სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკანონო მიგრაციის ხელშემწყობია, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ცანავა სუს-ის მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, 30 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან ცანავა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლ. ც.
ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ლ. ც. უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. 2025 წლის 21 მაისს, უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ ლ. ც-ს მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ლ. ც. მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისს და 12 ივნისს, ქალაქ თბილისში ლ. ც-სთან შეხვედრებისას, მას დამატებით 2 500 ამერიკული დოლარი გადასცა. ამრიგად, ლ. ც. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მის მიერ მოთხოვნილი 5 600 აშშ დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2 650 ამერიკულ დოლარს," - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
განცხადებიდან ირკვევა ისიც, რომ არსებობს კონკრეტული აუდიო/ვიდეო მტკიცებულებებიც.
ცნობისთვის, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან (თაღლითობასთან) დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შესაბამისად დაისჯება"
„ნაცმოძრაობის" წევრის, ლაშა ცანავას დაკავებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა: „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას."
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიგრაცია არის გამოწვევა მსოფლიოში: „ზოგადად, ფაქტი, რასაც ეხება და ბრალდება, რომელიც წარდგენილია, შეეხება უკანონო მიგრაციას. ერთი მხრივ, ეს არის დღევანდელი გამოწვევა მსოფლიოში, და მეორე მხრივ, ზუსტად ეს საკითხია სინამდვილეში, რაც მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირთან, რომ საქართველომ არ დაუშვას უკანონო მიგრაცია.
ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მომხდარს გამოეხმაურა „ოცნების" დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილიც
„ერთი რამ იცოდნენ - რომელი პოლიტიკური პარტიის წევრიც არ უნდა იყოს, რა ფიგურაც არ უნდა იყოს, ჩვენს პარტიაში იქნება თუ სხვა პარტიაში, თუკი კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხისმგებლობას ვერ ასცდება!"
შარმანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, რომ საქმე პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანონ: „ეს პიროვნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით დააკავა. იმედია, ახლა მაინც არ იტყვიან, რომ ამას რაღაც პოლიტიკური მოტივი ჰქონდა - არ ვურჩევ! ამავე განცხადებაში სუს-ის მიერ მითითებული იყო, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და თუ რაღაცების მტკიცებას დაიწყებენ, მის ნამოქმედარს, ალბათ, საჯაროს გახდიან," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
„პროვოკაციაზე წამოაგეს"
ლაშა ცანავას გუნდის წევრები მის დაკავებას სუს-ის პროვოკაციას უკავშირებენ: „თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელსა და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა! - ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ „ტიტუშკის" მოქნეულ ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა!" - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ლევან ცანავას, რომელიც სუს-მა თაღლითობის ბრალდებით დააკავა, პროვოკაცია მოუწყვეს: „ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ "ტიტუშკის" მოქნეულ - ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა! სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია
წესიერი კაცია, მშრომელი. ოჯახი და შვილები რომ გამოეკვება, დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან... დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ, ლაშას „სუს-ის" აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს.
საზოგადოება კარგად ხედავს ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას - შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა! ძმობა, მეგობრობა და კაცობა უპირველეს ყოვლისა," - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე