ბოლო რამდენიმე თვეა უკრაინის ომი ძირითადად საჰაერო დარტყმებშია გადასული, მაგრამ ხმელეთზე, უშუალოდ ფრონტზე რა ხდება, ამაზე ინფორმაცია იშვიათად ვრცელდება. 31 ივლისს კი რუსულმა მხარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში ქალაქი ჩასოვ იარი აიღეს, თუმცა უკრაინელები ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
სამხედრო ანალიტიკოსებს რუსების მიერ ჩასოვ იარის აღების ნაკლებად სჯერათ, თუმცა ამბობენ, რომ თუ ეს მართალია, რუსეთს გარკვეული უპირატესობა ექნება.
„თუ ეს მართალია, როგორც ჩანს, ისინი აპირებენ დონეცკის რეგიონი მთლიანად აიღონ და მოახდინონ მისი სრული ინტეგრაცია. თუ ეს ქალაქი რუსეთმა აიღო, შეიძლება მათ ჯარს ტაქტიკური გაუმჯობესება ჰქონდეს",- განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტქნგ მაისაიამ „რეზონანსთან" საუბრისას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩასოვ იარში მიმდინარე ბრძოლების დროს რუსეთის ჯარებმა ამ ომის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე მრავალრიცხოვანი დაჯგუფება გაანადგურეს.
„ჩასოვ იარის ბრძოლაში, შესაძლოა, სპეცოპერაციის ისტორიაში ყველაზე დიდი დაჯგუფება განადგურდა. ეს მტრის ათასობით სამხედრო მოსამსახურეა", - განუცხადეს „ტასს"-ს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქისთვის ბრძოლები ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ლანდშაფტის სირთულისა და შენობებისა და ინფრასტრუქტურის თავისებურებების გამო ის დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამაგრებული ტერიტორია იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიისა და დრონების უწყვეტი ცეცხლის ქვეშ რუსმა მედესანტეებმა 20 კილომეტრზე მეტი გაიარეს. დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩასოვ იარში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი დაკარგეს.
ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა ოდნავ მეტი უპირატესობა რუსეთს გააჩნია.
„თუ ეს მართალია, როგორც ჩანს, ისინი აპირებენ დონეცკის რეგიონი მთლიანად აიღონ და მოახდინონ მისი სრული ინტეგრაცია. რამდენად სიმართლეა ვერ გეტყვით, მითუმეტეს, რუსეთი საინფორმაციო ომს საკმაოდ ეფექტურად ახორციელებს და არაფერი დაეჯერებათ.
„ჩასოვ იარი საკმაოდ სერიოზული სატრანსპორტო ჰაბია. მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ეს ქალაქი რუსეთმა აიღო, შეიძლება რუსეთის ჯარს ტაქტიკური გაუმჯობესება ჰქონდეს. სხვა მხრივ, ჯერჯერობით, სიტუაცია პოზიციური და სტაბილურია. ვნახოთ როგორ დასრულდება ჩასოვ იარის ამბავი, ამ ეტაპზე ამას რუსეთის გარდა არავინ ადასტურებს. ადრეც თქვეს, რომ პოკროვსკი დაიკავეს და მერე აღოჩნდა, რომ ტყუილი ყოფილა.
„ახლა ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, ისევ პოზიციური ბროძოლაა. მოკლედ, ყველა მიმართულებაზე სტაბილური ვითარებაა. უბრალოდ ჯერჯერობით რუსებმა სუმის რეგიონი ვერ აიღეს და იქ არიან გაჩერებულები. ასევე, როგორც მე ვიცი, უკრაინელებმა კონტრშეტევა განახორციელეს. ფრონტზე ოდნავ მეტი უპირატესობა რუსებს გააჩნიათ. სხვა მხრივ, ვითარება უცვლელია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე