ნატალია ჯვარიძე
(28.07.2025)

კახა კალაძეს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი, ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების" კანდიდატი.

„რა თქმა უნდა, მე წინასწარ ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, თუმცა როგორც ვიცი, მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერი კანდიდატის წარდგენას. დავიცვათ პროცედურები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან კანდიდატის წარდგენა ფორმალურად მოხდეს.

მგონი, სიურპრიზი არავისთვის არის, რომ არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყო მერობის კანდიდატი. ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც სასურველია დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს.

დავუცადოთ სულ რამდენიმე დღე ამ პროცესებს და საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. სანამ ფორმალური პროცედურები არ არის დასრულებული, რა თქმა უნდა, არის იმის შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის კანდიდატი იყოს წარდგენილი, მაგრამ დღევანდელ მერს, კახა კალაძეს აქვს გამოთქმული სურვილი და ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ დავასახელოთ თბილისის მერობის კანდიდატად, ამიტომ დღეს სხვა მოლოდინი არ მაქვს, თუმცა მაინც ფორმალური პროცედურების დასრულებას დაველოდები", - განაცხადა მახაშვილმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, კახა კალაძე არ ითვლება პრემიერის გუნდის წევრი, ამიტომ ის ეცდება გაუშვას, თუმცა, მისივე თქმით, ეს მარტივი არ იქნება.

„აშკარად ჩანს, რომ კალაძე არ არის ირაკლი კობახიძის გუნდის წევრი. „ქართულ ოცნებაში" ორად ორი ფიგურა რჩება, რომელიც გამოკვეთილად კობახიძის გუნდის წევრად არ ითვლება. პირველი არის კალაძე, რომელსაც გუნდი ჰყავს, ქალაქს მართავს და შედარებით სუსტი თეა წულუკიანია, რადგან გუნდი არ ჰყავს. დანარჩენი ყველა ჩუმადაა.

ფაქტია, ქალაქი თბილისის მერი ყველაზე უფრო დაცული პოლიტიკოსია საქართველოში და საზოგადოების დიდი ნდობაც მას აქვს. ვერავინ ძალით მას ვერ გააგდებს. ერთადერთი მიზეზი მისი წასვლის იქნება მისი სურვილი. თუ რაღაც ისეთი არ მოხდა, მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარება, სხვანაირად შანსი არაა, ივანიშვილიც კი ვერ უბრძანებს წასვლას.

ახლა პრობლემა არ არის ის, თუ ვინ იქნება მერი, პრობლემაა კალაძე იქნება, თუ არა. მთავარია კობახიძემ კალაძე მოაცილოს. წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეიძლება დანიშნოს პრემიერმა, თუმცა გავლენიანი ფიგურა კი იქნება",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ წელსაც კახა კალაძე იქნება მერობის კანდიდატი.

„ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ კახა კალაძე იქნება მერობის კანდიდატი, რადგან მან ამ ორი ვადის განმავლობაში გააკეთა ისეთი საქმეები, რომელიც მანამდე არც ერთ მერს თბილისში არ გაუკეთებია. პოლიტიკა ხელოვანებაა და მე ასე მგონია, ლევან მახაშვილმა აქედან გამომდინარე გააკეთა განცხადება, რადგან პრემიერმაც თქვა, მერობის კანდიდატი კალაძე იქნება, ოღონდ ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურებიო. ამიტომ ჩემი აზრით, აქ საორჭოფო არაფერია, რადგან ამაზე კარგი კანდიდატი არ არის",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე