ემანუელ მაკრონი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებს - ეს ისტორიული ნაბიჯი საფრანგეთს დიდი შვიდეულის პირველ ქვეყნად აქცევს, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს. პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებამ საერთაშორისო დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია: პალესტინა ინიციატივას მიესალმება, ისრაელი „ტერორის დაჯილდოებად" აფასებს, აშშ კი „უგუნურს" უწოდებს. ამასთან, იზრდება ზეწოლა ბრიტანეთის პრემიერზე, რათა მანაც გაიზიაროს საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება სიმბოლურად ისტორიული ნაბიჯია, თუმცა რეალური გავლენის მისაღწევად მას პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებები უნდა მოჰყვეს. მათი აზრით, ეს ინიციატივა საფრანგეთს დიდ შვიდეულში გამორჩეულ მოთამაშედ აქცევს და შეიძლება სხვა ქვეყნებისთვისაც მაგალითი გახდეს.
ევროპელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მაკრონის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე სოლიდარობის ჟესტია, ხოლო მეორე მხრივ, საფრანგეთის შიდა პოლიტიკური ძალების მიმართ პასუხიცაა.
ლუი დიუპონი, საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარი ამბობს, რომ მაკრონის ეს გადაწყვეტილება საფრანგეთს ევროკავშირში ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ლიდერის პოზიციას ანიჭებს.
„ეს გადაწყვეტილება მაკრონის მხრიდან გეოპოლიტიკური მანევრია, რომელიც საფრანგეთს ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ლიდერის პოზიციაზე აყენებს. მაკრონი ცდილობს, რომ პარიზმა იმოქმედოს, როგორც დამოუკიდებელმა დიპლომატიურმა მოთამაშემ, განსაკუთრებით მაშინ, როცა აშშ მკვეთრად აკრიტიკებს ამ გადაწყვეტილებას."
ევროპული პოლიტიკის ანალიტიკოსი ანა გარსია თვლის, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება უფრო სიმბოლური ნაბიჯია, ვიდრე რეალური. „თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინიციატივა სხვა ევროპულ ქვეყნებს ბიძგს აძლევს, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას, რათა გადახედონ თავიანთ პოზიციებს."
დევიდ როსი, ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი, ვარაუდობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივამ შესაძლოა ისრაელი-პალესტინის პოლიტიკური ურთიერთობა უფრო გაამწვავოს. „მაკრონის ინიციატივამ ისრაელთან შესაძლოა დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავოს ისრაელი ამას აღიქვამს როგორც ჰამასის პოზიციის გაძლიერებას და ვფიქრობ, საფრანგეთს მოუწევს დიპლომატიური ბალანსის შენარჩუნება."
საინტერესოა, სსაერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, მარია პეტერსენის შეფასებაც, ის „როიტერზთან" აღნიშნავს, რომ ემანუელ მაკრონის ამ ნაბიჯმა შესაძლოა გაეროში კატალიზატორის როლი მოირგოს.
„პალესტინის აღიარება საფრანგეთის მხრიდან არის მესიჯი, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები - განსაკუთრებით თვითგამორკვევის უფლება - ისევ აქტუალური ხდება. ეს კი შესაძლოა გახდეს კატალიზატორი გაეროს დისკუსიების გასაახლებლად."
ცნობისთვის, იქს-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მაკრონმა აღნიშნა, რომ ოფიციალური განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გაკეთდება, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართება.
„დღეს გადაუდებელი აუცილებლობაა, რომ ღაზაში ომი დასრულდეს და მშვიდობიანი მოსახლეობა გადარჩეს. მშვიდობა შესაძლებელია. ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზას მოსახლეობისთვის მასობრივი ჰუმანიტარული დახმარება [...] გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. ჩვენ ასევე უნდა უზრუნველვყოთ ჰამასის დემილიტარიზაცია, ღაზას უსაფრთხოება და აღდგენა. და ბოლოს, ჩვენ უნდა ავაშენოთ პალესტინის სახელმწიფო, უზრუნველვყოთ მისი სიცოცხლისუნარიანობა და დავრწმუნდეთ, რომ მისი დემილიტარიზაციისა და ისრაელის სრული აღიარების შემდეგ, ის ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთში ყველას უსაფრთხოებას. ალტერნატივა არ არსებობს," - ვკითხულობთ მაკრონის წერილში.
აშშ წინააღმდეგია
აშშ საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „კატეგორიულად უარყოფს". სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ამ ნაბიჯს „უგუნური" უწოდა.
„ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმას. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფო აღიარო, ეს უგუნური გადაწყვეტილებაა, მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა."
ცნობისთვის, დიდი შვიდეული მსხვილი ინდუსტრიული ქვეყნების ჯგუფს წარმოადგენს, რომელშიც საფრანგეთთან ერთად აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია, კანადა და იაპონია შედის.
საინტერესოა, რომ მაკრონმა პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს წერილიც გაუგზავნა, სადაც მისი გადაწყვეტილებაც დაადასტურა.
პალესტინის ოფიციალური წარმომადგენლები საფრანგეთის ამ ნაბიჯს პოზიტიურად შეხვდნენ.
„ეს პოზიცია ასახავს საფრანგეთის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის მიმართ და მხარდაჭერას პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევისა და ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისადმი," - უთხრა "ფრანს პრესს" აბასის მოადგილემ, ჰუსეინ ალ-შეიხმა.
ეს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებას, რომ 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფო თელ-ავივის გვერდით ღიარონ. ამ პირობებში პალესტინის სახელმწიფო იქნება ისრაელის განადგურების სასტარტო წერტილი - და არა მის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრების ალტერნატივა. მოდით, ნათლად ვთქვათ: პალესტინელები არ ეძებენ სახელმწიფოს ისრაელის გვერდით; არამედ ისინი ისრაელის ნაცვლად ეძებენ სახელმწიფოს," - დაწერა ნეთანიაჰუმ იქს-ზე.
ზეწოლა იზრდება, რომ პალესტინა სხვებმაც აღიარონ
ჰამასმა საფრანგეთის გადაწყვეტილება „პოზიტიურ ნაბიჯად" შეაფასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს საფრანგეთის მაგალითის გაზიარებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, პალესტინა გაეროს 193 წევრი სახელმწიფოდან 140-ზე მეტის მიერ უკვე აღიარებულია, მათ შორისაა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნაც, მაგალითად ესპანეთი და ირლანდია. თუმცა ისრაელის მთავარი მოკავშირეები - აშშ და დიდი ბრიტანეთი - ამ ეტაპზე პალესტინას სახელმწიფოს არ აღიარებენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პარასკევს საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან „საგანგებო ზარი" შედგებოდა, რათა განიხელათ „სასწრაფო ზომები მსხვერპლის შესაჩერებლად". მისი თქმით, „პალესტინელი ხალხის სახელმწიფოებრიობა მათი განუყოფელი უფლებაა" და ცეცხლის შეწყვეტა „გზას გახსნის პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის"
საინტერესოა, რომ სტარმერის მიმართაც შიდა პოლიტიკური ზეწოლა იზრდება - მათ შორის მისი პარტიის წევრების მხრიდან - რომ დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთის მსგავსად პალესტინის სახელმწიფო აღიაროს.
გარდა ამისა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის უმრავლესობამ, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას აკონტროლებს, პრემიერს პალესტინის დაუყოვნებლივ აღიარებისკენ უკვე მოუწოდა.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის გადაწყვეტილება შეაქო და განაცხადა, რომ ეს „ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ".
ისრაელის სამხედროებმა ღაზაში კამპანია 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ დაიწყეს, რომლის შედეგადაც დაახლოებით 1,200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მას შემდეგ სექტორში სულ მცირე 59 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ტერიტორიის დიდი ნაწილი ნანგრევებად იქცა.
გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ღაზაში ყოველი მეხუთე ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება და ამ შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. 100-ზე მეტმა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ და უფლებადამცველმა ჯგუფმა გააფრთხილა, რომ ღაზას მასობრივი შიმშილი უახლოვდება და მსოფლიო ლიდერებს დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
ისრაელი, რომელიც აკონტროლებს პალესტინის ტერიტორიაზე მარაგების მიწოდებას, უარყოფს ალყის არსებობას და საკვების პრობლემას ისევ ჰამასს აბრალებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე