ნატალია ჯვარიძე
(23.07.2025)

სომხეთი, აზერბაიჯანი და აშშ შეთანხმდნენ მემორანდუმზე, რომელიც ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მხრიდან მართვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა „პერიოდისტა დიხითალი" ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემა წერს, რომ საფრანგეთში სომხური დიასპორის წარმომადგენლების საშუალებით მოიპოვა კონფიდენციალური დოკუმენტი სახელწოდებით - „ურთიერთგაგების მემორანდუმი ტრამპის ხიდის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ".

წყაროების ცნობით, ეს ტექსტი უკვე დამტკიცებულია სომხეთში, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებში. ესპანური გამოცემა წერს, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს „ტრამპის ხიდის ორმხრივი რეგიონული ეკონომიკური დერეფნისა და თავდაცვის კარიბჭის" პროექტის განხორციელებას.

42-კილომეტრიანი სატრანსპორტო დერეფანი სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის რეგიონს გაივლის. სომხური დიასპორისთვის ხელმისაწვდომ მემორანდუმში ნათქვამია, რომ სომხეთი ინარჩუნებს სუვერენიტეტს სიუნიქის რეგიონზე. თუმცა დაზუსტდა, რომ სატრანსპორტო დერეფნის მართვას კერძო ამერიკული კომპანია განახორციელებს, რომელმაც შესაბამისი ლიცენზია მიიღო.

დერეფნის გამოყენებით მიღებული შემოსავლების განაწილება ამ შეთანხმების ძირითად ინტერესებს უსვამს ხაზს. აშშ-ის მმართველი კომპანია შემოსავლის 40 პროცენტს მიიღებს, ხოლო სომხეთი - მხოლოდ 30 პროცენტს. გამოცემის ცნობით, ამერიკულ კომპანიას მუშაობის ლიცენზია 99 წლით მიეცემა.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს აშშ-ის მნიშვნელოვანი ძალების განლაგებას სომხეთის ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციით, ეს არ იქნება აშშ-ის რეგულარული სამხედრო ძალები, არამედ იქნება კერძო ამერიკული სამხედრო კომპანია. 1 000 სამხედრო პასუხისმგებელი იქნება სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

გამოცემის შეფასებით, მემორანდუმის დებულებების განხორციელების მთავარი ბენეფიციარები ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი იქნებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ თურქეთისთვის, შეიძლება, ეკონომიკური სარგებელი იყოს, შეერთებული შტატები, თავისი სტრატეგიული ინტერესების ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა, სომხეთსა და ირანს შორის საზღვარზე მტკიცე კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად.

თავდაპირველად საზღვარს მძიმე შეიარაღების გარეშე ჯარისკაცები გააკონტროლებენ. თუმცა, არმიისთვის ეს ნიშნავს, რომ ირანსა და ისლამური რესპუბლიკის მთავარ მტერს, შეერთებულ შტატებს შორის მანძილი აღარ იქნება. ეს ხმელთაშუა ზღვიდან სამხრეთ კავკასიამდე გადაჭიმულ რეგიონში მასშტაბური ომის დაწყების საფრთხეს ქმნის.

სომხურ-ამერიკული მემორანდუმი სომხეთისთვის კატასტროფაა. ის მას ყველანაირ სუვერენიტეტს ართმევს. აშშ-ის მიერ ეს ოკუპაცია ამ პატარა ქვეყნის პრობლემებს ვერ გადაჭრის. ამით მხოლოდ შეერთებული შტატები და თურქეთი ისარგებლებენ", - წერია სტატიაში.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი თამაშიდან გადის.

„პრინციპში ეს ნიშნავს, რომ რუსეთი თამაშიდან გადის. მანამდე სომხეთი თავს იკავებდა და თითქოს უარყო, რომ ეს ამერიკული კომპანია ჩართული ყოფილიყო ამ ოპერაციის განხორციელებაში, მაგრამ როგორც ჩანს, შემდგომში სიტუაცია შეიცვალა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ხისტი განცხადების მერე.

თუ ეს ნამდვილად ასეა და ამერიკული კომპანია შემოდის, მაშინ ეს ნიშნავს, რომ რუსეთს გზა ეკეტება თუნდაც რეგიონში. ამ შემთხვევაში განმეორდება 1994 წლის საუკუნის პროექტის შექმნის პრეცედენტი.

როგორც მოგეხსენებათ, მაშინაც რუსეთი არ მიიწვიეს პროექტის რეალიზაციის საქმეში, რომლის დროსაც რუსეთის მმართველი, პრეზიდენტი ელცინი იყო. რუსებმა თავისი არსით ამ პროექტს ანტირუსული უწოდა. სხვათაშორის საქართველოსთან ომის დაწყების ერთ-ერთი საბაბი სწორედ ეს იყო. ომის პერიოდში რუსეთმა დაბობმა კიდეც თბილისი-ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენთან არსებული ტერიტორიები და ეს იყო ერთგვარი გამოძახილი. დაახლოებით ახლაც ასეთი სიტუაცია ხდება და როგორც 1994 წელს, ახლაც რუსეთი თამაშგარე მოთამაშე ხდება",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე