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ამომრჩეველი უფრო კეთილგანწყობილი იქნება ამ პარტიებისა და ლიდერების მიმართ, ვიდრე ეს ლიდერები თავად რომ ყოფილიყვნენ წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული. მთავარია ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივად შეძლოს საარჩევნო კამპანიის წარმართვა და ის, რომ ლიდერები დაპატიმრებულები არიან, ეს კიდევ ერთხელ მობილიზებას გაუკეთებს ოპოზიციურ ამომრჩეველს. მერე, საარჩევნო აგიტაციის დროს, უნდა ისაუბრონ არა მარტო ადგილობრივ პრობლემებზე, არამედ ზოგად თემებზე, მათ შორის დემოკრატიის დარღვევა, პლურალიზმი და ა.შ.
„საქმე ისაა, რომ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ყაველაშვილმა დაპატიმრებულ ლიდერებთან დაკავშირებით გააკეთა, არ გამოვრიცხავ „ოცნებამ" ყაველაშვილს ეს ლიდერები გამოაშვებინოს. თუ შეხედა, რომ ლიდერების არყოფნამ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება მოაბილიზა, შესაძლოა ყაველაშვილმა, ყოველგვარი განცხადების გარეშე, იმ მოტივით, რომ საარჩევნო პროცესი ვითომ სრულფასოვანი იყოს, თავად შეიწყალოს ისინი.
„თუ ამას ისიც დაემატება, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიები და ლიდერები საკმაოდ მკვახე და სრულიად შეუსაბამო განცხადებებს გააკეთებენ იმ პარტიების მიმართ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ეს გარკვეულწილად მიმართული იქნება იმისკენ, რომ ბოიკოტის მომხრეები და არჩევნებში მონაწილე პარტიები ერთმანეთს ჩამოაშორონ და იმ ელექტორქტში, ვინც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ნიჰილიზმი დათესონ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
კითხვაზე, ლიდერების არყოფნა როგორ მოქმედებს ამ პარტიების საარჩევნო შანსებზე, პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე პასუხობს:
„როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ თუ გარეთ დარჩებოდნენ ეს მათთვის უარესი იქნებოდა და ამიტომ გადაწყვიტეს ციხეში ჯდომა. ამით მაინც შეიძინეს დასავლეთში თავიანთ თანამზრახველებთან სახელი, რომ თითქოს წამებულები არიან. იქ ხომ არავინ მოიკითხავს, რატომ აღმოჩნდნენ ციხეში. მინდა ყველას ესმოდეს - ეს გეგმა მათ შეიმუშავეს, თორემ რა უნდოდა ახლა კომისიაზე მისვლას, ან ჯარიმის გადახდას? იფიქრეს, რომ ეს უკეთესი გამოსავალი იყო, მაგრამ მემგონი ამას არავითარი დადებითი შედეგი არ ექნება", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე