თამთა ჩაჩანიძე
(24.07.2025)

პირველად ომის დაწყებიდან კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ორი მთავარი ანტიკორუფციული სტრუქტურის ფაქტობრივი განეიტრალების გამო. კრიტიკოსების შეფასებით, ეს უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას სპობს და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს საფრთხეში აგდებს. ამასთან, ამტკიცებენ, რომ ეს ადასტურებს ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას ზელენსკის გარემოცვაში მსხვილმასშტაბიანი კორუპფიის გავრცელებაზე, რადგან ამერიკელების მიერ შექმნილი ამ ორგანოების გაუქმების სხვა ახსნას ვერ პოულობენ.

გადაწყვეტილებას მკაცრი რეაქცია მოჰყვა დასვალეთისგან. ამერიკულ და ევროპულ პრესაში მწვავე და კრიტიკული სტატიები გამოქვეყნდა. პროტესტანტები, მათ შორის ზელენსკის ყოფილი მოკავშირეები, აცხადებენ, რომ ესაა დემოკრატიის გზიდან გადახვევა დიქტატურისკენ.

ევროსტრუქტურები უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის ახსნას ითხოვენ, რომლის მიხედვით, უკრაინის ეროვნული ანტკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურორის ოფისი გენერალურ პროკურორს ექვემდებარება.

ზელენსკის თქმით კი, ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა მუშაობას გააგრძელებს, „უბრალოდ რუსული გავლენის გარეშე, ამისგან უნდა გაიწმინდოს".

ახალი კანონი უკრაინის რადამ 22 ივლისს მიიღო და გენერალურ პროკურორს, როემლიც ზელენსკის დაქვემდებარებული ფიგურაა, ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებებში. ამასთან, გენპროკურორს ეძლევა უფლება უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიებები დაცვის მხარის მოთხოვნით დახუროს.

„ეკონომისტი" სტატიას აქვეყნებს სათაურით - „ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა", წყარო წერს, რომ „კანონი პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მხარდაჭერას და დაასუსტებს მას, რომელიც ომის პერიოდში მიიღო".

კანონზე ხელმოწერის შემდეგ, ცვლილებების გასაპროტესტებლად კიევისა და სხვა დიდი ქალაქების, მათ შორის ლვოვის, დნეპრის, ოდესისა და კიდევ ათამდე ქალაქის მთავარ მოედნებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა და შვედეთმა, გამოთქვეს შეშფოთება ახალი კანონმდებლობის გამო. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა კი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და პარლამენტის მიერ ჩამორთმეული გარანტიების დაბრუნება მოითხოვეს.

„ამიერიდან უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს და სპეციალიზირებული ანტიკორუფციულ პროკურატურას ჩამორთმეული აქვთ გარანტიები, რომლებიც მათ აქამდე საშუალებას აძლევდა, ეფექტიანად განეხორციელებინათ თავიანთი ამოცანები და ფუნქციები მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. სრულფასოვანი და დამოუკიდებელი მუშაობის აღსადგენად აუცილებელია მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯები კანონის დონეზე, რომლებიც პარლამენტის მიერ გაუქმებულ გარანტიებს დააბრუნებს.

„კანონის უზენაესობა და კანონის დაცვა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურისთვის უცვლელ ღირებულებებად რჩება. ველოდებით ანალოგიურ მიდგომას სამართალწესრიგის სხვა ორგანოებისგანაც. გულწრფელად ვუხდით მადლობას უკრაინის მოქალაქეებს პრინციპული პოზიციისთვის, აქტიური მხარდაჭერისა და გულისხმიერებისთვის. სწორედ აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის დახმარებით გახდა შესაძლებელი ანტიკორუფციული რეფორმა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, გააგრძელონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზელენსკი 23 ივლისს სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც ფეისბუქში წერს, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ყველა კონსტრუქციულად იმუშავებს.

„პოლიტიკოს" ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი პრეზიდენტ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა სთხოვა.

„კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ძირეული ელემენტებია. როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან ამ სტანდარტების სრულად დაცვას მოელიან. კომპრომისი ვერ იქნება", - განაცხადეს ევროკომისიაში.

ანონიმური წყაროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტს შეშფოთება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამაც გაუზიარა.

ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი იქს-ზე წერს, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებლობის დამცავი მექანიზმების გაუქმება სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯია.

„ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის დამცავი მთავარი მექანიზმების გაუქმება სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯია. დამოუკიდებელი ორგანოები, არსებითი მნიშვნელობის არიან ევროკავშირში უკრაინის გზისთვის. კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში რჩება," - წერს კოსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე