„ქართულ ოცნებას" ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვების პრობლემა კი არა აქვს, არამედ დასწრების, რადგან მათი ბევრი მომხრე ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ისედაც მოიგებს და ამიტომ საარჩევნო უბნებზე გამოცხადებით თავს არ იწუხებენ, რაც ბევრ რამეს აფუჭებს, აცხადებს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
პეტრე მამრაძე: დღევანდელი მდგომარეობით „ოცნებას" აქვს ყველა მონაცემი იმისა, რომ დამაჯერებლად იზეიმოს გამარჯვება. პრობლემად რჩება არჩევნებზე დასწრება, ანუ ხალხის მიყვანა, ვინაიდან მე ხშირად ვამბობ, თუნდაც შარშან მეტი ადამიანი მისულიყო, „ოცნება" კიდევაც მიიღებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას. თუმცა განწყობა არის, რომ რა საჭიროა, ესენი ხომ მაინც გაიმარჯვებენ, ამდენი წელია ასეა. ეს განწყობა გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ბევრი ადამიანი მივიდეს.
„რეზონანსი": შეიძლება თუ არა „ლელოსა" და გახარიას პარტიაში აზრთა სხვაობის გამო მათ პოზიციები შეცვალონ და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ?
პ.მ: ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან ჩემი ხანგრძლივი გამოცდილებით, ძირითადი საკითხი მანდ არის ფული და საარჩევნო სიები. როცა ამაზე ვერ თანხმდებიან, მერე ხდება ეს ყველაფერი. ამას ხშირად პოლიტიკურ განხეთქილებას უწოდებენ, რასაც მე არ ვეთანხმები - არავითარ პოლიტიკურ განხეთქილებას ადგილი არა აქვს. ფული და შეუთანმხებლობა, ვის რა ადგილს მისცემენ, ეს ორი ძირითადი რაღაცაა. როგორც ჩანს, ანა დოლიძემ ვერ მიიღო. მე გამიჭირდება თქმა, რაზე ვერ შეთანხმდნენ - ფულზე თუ ადგილზე, მაგრამ ფაქტია, ამ ორიდან რომელიღაცაა მიზეზი. როდესაც ლიდერებს საკმარისი ფული აქვთ, ვინც არ უნდა გავიდეს, ის ყოველთვის იპოვის ადამიანს, რომელსაც სიაში ჩასვამენ. ასე რომ, დოლიძის და სხვების გასვლა არ ნიშნავს, ხაზარაძე და ჯაფარიძე არჩევნებზე უარს იტყვიან.
„რ": რამდენად მოსალოდნელია, ხელისუფლებამ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც დანიშნოს?
პ.მ: არ ვიცი ვინ საუბრობს ამაზე და ვის აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი, მაგრამ მმართველ პარტიაში ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი არავის მიუვა თავში. რა საჭიროა?! კონსტიტუცია განსაზღვრავს, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები და იქვე განსაზღვრულია ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზებიც. არავითარი პირობა იმისა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, არ არსებობს. მოწმენდილ ცაზე არავინ არაფერს ჩაატარებს.
„რ": ვინ შეიძლება დაუპირისპიროს ოპოზიციამ თბილისში „ოცნების" სავარაუდო კანდიდატს, კახა კალაძე და თუ ექნება მას შანსი? თბილისში ხომ ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა ყველაზე დიდია.
პ.მ: არა მგონია გამოჩნდეს ისეთი კანდიდატი, რომელიც მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს კახა კალაძეს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება.
„რ": რა პერსპექტივა აქვს ბოიკოტის მომხრეებს პოლიტიკურ ველზე?
პ.მ: ნული. რომ იციან, ამ არჩევნებზე კატასტროფული შედეგი ექნებათ, გაურბიან, რადგან ერთია როცა დაიწერება, რომ აიღეს რაღაც პროცენტი და მეორეა ბოიკოტი, რომელიც პოლიტიკურად უფრო ჟღერს. არ ვცნობთ ამ ხელისუფლების კანონიერებას და ამიტომ არ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, მაგრამ რომ მიგვეღო, ვინ იცის რამდენს ავიღებდითო. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ მათი კატასტროფული შედეგი არ გამოჩნდეს, თუმცა ბოიკოტიც კატასტროფაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე