ოპოზიციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე დიდ აქციასა და 4 ოქტომბერს „ისტორიული გამარჯვების დღედ“ აანონსებს. ამ ინიციატივამ უკვე სკეპტიციზმი გამოიწვია ოპოზიციის მეორე ნაწილში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რევოლუციური სცენარების გაჟღერება ამ ეტაპზე უბრალოდ კომიკურად გამოიყურება და არასწორ მოლოდინებს ქმნის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის აქცია „განწირული პერფორმანსია“, რომელიც მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს.
4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნებში შედარებით რეიტინგული ოპოზიციური პარტიების მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს - „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“. ამასთან, „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამ დრომდე ციხეში არიან, ხოლო პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია გერმანიაში გაურკვეველი ვადით იმყოფება.
ოპოზიციის მეორე ნაწილი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება და მათი მთავარი მიზანი ადგილობრივი არჩევნების დელიგიტიმაციაა. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება, როგორც ჩანს, ვერ ხერხდება და ამ თემაზე შიდა დისკუსიამ უკვე საჯარო დაპირისპირების სახე მიიღო.
დაპირისპირება ოპოზიციაში
ადგილობრივი არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, მასშტაბურიუ საპროტესტო აქციის გამართვის იდეა 30 ივლისს ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გამოთქვა:
„არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და რა შფოთვები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, მზად ვართ, გავიმარჯვოთ“, - დაწერა ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ასევე სოციალურ ქსელში დაწერა:
„ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან ქოცი და სუს-ი.ჩემი საქმე არაა, რა მოტივაციით აფუჭებენ საქმეს, ჩემთვის მთავარია, ხალხიარ მოვატყუოთ..“
ამის საპასუხოდ ხაბეიშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:
„როგორც კი ივანიშვილსა და რეჟიმს ცეცხლს გავუხსნი, მაშინვე რატომ ვარ „ცუდი“?! რატომ იწყებთ თავდასხმას?! რატომ არაფერი მოგწონთ?! თქვენ იბრძოლეთ – ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ?!“
„ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები: „4 რიცხვი არ „დავკიდოთ“, ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხოთ არ ვთქვათ, თარიღზე მუშაობა არ ვარგა, ცუდია“, - დაწერა ხაბეიშვილმა.
ენმ-დან კი ხოშტარიას პარლამენტთან ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის მოთხოვნით მისი „დღენახევრიანი შიმშლობა“ შეახსენეს, რომელსაც ოპოზიციისათვის „არანაირი ბენეფიტები არ მოუტანია“, თუმცა, ოპოზიციურმა ძალებმა მას მაინც მხარი დაუჭირეს,
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ასევე კრიტიკულად შეაფასა 4 ოქტომბერს მასშტაბური აქციის გზით ხელისუფლების შეცვლის დაანონსება:
„მე არ შევსწრებივარ არცერთ დისკუსიას, სადაც რაიმე რევოლუციურ სცენარებზე ან კონკრეტულ თარიღებზე იყო საუბარი. 4 ოქტომბერი ამ ე.წ ადგილობრივი არჩევნების თარიღია და ბუნებრივია, რომ ის ადამიანების ცნობიერებაში გამოკვეთილია. ზოგადად, გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით მოლოდინების შექმნა დიდი წარმატების მომტანი დიდად არასდროს ყოფილა“, - განაცხადა წერეთელმა.
31 ივლისს კი 4 ოქტომბრის აქციის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ გამოთქვა თავისი მოსაზრება 16:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული კრებაც დააანონსა.
„4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, რადგან ეს არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე.
„ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთი პოლიტიკოსი. ამიტომ, მივმართავ მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, დღის 16:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ამას უკვე „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკული პოსტი მოჰყვა:
„ქოცებს“ თუ უნდა სალაპარაკო მისცეს, რომ 4 ოქტომბერს მაგათი ფარსის ჩაშლას ვაპირებთ? (25 ნოემბერი გაიხსენეთ, პირველი სესია რომ არ ჩაატარებინეს). სინამდვილეში, ეს ტიპი მიშას „კუკლაა“ და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან ერთად იყენებს ყველა ერთობის ასარევად, სადაც მიშა არაა ცენტრში. მხოლოდ ამას ემსახურება ეს კლოუნადა. სალომე ზურაბიშვილსაც ამიტომ ურტყამდა ეს ხატმფრენი ვიგინდარა. ისე დაიბრუნებს ბურჭულაძე ქვეყანას, როგორც ხაბეიშვილმა გაიტაცა მიშა „ვივამედიდან“, - დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.
მასშტაბური აქცია, თუ ფიასკოსთვის განწირული პერფორმანსი
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის გეგმებს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ეს აქცია ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს:
„ძალიან მაინტერესებს, რატომ ჩანიშნეს აქცია 4 ოქტომბერს და არა 3-ში ან 6-ში? რატომ უნდა დაამთხვიონ ბოიკოტის მომხრეებმა თავიანთი აქცია ადგილობრივ არჩევნებს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მათ შეუძლიათ ხალხის მობილიზება, მით უმეტეს იმ რაოდენობით, რომ თურმე ამ ხალხის რაოდენობა ივანიშვილმა რომ დაინახოს, იფიქრებს - „სად გავიქცეო“, მაშინ გააკეთონ ეს უფრო ადრე ან უფრო გვიან.
ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ, რეალური თუ არარეალური - ამას მნიშვნელობა არ აქვს - არჩევნებია უკვე დაგეგმილი და აქციის ჩანიშნვა მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
„ხელისუფლებას ექნება ნებისმიერი მანევრირების საშუალება. ჯერ ერთი, პროპაგანდისტულად უკვე წაგებულია ასეთი თემა; და მეორე - შეუძლია ნებისმიერ უბანზე გარკვეული დარღვევები ჩაიდინოს და ეს ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალოს“.
ძაბირაძეს აქციასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა აქვს და ამბობს, რომ როცა 4 ოქტომბერს აქციას ნიშნავ, უკვე წაგებული ხარ:
„პირველ რიგში რაც ძალიან სახიფათოა ოპოზიციისთვის და, ზოგადად, ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში, არის ის, რომ 4 რიცხვში ასეთი აქცია უნდა ჩატარდეს. მეორე - მე ვნახე ეს (პაატა ბურჭულაძის) განცხადება. ჯერ ერთი, რა ეროვნულ კრებაზეა საუბარი? ვინ იღებს მონაწილეობას ამ ეროვნულ კრებაში? და რატომ ჰქვია საერთოდ „ეროვნული კრება“? ასე ხომ ნებისმიერს შეუძლია რაღაც შეკრება მოიწვიოს და დაარქვას ეროვნული კრება.
როგორ მოხდება ხელისუფლების ჩამოშლა - აი, ეს ძალიან მაინტერესებს ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური ძალებისა და აქციის ორგანიზატორებისგან. ასე რომ, როცა 4 ოქტომბერს ნიშნავ აქციას, უკვე წაგებული ხარ.“
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძეც ამბობს, რომ 4 ოქტომბრის აქცია მორიგი ჩაშლილი პერფორმანსია:
„ნამდვილად არ ველოდები, რომ ეს აქცია მასშტაბური იქნება. განსაკუთრებით ტოლერანტული ვარ, როცა ჩვენი სახელოვანი ხელოვანები ცდილობენ შემოქმედების პოლიტიკაში გადატანას, თუმცა ეს განცხადება ადეკვატურად არ მიმაჩნია. ნაწილობრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს აქცია მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს.
ზოგიერთებს სურთ, რომ ამ დღეს დაამთხვიონ, რათა თქვან, თითქოს არაკანონიერი არჩევნებია და ა.შ. მაგრამ, მეორე მხრივ, მთლიანობაში ბევრი მეუბნება, რომ თითქოს პირი შეკრეს ამ ანტიეროვნულმა ძალებმა, რათა საკუთარი ხელებით შეაძულონ თავი ხალხს“, -განაცხადა მამრაძემ „რეზონანსთან“.
დაპირისპირება ოპოზიციაში
რამდენად გამწვავდება კონფლიქტი
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ წინააღმდეგია იარლიყებისა, თუმცა ამ შემთხვევაში ოპოზიციის შიგნით დისკუსიას აუცილებლად მიიჩნევს:
„წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი იარლიყების მიკერების, სხვადასხვა ეპითეტების გამოყენების ოპოზიციაში, მაგრამ ის, რომ ასეთ თემებს კრიტიკულად უნდა შეხედო - ამის ნამდვილად მომხრე ვარ.
„გამოიწვევს თუ არა ეს დაპირისპირებას ოპოზიციაში? რა თქმა უნდა, გამოიწვევს. სჯობს, ოპოზიციაში დაიწყოს ამაზე პოზიციების ჩამოყალიბება და დაპირისპირება, ვიდრე 4 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის ნაცვლად მისი დიქტატურა მივიღოთ.
„ჩემი შეფასება მარტივია - მე ვერ ვხედავ დღეს ქართულ საზოგადოებას, რომელიც მზად არის, რომ მასობრივი, მშვიდობიანი, უპრეცედენტო ბრძოლა აწარმოოს ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განცხადა ძაბირაძემ.
პეტრე მამრაძე არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრის გეგმების გარშემო ოპოზიციაში დაპირისპირება შეიძლება კიდევ გამწვავდეს:
„ვფიქრობ, იქნება დაპირისპირება ოპოზიციაში. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება უკვე გახდა მნიშვნელოვანი განხეთქილების წყარო. შეგახსენებთ, რომ ერთმანეთს მოღალატეები უძახეს, შიგნით მოხდა განხეთქილებები, წამოვიდნენ ცნობადი სახეები პარტიებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში. შესაბამისად, რა გააკეთონ 4 ოქტომბერს, რა პერფორმანსი ჩაატარონ, ესეც გახდება განხეთქილების მიზეზი”, - განაცხადა მამრაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე