ნატო-სგან და აშშ-ისგან ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ რუსეთი და ჩინეთი გლობალური კონფრონტაციისთვის უკვე 2027 წელს იქნებიან მზად. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ ნატო-სა და აშშ-ის ყველა შეფასებით, რუსეთი და ჩინეთი უკვე 2027 წელს იქნებიან მზად გლობალური კონფრონტაციისთვის. ამერიკელები სერიოზულად ემზადებიან არა საომარი სიტუაციისთვის, არამედ სიტუაციისთვის, რომელშიც ჩვენი გლობალური მოწინააღმდეგეები მზად იქნებიან ასეთი კონფრონტაციისთვის.
რუსულ გეგმა მარტივია, ეს საიდუმლო არაა. როდესაც 2027 წელი, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძალის შესაძლო ტესტი გვიახლოვდება, რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის გაყოფა, და პოლონეთისა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნების გაყოფა და დანარჩენი დასავლეთისგან იზოლირება", - განაცხადა ტუსკმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და აღნიშნავს, რომ გამოსავალი ევროკავშირის მიერ მძლავრი სამხედრო ძალის შექმნა იქნებოდა.
„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარზე. ერთ-ერთი უარესი სცენარის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლებელია რუსეთ-ჩინეთის ალიანსი ჩამოყალიბდეს. მითუმეტეს, ამ ორმა ქვეყანამ უკვე რამდენჯერმე ჩაატარეს ერთობლივი სამხედრო წვრთნა და სხვათაშორის, ერთ-ერთ ასეთ წვრთნაში მონაწილეობა მიიღო 300 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. თუმცა ეს მოხდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე.
დღეს ჩინეთი გარკვეულწილად ხელს უწყობს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში. მართალია ჩინეთი პირდაპირ შეიარაღებას არ აწვდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყიდულობს რუსულ ნავთობს და მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური მოცულობა აღემატება 200 მილიარდ დოლარს. ეს ეხმარება რუსეთს, თავი დააღწიოს სანქციებს.
ამას პლუს, ჩინეთი ძლიერდება, მისი თავდაცვის ბიუჯეტი სადღაც 200 მილიარდი დოლარის ფარგლებში არის. ჩინეთი თავის სამხედრო პოტენციალს ზრდის. ეს არ ნიშნავს, რომ ის ევროპას თავს დაესხმევა, თუმცა, შესაძლებელია ტაივანს დაესხას და თავისი გავლენის სფეროები გააფართოვოს შორეულ აღმოსავლეთში. თუმცაღა ეს არის მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი სცენარი.
მეორე შედარებით ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, მე მაინც მგონია, რომ რუსეთი დღეს სუსტდება, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით. პუტინმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ის დაიწყებს სამხედრო ხარჯების შემცირებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის კეთილდღეობის ეროვნული ფონდის მოცულობა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე იყო დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი და ახლა ის შემცირებულია, დაახლოებით 35 მილიარდ დოლარამდეა.
ჩინეთს რაც შეეხება, მასზე დასავლეთი უფრო დამოკიდებულია. თუნდაც ერთი გზის პროექტი რომ არის, რომელიც გულისხმობს ჩინეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტს.
ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა დაახლოებით 600 მილიარდი ევროა. ანუ სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე ჩინეთსა და რუსეთს შორის. ამას პლუს, სანამ ტრამპი ტარიფებს აამოქმედებდა ჩინეთს და აშშ-ს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა დაახლოებით 700 მილიარდი დოლარი იყო.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი მაინც ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე და არა სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე. ამიტომაც ის დასავლეთთან გარკვეულწილად დაკავშირებულია. საბოლოო ჯამში, ჩინეთი რუსეთთან რაღაც სამხედრო ოპერაციებს არ აწარმოებს.
მეორე სცენარი უფრო მოსალოდნელია, საიდანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთისა და ჩინეთის ალიანსი საბოლოო სახეს ვერ მიიღებს. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მისასალმებელია ევროკავშირის ძალისხმევა, რათა შეიქმნას 800 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდი, რომელიც მოხმარდება მთლიანად ევროკავშირის და მისი თითოეული წევრის თავდაცვის უზრუნველყოფას.
ამიტომაც აუცილებელია, რომ ევროკავშირი ჩამიყალიბდეს არა მარტო მძლავრ ეკონომიკურ ძალად, არამედ სამხედრო ძალადაც, რადგან თუნდაც ამერიკის დახმარების გარეშე შეძლოს თავდაცვის უზრუნველყოფა.
მითუმეტეს, თუ ტრამპი აღარ იქნება პრეზიდენტი 2028 წლიდან, მე ასე მგონია ევროკავშირსა და ამერიკას შორის ურთიერთობები ისევ აღდგება. საერთო ჯამში, მე ასე მგონია ეს გამარჯვება იქნება დასავლური დემოკრატიული სამყაროსი და მათ შორის უკრაინის მხარეს, თუმცა ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ჩემს მიერ აღნიშნული ორივე ვარიანტის განხილვა შეიძლება, თუმცა უფრო ოპტიმისტური და რეალური მეორეა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე