მარიამ ვეკუა
(28.07.2025)

კვირას აშშ-მ ევროკავშირთან ჩარჩო- სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით ევროკავშირის საქონლის უმეტესობაზე იმპორტის ტარიფმა 15%-მდე დაიწია- „ამით კი თავიდან აიცილეს უფრო დიდი სავაჭრო კონფლიქტი ორ მოკავშირეს შორის, რომლებიც გლობალური სავაჭრო ბაზრის, თითქმის მესამედს იკავებენ, წერს „როიტერსი". რა მიმართულებით წავა ევროკავშირისა დ აშშ-ს პოლიტიკური ურთიერთობა და რა გავლენა ექნება მიღწეულ კონსესუსს.

დასავლელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს სავაჭრო დაძაბულობის განეიტრალებას და სამომავლო დაპირისპირების თავიდან აცილებას, რაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში. მათივე თქმით, ტარიფების შემცირება და ბარიერების ნაწილობრივი ლიბერალიზაცია გაამყარებს ეკონომიკურ კავშირს და ვაჭრობის მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

Teneo-ს კვლევის დირექტორის მოადგილემ, კარსტენ ნიკელმა, კვირას მიღწეული შეთანხმება „უბრალოდ მაღალი დონის პოლიტიკური შეთანხმებად" შეაფასა, თუმცა ვინიდან დოკუმენტი იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას, მისი თქმით, ამან შესაძლოა მომავალი უთანხმოებისთვის საფუძველი ისევ შექმნას.

„კვირას მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს მაღალი დონის პოლიტიკურ ხელშეკრულებას, თუმცა, არსებობს სხვადასხვა ინტერპრეტაციის რისკი, რაც უკვე გამოიკვეთა აშშ-სა და იაპონიას შორის მსგავსი შეთანხმების შემდეგ. ამ ბუნდოვანებამ შესაძლოა მომავალში უთანხმოებების და დაძაბულობის მიზეზი შექმნას."

ანალიტიკოსი ჯულია პეინი , ბრიუსელიდან აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დარეგულირებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ეს შეთანხმება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით, თუმცა, მისი ნაწილი კვლავ ბუნდოვანია და კონკრეტული ტექნიკური დეტალების შევსება საჭიროებს დამატებით მოლაპარაკებებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასატარიფო ბარიერების საკითხი, რომელიც ხშირად უფრო მეტ დაბრკოლებას ქმნის, ვიდრე თავად ტარიფები.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შეთანხმება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოს სავაჭრო კონფლიქტს თავიდან ააცილებს, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებდა გერმანიის ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკას და საავტომობილო სექტორს. გერმანელი ავტომწარმოებლები - VW, Mercedes და BMW -აშშ-ის მიერ ავტომობილებისა და ნაწილების იმპორტზე დაწესებული 27.5%-იანი ტარიფით განსაკუთრებით დაზარალდებოდნენ, განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელებისთვის საბაზისო 15%-იანი ტარიფი, მათ საწყის მოლოდინებთან შედარებით ძალიან მაღალია, რადგან თავიდან ნულოვანი ტარიფების შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ.

კვირას საღამოს აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპს აქვს უფლება, მომავალში ტარიფები გაზარდოს, თუ ევროპული ქვეყნები საინვესტიციო ვალდებულებებს არ შეასრულებენ.

საინტერესოა ისიც, რომ ევროს კურსმა დოლართან, ფუნტ სტერლინგთან და იენასთან მიმართებაში შეთანხმების გამოცხადებიდან ერთ საათში დაახლოებით 0.2%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, 12 ივლისს ტრამპმა დააანონსა, რომ 1 აგვისტოდან ევროკავშირიდან იმპორტზე 30%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავდა, მას შემდეგ, რაც კვირების განმავლობაში მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების მიღწევაზე წარუმატებელი იყო.

ევროკავშირს კი საპასუხო ზომების სახით 93 მილიარდი ევროს (109 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების ტარიფებიც მომზადებული ჰქონდა, რომელსაც აშშ-ს დაუწესებდა, თუ საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ.

„მკაცრი მომლაპარაკებელი"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეთანხმების შესახებ ტრამპის გოლფის მოედანზე, დასავლეთ შოტლანდიაში, ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გამოაცხადეს.

„ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და ევროკავშირის გეგმებს პოზიტიურად შეაფასა, რომელიც შეერთებულ შტატებში დაახლოებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას და აშშ-ის ენერგეტიკისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდას ითვალისწინებს.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გარიგება, გასულ კვირას იაპონიასთან 550 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელმოწერილ შეთანხმებას ბევრად აღემატება, აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი ტრანსატლანტიკურ ძალებს შორის კავშირებს გააფართოვებს.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ევროკავშირი ამერიკელი ექსპორტიორების მიმართ უსამართლო მოპყრობაში არაერთხელ დაადანაშაულა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ტრამპს მკაცრი მომლაპარაკებლი უწოდა, განაცხადა, რომ 15%-იანი ტარიფი „ყველაფერზე" გავრცელდება და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს „საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი შეგვეძლო მიგვეღო".

„ჩვენ გვაქვს სავაჭრო შეთანხმება მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის და ეს დიდი, უზარმაზარი გარიგებაა. ის მსოფლიოს სტაბილურობას და პროგნოზირებადობას მოუტანს," - განაცხადა მან.

რას ითვალისწინებს შეთანხმება

შეთანხმება ასახავს აშშ-სა და იაპონიას შორის მიღწეული ჩარჩო შეთანხმების მთავარ პრინციპებს, თუმცა, როგორც იმ შეთანხმების შემთხვევაში, ბევრ საკითხს კვლავ არ აკონკრეტებს - მათ შორის სპირტიან სასმელებზე დაწესებულ ტარიფებს, რაც ატლანტიკის ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი თემაა.

ტრამპის განცხადებით, შეთანხმება მომავალ წლებში ევროკავშირის მხრიდან აშშ-ის ენერგიის 750 მილიარდი დოლარის შესყიდვას და „ასობით მილიარდი დოლარის" სამხედრო აღჭურვილობის შეძენას ითვალისწინებს, რაც კარგი ამბავია ევროკავშირის მრავალი კომპანიისთვის, მათ შორის Airbus-ის (AIR.PA), Mercedes-Benz-ის (MBGn.DE) და Novo Nordisk-ისთვის, თუკი ყველა დეტალი მკაფიოდ დადგინდება.

ტარიფები ჯერ კიდევ ვრცელდება საქონლის უმეტესობაზე, მათ შორის ფარმაცევტულ პროდუქტებზე, თუმცა არსებობს გამონაკლისები.

გარდა ამისა, აშშ შეინარჩუნებს 50%-იან ტარიფს ფოლადსა და ალუმინზე. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ტარიფების სისტემა შესაძლოა შეიცვალოს კვოტების სისტემით; აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მოლაპარაკებების გაგრძელება მოითხოვეს.

ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ თვითმფრინავებსა და მათი ნაწილებზე, გარკვეულ ქიმიკატებზე, ზოგიერთ მედიკამენტზე, რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტსა და კრიტიკულ ნედლეულზე ტარიფები არ იქნება.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მეტი პროდუქტის სიაში დასამატებლად," - აღნიშნა მან.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომერციულ თვითმფრინავებზე ტარიფი ამ ეტაპზე ნულის ტოლი რჩება. მისივე თქმით, არსებობს „საკმაოდ კარგი შანსი", რომ შეთანხმდნენ 15%-ზე დაბალ ტარიფზე, თუმცა კონკრეტული ვადები არ განუხილავთ.

შეთანხმება ტრამპის ტრიუმფად მიიჩნევა, რომელიც ისახავს გლობალური ეკონომიკის რეორგანიზაციასა და აშშ-ის ხანგრძლივი სავაჭრო დეფიციტის შემცირებას, მან უკვე მიაღწია მსგავს ჩარჩო შეთანხმებებს დიდ ბრიტანეთთან, იაპონიასთან, ინდონეზიასთან და ვიეტნამთან, თუმცა „90 დღეში 90 შეთანხმების" ამბიციური გეგმის შესრულება ვერ შეძლო., წერს „როიტერზი"

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი დათანხმდა ავტომობილებისა და ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე სატარიფო ბარიერების მოხსნას. თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დეტალები კვლავ განხილვის პროცესშია.

ტრამპი წლების განმავლობაში აკრიტიკებდა ევროკავშირს, და გამოხატავდა უკმაყოფილებას აშშ-სა და ევროკავშირს შორის 2024 წელს 235 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტის გამო.

ტრამპი ამტკიცებს, რომ მისი დაწესებული ტარიფები აშშ-ს „ასობით მილიარდი დოლარის" შემოსავალს მოუტანდა, თუმცა ეკონომისტები ინფლანციის ზრდის რისკზე საუბრობდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე