ნატალია ჯვარიძე
(29.07.2025)

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე თითქოს გამოქვეყნდა ინფორმაცია, უნდა დააკავონ და ამის დასტურად სკრინშოტს აქვეყნებს. ანალიტიკოსები ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამენ და ამბობენ, რომ სანამ ხაბეიშვილი ციხეში მოხვედრის გზას იპოვის, იქამდე „დევნილის გვირგვინს" მოირგებს.

„სავარაუდოა, რომ ეს განცხადება თვითონ ხაბეიშვილს ეკუთვნის, რადგან, ხომ ხედავთ, ოპოზიციონერებმა ციხისკენ წყობრი ნაბიჯით დაიწყეს სვლა", - უთხრა „რეზონანსს" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ.

ლევან ხაბეიშვილი კი ირწმუნება, „ვინც ფიქრობს, რომ მარტივად დამაკავებენ, ძალიან ცდება"-ო.

„ღამის 12-ის ნახევარზე დადეს ეს პოსტი, რომ ხაბეიშვილი უნდა დაიჭირონ. ეს არის შს სამინისტროს ოფიციალური გვერდი. ყველამ კარგად იცის, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მართავს ამ გვერდს, სხვათა შორის ასეთი სიგიჟე არასდროს არ დაუწერიათ, რომ ციხის კარები გაიხსნა, რომ ყოველ საღამოს დაიღალნენ ჩემი მოსმენით და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს აბსოლუტურ დეზორგანიზებას „ოცნებაში", შსს-ში და რაღაცნაირად ცდილობენ, ახლა თითქოს ფსიქოლოგიურად ხაბეიშვილზე იძალადონ, რომ დამაკავებენ. ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ჩემზე, ბიჭებო, ასე მარტივად არ არის საქმე, ვინ ვის დაიჭერს მაგასაც ვნახავთ, დაგველოდეთ, ძალიან ბევრი საინტერესო რამე ვიცი თქვენს შესახებ. მესმის მათი ისტერიკის და აბსოლუტურად სწორად არიან ისტერიკაში, აბსოლუტურად სწორად ღელავს მინისტრად წოდებული გელა, გეკა თუ ჯეკა. ვწუხვარ, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეში ხართ, ბიჭებო," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რამაზ საყვარელიძის აზრით, სანამ ხაბეიშვილი რამეს მოიფიქრებს, ეს გააკეთა, რათა დევნილის გვირგვინი მოირგოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუთითა, რომ ასეთი ფეისბუქ-გვერდი მას არ აქვს, ანუ ყალბია. ამიტომ სავარაუდოა, რომ ეს განცხადება თვითონ ხაბეიშვილს ეკუთვნის, რადგან, ხომ ხედავთ, მწყობრი ნაბიჯით დაიწყეს სვლა ოპოზიციონერებმა ციხისკენ, ხელისუფლებამ დაგვაკავაო, მაგრამ რეალური მიზეზი იყო ის, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ. ეს ხაბეიშვილი არც ამაზე დაუბარებიათ, თორე არც ის მივიდოდა და ბედნიერად წავიდოდა ციხეში. ამიტომ იმისთვის, რომ მის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაიდოს, თითქოს ტანჯულია, დევნიან და ხელისუფლებას ებრძვის, ამისთვის აწყობს ეს ვერსია, საზოგადეობაში გავრცელდეს ვითომ დევნიან. ხელისუფლებას ნამდვილად არ სჭირდება მისი დაპატიმრება. დანარჩენებივით ის კანონი არ დაურღვევია. თუ რამე სხვას მოიფიქრებს, მაგალითად ჩაამტვრიოს შუშა, ეძგეროს პოლიციელს და ა.შ., დააკავებენ. სანამ ეგ მოიფიქროს, იქამდე ეს გააკეთა, რომ თუ არ აკავებენ, ქე მაინც დაკავებულის გვირგვინი ჰქონდეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილისთვისაც გაუგებარია, რას ნიშნავს ხაბეიშვილის ეს განცხადება.

„დაკავების რაღაც საფუძვლები უნდა არსებობდეს. ძნელი სათქმელია, რამდენად მართალია ხაბეიშვილის ეს ბრალდება. მან უნდა თქვას, რატომ აპირებენ. შეიძლება მისთვის მიუღებელია და სასაცილოდაც არ ჰყოფნის. ასეთ რაღაცეებს არ წერენ, რაღაც უაზრობაა. რას ნიშნავს ციხის კარები გაიხსნა, როგორ შეიძლება ადამიანი ციხეში მოათავსო განაჩენის გარეშე. „ქართული ოცნებისგან" გამორიცხული არაფერია, მაგრამ არც ასე იდიოტურად იქცევა. რაღაც საფუძველს მაინც მოიგონებენ-ხოლმე. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ლევან ხაბეიშვილის თავში ჩახედვა მიჭირს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე