რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მარკო რუბიოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „იმედგაცრუებულია, რომ ვლადიმერ პუტინთან კარგ სატელეფონო საუბრებს, საბოლოოდ, არაფერი მოაქვს".
„მოქმედების დრო მოვიდა და პრეზიდენტმა ეს ნათლად განაცხადა. ის მოთმინებას კარგავს. მოთმინებას კარგავს, რომ რუსეთის მხრიდან ამ ომის დასასრულებლად ნაბიჯების გადადგმას დაელოდოს. ეს მისი ომი არ არის, მაგრამ მისი დასრულება სურს", - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.
„ჩართულობის უმეტესი ნაწილი დროის მოგებისა და გაყვანის ტაქტიკაა, რათა ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, რომ მშვიდობის მიღწევით დაინტერესებულები არიან, მაგრამ სერიოზულად არ არიან განწყობილები. დონალდ ტრამპი იმ მახეში არ გაებმება, რომ დაუსრულებელ მოლაპარაკებებში ჩაერთოს", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის ვახტანგ მაისაიას აზრით, „ტრამპს ყელში ამოუვიდა პუტინის თავხედობები და სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას".
„ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინმა ტრამპსაც კი ყელში ამოუყვანა თავისი გეოპოლიტიკური თავხედობით და როგორც ჩანს, მათ შორის დაპირსპირების ახალი ეტაპი დაიწყება. თან ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ბაიდენისგან განსხვავებით ტრამპი უფრო რადიკალური პოლიტიკოსია და შეუძლია ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
აქედან გამომდინარე, ტრამპი შეეცდება რუსეთს დაარტყას შავ ხვრელებში, ანუ ისეთ ადგილებში, საიდანაც ის თავის ეკონომიკურ პოტენციალს აბალანსებს. ის, რომ რუსეთი თავის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალს აძლიერებს, ფაქტია. პუტინმა რუსეთის ეკონომიკა გადაიყვანა საომარი მდგომარეობის პირობებში და სამხედრო წილი გაიზარდა. ასევე, რუსეთში საკმაოდ კარგად მოქმედი ეს ე.წ. რუხი ეკონომიკაა, რომელიც პარალელურია ოფიციალური ეკონომიკის მოდელების, სადაც არის დიდი კორუფციული გარიგებები და სანქციების თვალის ამხვევი სქემები.
ეს კარგად მუშაობს, რადგან მარტო შავი სამრეწველო ფლოტის მეშვეობით თვეში დაახლოებით შემოსავლის სახით იღებს ერთიდან სამ მილიარდ დოლარს. ეს არ არის მცირე თანხები. ეს ყველაფერი ისევ თავდაცვითი ხარჯების თანხებში მიდის, ოღონდ ეს ოფიციალურად არ აისახება.
როგორც ჩანს, ტრამპი აპირებს ამ მიმართულებით მიიღოს გადამწყვეტი ზომები და უფრო ეფექტური გახადოს ეკონომიკური სანქციები, ან ეკონომიკური ბლოკადა, რადგან რასაც ჩვენ ვხედავთ, დასავლეთმა მაქსიმალურად გამოიყენა სანქციების პოტენციალი და სამწუხაროდ, არ არის იმდენად ეფექტური.
რუსეთი თავისი მოკავშირეების და კიდევ სხვების მეშვეობით ახერხებს ფინანსური საშუალებების კიდევ უფრო მობილიზაციას. ასე რომ, სავარაუდოდ, ტრამპი ამ მიმართულებით განახორციელებს სერიოზულ ნაბიჯებს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე