„დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად რუსეთი უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს"
მარიამ ვეკუა
(29.07.2025)

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ახალ ულტიმატუმს - 10 დღეში ცეცხლის შეწყვეტაზე - კრემლი უგულებელყოფს. მოსკოვი კომპრომისისთვის მზადყოფნას არ გამოხატავს, მაშინ როცა ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან პირობის არშესრულების შემთხვევაში სანქციებს არა მხოლოდ მოსკოვს, არამედ იმ ქვეყნებსაც დაუწესებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ. ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპს ახლა სჭირდება სწრაფი შედეგი, რომელიც როგორც საერთაშორისო ზეწოლას, ისე შიდა სკანდალებს გადაფარავს.

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს უკვე ყველაფერი გათვლილი აქვს.

„ტრამპი ცოტა მოუთმენელი კაცია, ამიტომ განაცხადა მკვეთრად, რომ მეტ დროს აღარ მივცემო. მე დარწმუნებული ვარ, თუ 10 დღეში რუსეთი არაფერს მოიმოქმედებს, ტრამპი დაუწესებს სანქციებს იმ ქვეყნებს, რომლებიც მისგან ნავთობს ყიდულობენ, ინდოეთმა უკვე განაცხადა, რომ შეულია სხვა ქვეყნებიდან იყიდოს ნავთობი, თუ 500%-იან გადასახადს დაუწესებენ. ჩინეთი ჩუმადაა. მგონია, რომ საბოლოო ჯამში ჩინეთიც უარს იტყვის, თუ აშშ თავის დანაპირებს შეასრულებს.

„ასე რომ, მე ველოდები სანქციების მძიმე პაკეტს, რომელიც რუსეთზე დიდ გავლენას მოახდენს. რთული სათქმელია, ეს სანქციების პაკეტი როცა დაწესდება, რამდენ ხანში შევა ძალაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ტრამპმა თამაშს თავი დაანება და რაღაც საქმეზე გადავა," -განაცხადა გოგოლაშვილმა

კითხვაზე - 50-დღიანი ულტიმატუმისა და რუსეთის უკრაინაზე ინტენსიური შეტევების ფონზე, რამდენად მაღალია შანსი, რომ შეთანხმება შედგება - გოგოლაშვილი გვპასუხობს:

„მე მგონია, რომ კი, შედგება - სადღაც 7 აგვისტოსთვის რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტა დროებით მაინც უნდა გამოაცხადოს, რადგან ეს მას ამერიკის ძლიერი მოქმედებისგან გადაარჩენს. ტრამპმა, რადგან ასე ხაზგასმით თქვა და განაცხადა ამ 10-დღიანი ვადის შესახებ, როგორც ჩანს, მზადაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგება, თუ ამ დანაპირებს არ შეასრულებს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ სანქციების დაწესებისთვის ყველაფერი მზადაა,"

გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკაში ახლა მიმდინარე სკანდალის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტისთვის ცეცხლის შეწყვეტის მოგავრების საკითხი, თუნდაც დროებით, უმნიშვნელოვანესია, რათა შიდა სკანდალი გადაიფაროს.

„ამერიკაში დიდი სკანდალია აგორებული - ტრამპისა და ეპშტეინის ურთიერთობას ვგულისხმობ. ეს ძალიან აზიანებს ტრამპს და მის სრულ გარემოცვას, მთელ რესპუბლიკურ პარტიას. მომავალ წელს არის შუალედური არჩევნები და შეიძლება რესპუბლიკურმა პარტიამ ამის გამო სენატში ან კონგრესში უმრავლესობა დაკარგოს. ამიტომ ახლა სასწრაფოდ ამ სკანდალის გადაფარვა სურთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა იქნება - ეს იქნება მისთვის გადარჩენის შესაძლებლობა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ასე მოხდეს," - დასძინა კახა გოგოლაშვილმა

ახალი ულტიმატუმები და მუქარის მორიგი სერიები

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი რუსეთს 10 ან 12 დღიან ვადას უწესებს, რომ ცეცხლის შეწყვიტოს, რუსეთი კომპრომისისთვის მზადყოფნას ისევ არ გამოხატავს.

„დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად რუსეთი უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს," - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ - სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ასევე, უკრაინის გარშემო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესისა და ამ პროცესში ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფის ერთგული ვრჩებით."

„ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი მართლაც შენელდა. რა თქმა უნდა, გვსურს უფრო ძლიერი დინამიკა ვნახოთ, რადგან ჩვენ ამით დაინტერესებულები ვართ. ამ საკითხით კვლავ დაინტერესებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი უფრო მეტ დინამიკას შეიძენს", - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას ორშაბათს თქვა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად პრეზიდენტ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს. შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.

გარდა ამისა, ტრამპმა დასძინა, რომ თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, მაშინ მეორად სანქციებს დააწესებს. „არ მინდა რუსეთს ეს გავუკეთო. მე რუსი ხალხი მიყვარს, შესანიშნავი ხალხია. მაგრამ, პუტინმა შეთანხმება უნდა დადოს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ლოდინს აზრი არ აქვს, როდესაც იცი, რა იქნება პასუხი."

ასევე, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „მოლაპარაკებებით დიდად დაინტერესებული აღარ არის".

მედვედევ-გრემის პაექრობა სოცქსელებში

ტრამპის ახალ ულტიმატუმს მალევე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი.

„ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს: 50 დღე თუ 10 დღე. მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: 1) რუსეთი ისრაელი ან ირანი არ არის. 2) ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან. მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით!" - წერს დიმიტრი მედვედევი.

მედვედევის განცხადებას ამერიკელმა სენატორმა სოციალურ ქსელში უპასუხა:

„რუსეთში მათ, ვინც თვლის, რომ ტრამპი სისხლისღვრის დასრულების მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი: მალე აღმოაჩენთ, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტი აღარ არის, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხედით," - ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი მედვედევის განცხადებას.

მოგვიანებით სოციალური ქსელითვე ლინდსი გრემს დიმიტრი მედვედევმა ისევ უპასუხა:

„არც შენი და არც ტრამპის საქმე არ არის, როდის „დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან". მოლაპარაკებები მაშინ დასრულდება, როდესაც ჩვენი სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანს მივაღწევთ. პირველ რიგში ამერიკაზე იზრუნე, ბაბუ!" - წერს მედვედევი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე