მარიამ ვეკუა
(30.07.2025)

ოპოზიცია ისევ დუმს - არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უკვე დაზუსტებით მონაწილეობენ, მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაციას კვლავ არ ავრცელებენ. ამბობენ, რომ საბოლოო პასუხი 31 ივლისს იქნება. მმართველ პარტიაში მიანიშნებენ, რომ მათი წარმომადგენელი კვლავ კახა კალაძეა, ვინ იქნება ოპოზიციიდან მერობის სავარაუდო კანდიდატი და შეძლებს თუ არა საზოგადოებაში მხარდაჭერის მოპოვებას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ძლიერი საქართველოს" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მერობის კანდიდატურას უარყოფს, ის შესაძლოა მაინც წარადგინონ, რადგან 2015 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მას საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა:

„შეიძლება შედგეს კონკრეტული შეთანხმება. ვიცით, რომ ელისაშვილმა უარყო, რომ ის იქნება მერობის კანდიდატი, მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ ის მაინც იყოს - მე ასე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ის აღნიშნულს უარყოფს. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ის თავის დროზე, 2015 წელს, როცა გაიმართა მუნიციპალური არჩევნები, ალეკო ელისაშვილმა თქვა - როცა „ოცნების" რეიტინგი მაშინ ძალიან მაღალი იყო - თუ არ ვცდები, ჩუღურეთი ან საბურთალო იყო, სადაც ელისაშვილმა მანდ მოიპოვა გამარჯვება. ამიტომაც ახლა არ არის გამორიცხული, რომ ელისაშვილის წარდგენა მოხდეს.

და თუ ეს არ გამართლდა, მართალია, კონკრეტულ ადამიანს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ შესაძლებელია შეთანხმება მოხდეს და მერობის კანდიდატი არ იყოს არც გახარიას პარტიიდან და არც „ლელოდან", არამედ იყოს პირი, რომელიც ოპოზიციურადაა განწყობილი და ემხრობა იდეას, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს არჩევნებში." - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კითხვაზე - აქვს თუ არა ელისაშვილს იმის რესურსი, რომ საზოგადოების ნაწილში მხარდაჭერა მოიპოვოს - გვპასუხობს, რომ „დიახ".

„დიახ, ვფიქრობ, გარკვეული რესურსი შეიძლება ჰქონდეს. ვახსენე მისი გამარჯვების პრეცედენტი. სხვათა შორის, მერობაზეც იყარა კენჭი - 18% აიღო. დღეს კი, ბატონო, სხვა ვითარებაა, თუმცა შესაძლებელია მისი წარდგენაც მოხდეს." - დასძინა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ელისაშვილის კანდიდატურის წარდგენა მისთვის კომიკური იქნება. ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში არ ეგულება ისეთი ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში მხარდაჭერით სარგებლობს.

„მე არ მეგულება არავინ - რადგან მოხდა დისკრედიტაცია მეტ-ნაკლებად ცნობილი პირებისა, მე უბრალოდ ოპოზიციაში არავინ მეგულება.

ყველამ გავიცინეთ, როცა გავიგეთ, რომ „ლელო" აპირებდა ელისაშვილის წარდგენას - ნამდვილი კლოუნი. ჩვენ ყველას გვახსოვს მისი გამოსვლები ტელევიზიით - ლანძღავდა, საკუთარი ღირსების შელახვის დონეზე სხვებს, შემდეგ იგივე დონეზე აქებდა. ეს ყველაფერი ხალხს ახსოვს.მოკლედ, კურიოზული პიროვნებაა, და ამის წარდგენაზე საუბრობდნენ"

კითხვაზე - რა ალტერნატივა რჩება ოპოზიციას - პეტრე მამრაძე გვპასუხობს:

„რა რჩება ოპოზიციას? რჩება ის, რომ მოძებნონ საზოგადოებისათვის ცნობილი ფიგურა, რომელიც არ არის გასვრილი მათ ბინძურ საქმეებში. მაგრამ მოძებნიან? არსებობს ასეთი? უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც თბილისელები გამოუცხადებენ ნდობას, ხელს მოკიდებს მერობის ურთულეს საქმეს თბილისში და დაიცავს ქალაქელების ინტერესებს - მთელი საქართველოსთან ერთად. მე ვერ წარმომიდგენია, იპოვიან თუ არა ასეთ ადამიანს - ასეთია ჩემი აზრი.

ელისაშვილზე თუ არის ლაპარაკი - ნებისმიერს შეუძლია მოკიდონ ხელი და წარადგინონ. მაგრამ ეს კიდევ ერთი კომედია იქნება. შეიძლება წარადგინონ ციხეში მჯდომი ადამიანი? ხაზარაძე ან ჯაფარიძე? - შეიძლება, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი." - განაცხადა მამრაძემ.

ბრძოლა ტრიუმფისთვის თუ ფიასკოსთვის

კითხვაზე - შეძლებს თუ არა ოპოზიცია მმართველი პარტიის უკვე სტაჟიან მერობის კანდიდატ კახა კალაძეს კონკურენცია გაუწიოს - ნიკა ჩიტაძე გვპასუხობს:

„დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციას კალაძისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება - იმის ფონზე, რომ „ნაცმოძრაობისა" და კოალიცია „ცვლილებებისთვის" მომხრეები არ იზიარებენ იმ იდეას, რომ ოპოზიციამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. გამომდინარე აქედან, რომ კალაძე არ იყოს და სხვა იყოს, „ოცნების" ამომრჩეველი არჩევნებზე მაინც მივიდოდა - დიდ ქალაქებში განსაკუთრებით, როცა, ვთქვათ, ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი უბრალოდ არ მივა.

ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდებათ იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, კალაძისთვის და „ოცნებისთვის" კონკურენციის გაწევა." - განაცხადა ჩიტაძემ.

პეტრე მამრაძეც ფიქრობს, რომ ოპოზიციის მცდელობა, კალაძეს კონკურენცია გაუწიოს, კრახით დასრულდება: „დღეს არავინ ჩანს, რომ მერობის არჩევნებზე მეორე ტური მაინც „გაქაჩოს". დღეს ასეა.

ჩემი შეფასებით, ხალხი პიროვნებას აძლევს ხმას - ლიდერს. იმას კი არ უყურებენ, სიაში ვინ ჰყავთ ჩაწერილი - აი, ლიდერს აკვირდებიან. ასე იყო ამ წლების განმავლობაში. და ასეთი ლიდერი ოპოზიციაში არ ჩანს. ამიტომაც, ვფიქრობ, ოპოზიციას დღევანდელი მოცემულობით, დიახ, კონკურენციის გაწევა ძალიან გაუჭირდება." - განაცხადა მამრაძემ.

რას ამბობს „ოცნება", რას - ოპოზიცია

მედიაში, განსაკუთრებით სამთავრობო ტელეკომპანიებში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ლელოსა" და გახარიას მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნებოდა. თუმცა თავად ელისაშვილი ამას უარყოფს:

„სამწუხაროდ, „რუსთავი 2" თანდათან სჯობნის ტყუილებში „იმედს" და „პოსტ ტვ-ს". გუშინ თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პარტია და გახარიას პოლიტიკური ჯგუფი 31 ივლისის მერობის კანდიდატად წარმადგენენ - ტყუილი იყო ეს ამბავი. 31 ივლისი მოვა, „აღდგომა და ხვალეო", ვნახოთ აბა, წარმადგენენ თუ არა. ხომ მარტივი გადასამოწმებელია, 2 დღე დაელოდეთ და გაიგებთ, წარმადგენენ, არ წარმადგენენ ან ვის წარადგენენ საერთოდ." - განაცხადა ელისაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - არის თუ არა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა - ელისაშვილმა უპასუხა: „ბევრ კანდიდატურასთან დაკავშირებით არის მსჯელობა. 31 ივლისს დაელოდეთ და მიხვდებით, რომ ძალიან დიდი ტყუილი დააბრეხვეთ." - განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტს.

გარდა ამისა, მან თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია:

„თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმიტომ, რომ ეს არის პირველი დონის ხელისუფლება. ყველაზე მეტად ხალხს რაც სჭირდება, ის პრობლემები უნდა მოაგვაროს თვითმმართველობამ, როგორც საკრებულოებმა, ასევე გამგეობებმა, მერიამ. ჩვენი, მოღალატეების ხელისუფლება ერთადერთი რამით არის დაკავებული, რომ არჩევნების წინ მოგვატყუოს და არჩევნების მერე არ გააკეთოს არაფერი და თან ფული მოიპაროს." - განაცხადა ელისაშვილმა.

მმართველი პარტიის წევრები კი ამბობენ, რომ ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი რაც შეიძლება მალე დაასახელოს, რათა მათ კანდიდატზე „ყველამ ერთად ვიცინოთ". ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ოპოზიციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ „ქართული ოცნება" კვლავ კახა კალაძეს წარადგენს, მათ კანდიდატის დასახელება გაუადვილდებათ.

შარმანაშვილმა დაადასტურა, რომ თბილისში „ქართული ოცნება" კვლავ კახა კალაძეს წარადგენს: „ცალსახად, გადაჭრით და პირდაპირ ითქვა, რომ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. ასე რომ, ამ თემაზე დისკუსია ალბათ უნდა დაიხუროს." - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე