ნიკოლოზ ბენიაიძე: „ღირებულება საშუალოდ 80 თეთრი უნდა იყოს, რომ ფერმერს 5-10 თეთრიანი მოგება დარჩეს, გააგრძელოს წარმოება და ჩვენ ქვეყანაში გავზარდოთ მოსავლიანობა"
გვანცა წულაია
(29.07.2025)

ქართული ხორბლის წისქვილ-კომბინანტებში ჩაბარება ნელ-ნელა დაიწყო, თუმცა ამ პროცესს აქტიური სახე არ აქვს მიღებული, რადგან ფერმერები ფასის მატებას ელოდებიან. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, ჩაბარების ღირებულება 65-70 თეთრის ფარგლებშია, მაგრამ ქართველები მიწათმოქმედები ფიქრობენ, რომ ხორბლის ღირებულება მოიმატებს, ამიტომ უმეტესი მათგანი მოსავალს ასაწყობებს.

მიმდინარე ეტაპაზე ხორბლის აღების აქტიური პროცესი მიმდინარეობს და ფერმერების ძალიან მცირე ნაწილი მოსავალს წისქვილებში აბარებს კიდეც, თუმცა დიდი ნაწილი მარცვლეულს ინახავს, რადგან, ამ ეტაპზე, არსებული ღირებეულება მათთვის მიუღებელია, რომელიც კილოგრამზე 65-70 თეთრის ფარგლებშია.

„მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარის ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, ხორბლის ჩაბარების ღირებულება საშუალოდ 80 თეთრი უნდა იყოს, რომ ქართველ ფერმერს 5-10 თეთრიანი მოგება დარჩეს.

„ხორბლის ჩაბარების პროცესი ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარებს, რადგან ღირებულება ძალიან დაბალია. ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვთ ხორბალი, იქ იაფია, მოხსნილია გადასახადები და ამიტომ საქართველოში შემოდის ძალიან იაფად. ჩვენ კიდევ იგივე ფასში რომ გავყიდოთ, აზრი არ აქვს. ახლა ღირებულება 65 თეთრის ფარგლებშია.

მოსავლის აღება რუსეთშიც მიმდინარეობს და იქაც, როგორც აქ, ფერმერს აქვს აღების ხარჯი. სადღაც 15 აგვისტოსთვის იქაც შენელდება მოსავლის აღება და დასაწყობებული იქნება ძირითადი რაოდენობა. სწორედ ამ პერიოდს ველოდებით, რომ დასტაბილურდეს ღირებულება.

წელს, გაზაფხულზე ხორბლის ჩაბარების ფასი 95 თეთრამდე ავიდა. შემდეგ, ღირებულება უცებ დაეცა და 70 თეთრად დაიწყეს ჩაბარება ახალ მოსავალზე, მერე ჩამოვიდა 58-60 თეთრამდე და ახლა სადღაც 65 თეთრია. ღირებულება საშუალოდ უნდა იყოს 80 თეთრი, რომ ფერმერს 5-10 თეთრიანი მოგება დარჩეს, გააგრძელოს წარმოება და ჩვენ გავზარდოთ ქვეყანაში მოსავლიანობა", - განუცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ „რეზონანსს".

მიღებული მოსავლის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ფერმერებმა წელს დაახლოებით 180-200 ათასამდე ტონა ხორბალი მოიყვანეს. რაც შეეხება სასურსათო და საფურაჟე რაოდენობას, ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, მათი წილი მოსავალში ჯერ უცნობია, რადგან ფერმერებს ანალიზი არ ჩაუტარებიათ. ამის მიზეზი კი ხორბლის ჩაბარების დაბალი ფასია.

„რაც შეეხება რაოდენობას, ვფიქრობთ, რომ წელს მოსავალი დაახლოებით 10%-ით უნდა იყოს გაზრდილი და შეიძლება ავიდეთ 180-200 ათას ტონამდე", - განუცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ „რეზონანსს".

როგორც ირკვევა, ქართველი ფერმერების დიდი ნაწილი ხორბალს ინახავს და მოსავალს მაშინ გაყიდის, როდესაც ფასი მათთვის მისაღები იქნება

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განაცხადა, ღირებულების ზრდა მსოფლიო ბაზრის პრინციპებს ეფუძნება და რეალურად, არის იმის წინაპირობა, რომ შესაძლებელია ფასის ზრდა, მაგრამ, ეს პროგნოზია და არა დადასტურებული ფაქტი.

„ხორბლის ჩაბარების პროიცესი უკვე თვე ნახევარია დაიწყო, უბრალოდ, აქტიურობა ჯერ ნაკლებია, შარშანდელთან შედარებით, გამომდინარე იქიდან, რომ ფერმერების ნაწილს ჩაბარების ფასი არ აწყობს. ღირებულება მსოფლიო ბაზრიდან გამომდინარეა, 65-70 თეთრის ფარგელში, თუმცა ფერმერებს მოლოდინი აქვთ, რომ მოსავალის დაბიანავების შემდეგ, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, ევროპის ქვეყნებში, ღირებულება უფრო მაღალი იქნება.

შეიძლება ჩაბარების ფასი არც გაიზარდოს, შესაძლოა, გაიზარდოს. ჩვეულებრივი ბიზნესია და ყველა კომპანია თუ ფერმერი თავისით საზღვრავს ამ ყველაფერს. საერთოდ, ფერმერები ჩვეულებრივ, ტრადიციულ წელიწადს საზღვრავენ შემდეგნაირად, რომ ჩაბარების იმ რაოდენობით, რომელიც პირველ აღებაზე აქვთ, ისტუმრებენ თავიანთ ფულად საკრედიტო ვალდებულებებს, ეს არის ბანკი, სესხი და სხვა. შემდგომისათვის კი უყურებენ ბაზრის ტენდენციას, ანუ უღირთა ჩაბარება თუ უღირთ შენახვა. წელს იკვეთება ტენდენია, რომ ფერმერების ძირითადი ბირთვი შენახვას ამჯობინებს.

ღირებულების ზრდა არ არის იმაზე დამოკიდებული, თუ რას ფიქრობენ ფერმერები, არამედ ეს მსოფლიო ბაზრის პრინციპებს ეფუძნება. რეალურად, არის იმის წინაპირობა, რომ შესაძლებელია ფასის ზრდა, მაგრამ, ეს პროგნოზია და არა დადასტურებული ფაქტი. თუ აღმავალი ტრენდი წავიდა, ეს იქნება სადღაც სექტემბრის შემდეგ, როდესაც მოსავალი დაბინავდება. მანამადე, სავარაუდოდ, გვექნება დღევანდელი სიტუაცია, თუ რამე სერიოზულად არ შეიცვალა, მათ შორის, პოლიტიკური სიტუაცია, დოლარის კურსი და ა.შ.

მოსავლის რაოდენობას ვერ ვსანზღვრავთ, რადგან თავად ფერმერებს არ აქვს იმის ვალდებულება, რომ მონაცემები ჩააბარონ სტატისტიკის დეპარტამენტს. სავარაუდო იყო, როგორც მარცვლეულის ასოციაციამ დაასახელა, 180-200 ათასი ტონა ხორბალი და იქნება თუ არა ეს, გვეცოდინება წლის ბოლოსკენ, როდესაც ფერმერები დაიწყებენ გაყიდვას, მანმადე სექტემბერ-ოქტომბერში, და უკვე გამოჩნდება სურათუ, თუ რამდენია მოსავალი", - განუცხადა „რეზონანსს" ლევან სილაგავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე