ნატალია ჯვარიძე
(28.07.2025)

ოპოზიცია კვლავ გაერთიანებაზე საუბრობს. „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ სთავაზობს ყველა პროდასავლურ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს, დროზე დაიწყონ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად.

გიორგი ვაშაძე პოლიტიკური ერთობის შესახებ, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ, ასევე, საპატიმროდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, საქართველო გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს.

„მისასალმებელია ზურა გირჩი ჯაფარიძის ინიციატივა, სრულად ვიზიარებ მის მოსაზრებებს ერთიანობისა და საერთო ბრძოლის გაგრძელების შესახებ. საქართველო გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს. დღეს ქვეყანაში ივანიშვილის რუსული ავტოკრატია ყველა საშუალებით იბრძვის გადარჩენისთვის და თუ რეალური ალტერნატივა არ შევთავაზეთ საზოგადოებას, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმის ატანა. საზოგადოება ელოდება ქმედით ნაბიჯებს.

უნდა დავიწყოთ არა მორიგი საუბარი, არამედ რეალური გაერთიანებისთვის გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, ამის 8-პუნქტიანი გეგმა არსებობს და საჭიროა მივყვეთ მას.

ვთავაზობ ყველა პროდასავლურ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, სადაც ერთიანობა ნიშნავს საერთო ბრენდს და ერთიან ფრონტს ივანიშვილის წინააღმდეგ. ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს, არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა. დრო აღარ იცდის, ხალხი ჩვენს გაერთიანებას ითხოვს! გაერთიანება საქმით და არა სიტყვებით! თუ ახლა არა - მაშინ როდის?!"- წერს გიორგი ვაშაძე წერილში.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპიზიციის ერთობას გამორიცხავს.

„რა თქმა უნდა, ვაშაძის და ჯაფარიძის მოწოდებებს პერსპექტივა არ აქვს. ძალიან მარტივია, ერთიანობისკენ მოწოდებით ერთიანობა ვერ იქმნება. ამისთვის საჭიროა მეტ-ნაკლებად ყველა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი რაღაცნაირად ერთ საერთო აზრზე შეჯერდეს, რაც არსებულ ვითარებაში გამორიცხულად მიმაჩნია",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე კი ვარაუდობს, რომ არჩევნების წინ ადგილობრივი არჩევნების მოწინააღმდეგე ოპოზიცია გაერთიანდეს.

„მე ასე მგონია, რომ ჯაფარიძის და ვაშაძის მოწოდებებს ერთიანობაზე პერსპექტივა აქვს. ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია გაერთიანდნენ ის პროდასავლური პარტიები, რომლებიც არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში.

ჩემი აზრით, ახლა იმიტომ გამოვა, რომ გამოიკვეთნენ ის პარტიები, რომლებსაც არჩევნები არ სურთ, ანუ მათ უფრო მეტი საერთო გააჩნიათ ერთმანეთთან. ამას პლუს არჩევნები ახლოვდება და დაძაბულობის ფონზე ამ პარტიებს უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ იმისათვის, რომ სამოქალაქო წევრებთან ერთად, ერთობლივად იმოქმედონ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე