ნატალია ჯვარიძე
(01.08.2025)

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობის არჩევნებში კვლავ მოქმედი მერი, კახა კალაძე იყრიდა კენჭს, „ლელოს" კოალიციის წევრმა, ყოფილმა ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა მინიშნება გააკეთა, რომ გამორიცხული არ არის, ის იყოს კალაძის მოწინააღმდეგე. ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ელისაშვილის მერობის კანდიდატზე პრეტენზია სრულიად გასაგებია, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ საბოლოოდ სხვა პიროვნება შეირჩეს.

„რატომ ელისაშვილი, ასეთი კითხვის დასმა არ შეიძლება. შესაძლოა სხვა კანდიდატები იყვნენ და მათ ფონზე იყოს არჩევანი, თუ რომელი ჯობია. თუმცა ელისაშვილს აქვს უფლება ჰქონდეს პრეტენზია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მზად არის თბილისის მერობისთვის იბრძოლოს.

„პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" ელისაშვილმა დაადასტურა, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე სხვა კანდიდატებთან ერთად, მისი კანდიდატურაც განიხილება.

„მარტივი ბრძოლა არ გველის. ძალიან უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ. კი, ჩვენ საარჩევნო ბრძოლაში შევდივართ. რაც შემეხება მე, თუ მსგავსი გადაწყვეტილება [თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა] იქნება მიღებული, მზად ვარ! არსად თავს არ დავზოგავ! კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი!" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება მისი კანდიდატურის შესახებ გახარიას პარტიის წევრების პოზიციას, რომ „ალეკო კარგი ბიჭია, მაგრამ შეთანხმება ნეიტრალურ კანდიდატზე უნდა მოხდეს", ელისაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერის თანაგუნდელების გადარწმუნებას არ ცდილობს და მეტიც, თბილისში პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატის წარდგენის ხედვას მხარს უჭერს.

„არანაირი პოლიტიკური და თანამდებობრივი ამბიცია არა მაქვს. ვინც არ უნდა იყოს მერობის კანდიდატი, მასთან საათობით ვიჯდები და კვალიფიციურ ადამიანებთან ერთად დავუსაბუთებ, რომ ერთ წელიწადშია შესაძლებელია თბილისში საცობები საერთოდ არ იყოს. ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ასევე განიხილება სხვა კანდიდატებიც. თუ იქნება სხვა უფრო მაგარი, უფრო მებრძოლი, ერთმნიშვნელოვნად დავუდგები მხარში. ამ მხარში დგომის სანაცვლოდ მე არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ვინაიდან კახა კალაძეა „ოცნების" კანდიდატი, ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია.

„პრობლემა კანდიდატში კი არ არის, არამედ თბილისილების მზაობაში, შეცვალონ რამე. ვინაიდან ცნობილია, რომ „ოცნების" კანდიდატი კახა კალაძეა, ესეიგი არაფერი შეიცვლება. თბილისელებისთვის მთავარი კანდიდატის პიროვნულობა კი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, არამედ ადამიანი, რომელიც რამის შემცვლელია და აქედან გამომდინარე უნდა იყოს ლაპარაკი. ეს კანდიდატი მაქსიმალურად შეთანხმებული უნდა იყოს იმ ოპოზიციურ ძალებთან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ.

ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური გამოცდილება აქვს, თბილისზე ბევრი უმუშავია, ანუ ის შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მერი გახდეს. ასე რომ, რატომ ელისაშვილი, ასეთი კითხვის დასმა არ შეიძლება. შეიძლება სხვა კანდიდატები იყვნენ და მათ ფონზე იყოს არჩევანი, თუ რომელი ჯობია. თუმცა ვინაიდან ელისაშვილზეა საუბარი, მას აქვს უფლება თქვას, მე ვიქნები ღირსეული კანდიდატი. ის არ არის ციდან ჩამოვარდნილი. მას თბილისზე ბევრი უმუშავია და უფლება აქვს ასე ილაპარაკოს, მაგრამ მას სჭირდება მხარდაჭერები უკვე სხვა პარტიიდან. შეიძლება საერთოდ სხვა კანდიდატი დაადახელონ, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე