პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართული გენერალური დებატების დროს სიტყვით გამოვიდა. მან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და განსაკუთრებით დიდი ყურადღება უცხოურ ჩარევებზე გაამახვილა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ჭარბმა უცხოურმა ჩარევამ გზა უნდა მისცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას და, შესაბამისად, ნამდვილ დემოკრატიას".
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელთა დემოკრატიაც თავს მოხვეული უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა.
„ჩვენ ვიხილეთ, როგორ განვითარდა, უცხოური მხარდაჭერით, უცნაური ნარატივი, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასთან გააიგივეს, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოება - ხალხთან.
ამგვარი აზრობრივი მანიუპლაციით უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები „ხალხად" იქცნენ. შედეგად, საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის საპირწონედ წარმოაჩინეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ლეგიტიმაციის საზომად აღებულია არა ხალხის მიერ მინიჭებული დემოკრატიული მანდატი, არამედ მათ მიერ მიღებული უცხოური დაფინანსების სიდიდე.
ის ფაქტი, რომ ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება ყალბმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეცვალეს, პირდაპირი დარტყმაა დემოკრატიაზე", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ინტერესები გვავალდებულებს, დავუბრუნდეთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ ნორმებს - სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ხმის ამოღება და უცხოური დახმარების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მორალურობასა და ეფექტიანობაში ეჭვის შეტანა ტაბუდ იქცა.
„მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის ყველაზე ძლიერი საყრდენია ნორმების, მოსაზრებებისა და არგუმენტების მრავალფეროვნება, ელიენოკრატიამ, ანუ უცხოურმა მმართველობამ იდეოლოგიურ დონეზე შეზღუდა ეს მრავალფეროვნება და უპირატესობა მიანიჭა საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც უცხოელების მიერ თავს მოხვეულ დღის წესრიგს და იდეოლოგიას იზიარებენ.
თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია ცხოვრების წესია და არა - იდეოლოგია. დემოკრატიული დახმარების საფარქვეშ პოლიტიკური გავლენის თავს მოხვევა დემოკრატიის არსს ეწინააღმდეგება. ხალხის მმართველობის ნაცვლად, ჩვენ ვიღებთ თვითდანიშნული უცხოელი დემოკრატიის მენტორების მმართველობას", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, დემოკრატიული მშვიდობა უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას.
„ხანგრძლივი მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას. მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.
პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორებიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას, ვითანამშრომლოთ თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო, დაფასებული რეალობაა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.
„ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არასტაბილურობისგან დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაა და ამ მიმართულებით წინსვლისთვის ბევრი ნაბიჯი გადავდგით. სამწუხაროდ, დღესდღეობით მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები მოიცავს არა მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს, არამედ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც ერების სუვერენიტეტის უპატივცემულობისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევიდან მომდინარეობს.
საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ხანგრძლივი მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე