ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ნაკლებად აისახება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამ მხრივ გავლენა არ ექნება, ვინაიდან ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა ისედაც არ არის აქტიური, გავლენას ვერც გზავნილების მიმართულებით ხედავენ. მეტიც, ქართველი ეკონომისტების ნაწილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებას არ იზიარებს და ამ საკითხის გააქტიურებას პოლიტიკური სპეკულაციითა და შანტაჟით ხსნის.
ბრიუსელის ახალი გეგმა, რომლის მიხედვით ევროკომისიას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ექსკლუზიური პრეროგატივა ენიჭება, საქართველოში პოლიტიკური განხილვის თემაა. საკითხს პოლიტიკურთან ერთად, თანდათან ეკონომიკური შეფერილობაც ეძლევა.
ანალიტიკოს ნოდარ კაპანაძის შეფასებით, ობიექტური რისკი, რომ საქართველომ დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია, ძალიან მცირეა და თუკი მაინც მივა საქმე აქამდე, ეს იქნება საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევა.
,,ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების თემა მიზანმიმართულად ააგორეს. ამ ბოლო დროს რა ცვლილებებიც მიიღო ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეში ჩარევის მცდელობაა. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას კონსესუსი სჭირდება ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან. მათ შორის ისეთი ქვეყნებია, რომლებსაც ჩვენთან უფრო მეტი კონტაქტი აქვთ, ვიდრე სხვებს, მაგალითად, ასეთია საბერძნეთი, იტალია, სლოვაკეთი და სხვა. ამიტომ არ მგონია ვიზალიბერალიზაცია შეაჩერონ. ასე რომც მოხდეს, ამით ბევრი არაფერი დაგვაკლდება, პირიქით.
საქართველოს მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომელიც მუდმივად მოძრაობს, შეიძლება არასასიამოვნოდ შეეხოს, რადგან მათ მომავალში ვიზის რიგში ჩადგომა მოუწევთ. ერთადერთი მოსახლეობის ეს ნაწილი დაზარალდება, ეკონომიკა ყველაზე ნაკლებად", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კაპანაძემ.
მისი შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საფასურად გაჟღერებული მოთხოვნები სამარცხვინოა და ქართველი ხალხის ინტერესს არ ასახავს.
,,გააჩნია, რას ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საფასურად. ჩვენს შემთხვევაში ეს არის მიღებული კანონების გაუქმება, რაც პირდაპირი და უხეში ჩარევაა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ჩემი აზრით, უვიზო მიმოსვლას თუ გააუქმებენ, არც ეს არის ტრაგედია. არანაირი გგანსაკუთრებული გავლენა ევროკავშირს საქართველოზე ეკონომიკური კუთხით არ აქვს. საერთაშორისო ვაჭრობა, არ არის ისეთი, რომ საქართველოსთვის რაიმე საზიანო იყოს. ექსპორტი ევროკავშირში მინიმალურია. გაცილებით მეტია ჩვენი საექსპორტო ბაზარი დსთ-ში და ზოგადად რეგიონის ქვეყნებში.
უარყოფითი გავლენა არც გზავნილების კუთხით იკვეთება, რადგან ეს მხოლოდ საბანკო ტრანზაქციებია და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ამ მხრივ გავლენას ვერ მოახდენს", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" კაპანაძემ.
ანალოგიური მოსაზრებისაა ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებითაც, წარმოუდგენელია ვიზალიბერალიზაციის თემის გამოყენება შანტაჟის ინსტრუმენტად. ეს პროპაგანდის ნაწილია, რითაც რასაც დესტრუქციული ძალები მიმართავენ.
,,რასაც ვხედავთ, მორიგი, ყველაზე მკვეთრი ზეწოლაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება, სხვა ქვეყნის მიმართ ასეთი შანტაჟით ისაუბრო და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები მოახვიო. არავითარი შედეგი ამას არ მოყვება, საქართველოს ხელისუფლება თავის პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის.
ნურავინ ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ფულად გზავნილებს საფრთხე დაემუქრება ან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჩიხში შევა, ეს არის აბსურდი. შანტაჟის ინსტრუმენტად ამ საკითხის გამოყენება დაუშვებელია. საქართველოს ხელისუფლება იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის საშუალებას არავის მისცემს.
მცდარი შეხედულებაა, რომ ამით დემოკრატიას დავაზარალებთ, რადგან დემოკრატიასაც მრავალი განზომილება აქვს, გერმანიაში დემოკრატიული არჩვნები იყო, როცა ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლების სათავეში. დემოკრატია ყოველთვის "მოძრაობს" უკეთესობისკენ ან უარესობისკენ", - აღნიშნა ზარდიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
ევროკავშირმა “ქართულ ოცნებას“ 8-პუნქტიან რეკომენდაციას გამოუგზავნა და ამის შესასრულებად ვადა 31 აგვისტომდე დაუწესა.
"ქართული ოცნების" ლიდერები ევროკავშირისა და მისი ლიდერების კრიტიკას გლობალური ომის პარტიას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ “როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო”. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა, არის „აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე