მარიამ ვეკუა
(26.07.2025)

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. ელჩის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ხაზგასმულია, რომ ქართულმა მხარემ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას თავისი გზავნილები გადასცა. დაიწყება თუ არა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პოლიტიკური ურთიერთობა და რა შეთავაზებები აღმოჩნდა ოვალური კაბინეტის „სავაჭრო მაგიდაზე", საკვანძო კითხვებად რჩება.

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალი ელჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა დიპლომატიური პროცესის ნაწილია და ამაში განსაკუთრებულიც არაფერი არის.

„ჩვეულებრივი დიპლომატიური პროცესია, ამაში ვერც განსაკუთრებულს ვხედავ რამეს და ვერც მოულოდნელს. თუ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, ელჩის რწმუნებათა სიგელის გადაცემა არის ჩვეულებრივი ნაბიჯი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს პრეზიდენტს „ჩვენ რაღაც შევთავაზეთო" - ფაქტობრივად ასეა ნათქვამი წერილში."

ძაბირაძე ვარაუდობს, რომ „ოცნება" აშშ-სთან „ნიადაგის მოსინჯვას" ხელახლა ცდილობს, მისივე თქმით, ეს კარგია, თუმცა, ამ პროცესს „მეგობარი აქტის" შეყოვებასაც უკავშირებს.

„გარდა ამისა, რწმუნებათა სიგელები გადასცეს. საინტერესოა, რომ ქართულმა მხარემ ნიადაგის მოსინჯვა ისევ დაიწყო აშშ-სთან. ეს კარგია, თუ „ოცნება" - რომლის პოლიტიკაც მთლიანად უპირისპირდებოდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ხასიათს ატარებდა - ამ ფონზე რაიმე კონიუქტურის შეცვლას ცდილობს, ეს კარგი ნაბიჯია.

მეორე მხრივ, შესაძლებელია ამ ნაბიჯთან დაკავშირებული იყოს ისიც, რომ მეგობარი აქტის მიღება შეყოვნდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორებისგან გვქონდეს მხარდაჭერა. როგორმე იქნებ, ისევ დავუბრუნდეთ განვითარების დასავლურ ვექტორს"-თქვა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ ამ შეხვედრის მთავარი მნიშვნელობა და საქართველოს ელჩისთვის აგრემანის გადაცემა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან „ოცნების" ლეგიტიმურად აღიარების მომასწავლებელია.

„მთავარი მნიშვნელობა ამ შეხვედრის ის არის, რომ საქართველოს ელჩისთვის აგრემანის გადაცემით და მისი მიღებით, პრინციპში, აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ის აღიარებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობას.

ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მას უბრალოდ არ მიიღებდნენ. რადგან ეს მოხდა, უკვე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და ხაზგასმით ვამბობ, არა გარღვევა ორმხრივ ურთიერთობებში. ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი საწინდარი იმისა, რომ მხარეებმა იმუშაონ იმაზე, რომ ის წუხილები და პრობლემები, რაც იყო დაგროვილი, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოაგვარონ, ახალი ელჩის მეშვეობით ეს უფრო იოლი იქნება, ვიდრე ელჩის არ ყოფნის პირობებში. ჩვენ ფაქტობრივად ერთი წლის განმავლობაში ელჩი არ გვყავდა."-განაცხადა ანჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველო აშშ-ში ელჩი 2024 წლის დეკემბრიდან არ ჰყავდა, როდესაც დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.ამ პერიოდში აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე, ელჩის პოსტი ვაკანტური დაახლოებით 7 თვის განმავლობაში იყო.

რას გულისხმობს ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება

კითხვაზე რას გულისხობს ქართული მხარის მიერ გაჟღერებული სიტყვები აშშ-სთან ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება და ხომ არ შეიცვალა „ოცნების" რიტორიკა , ვახტანგ ძაბირაძე გვპასუხობს:

„ქართული ოცნება" კი ამბობს, „ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობაო" და ა.შ., მაგრამ კონკრეტულად რას სთავაზობს აშშ-ს, იმას არ ამბობს. კი, გეთანხმებით, ამაზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა პასუხიც ნათელი იყო შეთავაზებებზე - დახურული ფორმატები იყო ძირითადად, თუ არ ჩავთვლით აშშ-ს ელჩის განცხადებას წერილის შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში გააგზავნა.

მე მგონია, რომ სიტყვები კი იგივეა - „ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობა" და ა.შ. - მაგრამ იმედი მაქვს, რომ „ოცნებამ" პოზიცია მაინც შეცვალა, ყოველ შემთხვევაში შეარბილა მაინც. ახალი ფურცლიდან დაწყებას რომ ითხოვენ, უკვე შეცვლილი პოზიციით ითხოვენ. მე ასე მგონია და ალბათ ასეც უნდა იყოს.

თუ იგივეს ითხოვ, რაზეც აქამდე უარი გქონდა მიღებული, რა თქმა უნდა, ასეთ შეთავაზებას აზრი არ აქვს. ამის საფუძველზე ვამბობ, რომ „ოცნებამ" ახალი შეთავაზება გაუკეთა შეერთებულ შტატებს."-გამაცახდა ძაბირაძემ.

ზაალ ანჯაფარიძემ ყურადღება ანაკლიის პორტზე გაამახვილა. მისივე თქმით, ის, რომ საქართველომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმისთვის პორტის გადაცემა შეაჩერა, რაზეც მანამდე ამერიკულ მხარეს წუხილი ჰქონდა, „რაღაცის მანიშნებელია".

„ვისაუბროთ ფაქტებით, ის, რომ ანაკლიის პორტის გადაცემა ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმისთვის ჯერჯერობით შეჩერებულია, რაზეც ამერიკულ მხარეს ჰქონდა ერთგვარი წუხილი და გართულება, ეს ხომ რაღაცის მანიშნებელია. კიდევ ალბათ არის ისეთი მომენტები, რაც, დავუშვათ, საჯაროდ არ ითქმის, მაგრამ სავარაუდოდ ამაზეც მოლაპარაკებებს მართავენ მხარეები.

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ საქართველო და აშშ სხვადასხვა გეოპოლიტიკურ წონით კატეგორიებში თამაშობენ და, შესაბამისად, საქართველოს მაინცდამაინც ბევრი მოთხოვნა არ შეუძლია. ერთადერთი, რისი მოთხოვაც მას შეუძლია, ის ძირეული სახელმწიფო ინტერესებია, რომ გათვალისწინებული იყოს ამერიკელი პარტნიორების მხრიდან."-განაცხადა ანჯაფარიძემ.

რა შეიძლება ყოფილიყო სავაჭრო მაგიდაზე

კითხვაზე, რა შეიძლებოდა ქართულ მხარეს ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის შეეთავაზებინა ან მოეთხოვა, ვახტანგ ძაბირაძე გვპასუხობს:

„ვფიქრობ, ყველაზე მოსალოდნელია, რომ გართულებული ვითარებიდან გამომდინარე, უფრო პიროვნულ უსაფრთხოებაზე გაკეთდა აქცენტი და იმაზე, რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ".

პიროვნულ უსაფრთხოებაზე, როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ ივანიშვილისთვის რაღაც გარანტიების მიცემას - ვთქვათ, თუ ხელისუფლება შეიცვალა, მას და მის ქონებას საფრთხე არ დაემუქრება. ასევე გარანტიები ამერიკამ თავის დროზე გასცა, როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის მიმართ. არ გამოვრიცხავ, რომ იმავეს ითხოვდეს ივანიშვილიც.

ასე რომ, კონკრეტულ გარდატეხებზე არ ვგულისხმობ, ეს არის პროტოკოლით დადგენილი შეხვედრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა რუბიოც."-განაცხადა ძაბირაძემ.

ზაალ ანჯაფარიძემ კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი ალბათ რუსულ-ჩინურ გავლენების ზრდას დაეთმო. ანჯაფარიძემ ივარაუდა, რომ საუბარი შესაძლოა „მეგობარი აქტის" მიღება-არ მიღებაზეც ყოფილიყო.

„ამ ეტაპზე ზოგადი პასუხით შემოვიფარგლები: ქართულ მხარეს შეეძლო შეეთავაზებინა ის, რაც მოხსნიდა ამერიკული მხარის შეშფოთებას საქართველოსთან არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით ეხება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს. ვთქვათ, ჩინეთის და რუსეთის გავლენის ზრდის გამო აშშ-ის შეშფოთებას.

ვფიქრობ, ძირითადი მესიჯი იქნებოდა ეს. დანარჩენი ტექნიკური საკითხები, რაც ეხება კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებს, ამაზეც შეიძლება იყო შეთავაზება - მოდით, დავილაპარაკოთ და მოვძებნოთ ურთიერთსასარგებლო კომპრომისი. მათ შორის, მეგობარი აქტის მიღება-არ მიღებაზეც არ არის გამორიცხული."-განაცხადა ანჯაფარიძემ.

რა წერია საქართველოს ელჩის წერილში

„დონალდ ტრამპს გადავეცი მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ტალიაშვილის განცხადებში, რომელიც მას შემდეგ გააკეთა, რაც მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ტალიაშვილი აღნიშნავს, რომ „შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა და მას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

"მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს.

მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, იმისთვის რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე", - განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ, რომლის კომენტარასაც უწყება ავრცელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე