მარიამ ვეკუა
(21.07.2025)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შორ მანძილზე დარტყმების ინტენსივობა გაიზრდება, ხოლო დრონების მასობრივი თავდასხმების პასუხად უკრაინა დამატებითი დაფინანსებით თავდაცვით ტექნოლოგიებს აძლიერებს. როგორია უკრაინის ახალი სტრატეგია და მოახერხებენ თუ არა რუსეთის სიღრმეში შეჭრას.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რაკეტები, რომლის გადაცემასაც დასავლეთი უკრაინისთვის აპირებს, საკმაოდ მასშტაბურ არეალს ფარავს, ის წვდება რუსეთის ევროპულ ნაწილსა და ცენტრალურ რუსეთს.

„პრინციპში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის რაკეტები, რომლის გადაცემასაც დასავლეთი უკრაინისთვის აპირებს, 1300 კმ-ზე სწვდება. დრონების მოქმედების არეალი საკმაოდ დიდია, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ევროპულ ნაწილს, ნაწილობრივ ცენტრალურ რუსეთს რომ მისწვდება, ფაქტია. ასე რომ, გააჩნია, რა რაოდენობით ექნება ასეთი ტიპის შეიარაღება უკრაინას.

აღსანიშნავია დივერსიული აქტები უკრაინელების მიერ, რომელიც რუსეთის სიღრმეში, ციმბირშიც კი ტარდება - ციმბირში განლაგებულ შესაბამის ობიექტებზე. ეს ფაქტები თითქოს ყოველდღიურ ამბად გადაიქცა და მაინცდამაინც ყურადღება არ ექცევა.

ასე რომ, ახალი ტექნიკა, რომელსაც მიიღებს უკრაინა, საკმაოდ ეფექტური იქნება რუსეთის ეკონომიკის დასუსტებისა და დანგრევისთვის."

კითხვაზე , რამ განაპირობა ბოლო პერიოდში რუსეთის ინტენსიური შეტევები კიევზე, არეშიძე გვპასუხობს:

„რაც შეეხება რუსეთის გააქტიურებას, პირველ რიგში, რუსეთს არცერთი წამით არ შეუნელებია ასეთი აქტივობა, სხვადასხვა დონის. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დაიკავა ის ტერიტორიები, რომლებიც უკრაინას ეკუთვნის - იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებზეც თითქოს პრეტენზია თავიდან არ ჰქონდა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს ვგულისხმობ - ნუ დაგვავიწყდება, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები ბოლომდე დაკავებული მაინც არ აქვთ.

რაც შეეხება ინტენსიურ შეტევებს, უნდა ითქვას, რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება - 50 დღიანი ულტიმატუმი, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობამ რუსეთს მისცა. როგორც ჩანს, პუტინს სურს, სწორედ 50 დღეში მორჩეს საკვანძო სივრცეების დაკავებას. მისთვის უკეთესი შემთხვევა იქნება, თუ გაანადგურებს კიევის რეჟიმს, მაგრამ ეს წარმოუდგენელია მოახერხოს საერთოდ და ახლა, ამ 50 დღეში მითუმეტეს.

დასავლეთში არ ესმით, რომ რუსეთისთვის ომის შეჩერება რუსეთის ხელისუფლებისთვის კატასტროფის ტოლფასია. არავინ არ აპატიებს პუტინს ამხელა მსხვერპლს შედეგების გარეშე. ამიტომ რუსეთი იბრძოლებს ბოლომდე - ეს არის რუსეთის თვისება, ყოველთვის ასე აკეთებდა. ეს იმპერიის თვისებაა - ბოლომდე ბრძოლა მიზნების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცნება "იმპერია" გაუფასურდება და გაქრება.

რუსების ბრძოლის ინტენსიურობაც აქედან არის განპირობებული - ომის 50 დღის ფაქტორი არსებობს."-განაცხადა არეშიძემ.

„ომის დასრულებას წლის ბოლომდე ვვარაუდობ"

მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რომ ფრონტის ხაზზე გარდატეხას არ ელოდება, საუბრობს უკრაინისა და რუსეთის მდგომარეობაზე, ხაზგასმით ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა დიდი კატასტროფის წინაშე დგას, თუმცა სახარბიელო მდგომარეობა უკრაინაშიც არ არის.

„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ფრონტის ხაზზე გარდატეხას არ ვვარაუდობ. ორივე ქვეყნის ეკონომიკა დანგრევის პირასაა. ვხედავ, უკრაინას ადამიანური რესურსი ეწურება, თუმცა, დასავლეთიდან ხან ინტენსიური, ხან ფრაგმენტული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მაინც აქვს. თუმცა რუსეთს არ აქვს ასეთი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ არის ჩრდ. კორეა და სხვები, ეს არ არის იმ ტიპის მხარდაჭერა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას უფრო სასიკეთო მდგომარეობაში გადაიყვანდა.

ეკონომიკურად, რუსეთის ეკონომიკა არის პრაქტიკულად კატასტროფის წინაშე - ენერგომატარებლების გაყიდვის ტემპი დაეცა, გაჩერდა ქვანახშირის წარმოება, ამოწურულია თითქმის ამ წლის სამხედრო ბიუჯეტი, მიდის სერიოზული ინფლაციური პროცესები. საოცარია, მაგრამ პურიც კი გაძვირდა, რაც რუსეთში მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. თუმცა უკრაინის მდგომარეობაც არანაკლებ რთულია.

ასე რომ, მე ასე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტისთვის ომი მაშინ გაჩერდება, როცა რუსეთი იგრძნობს, რომ მისი რესურსები ამოწურულია. რომელიმეს გამარჯვებას არ ვვარაუდობ, მაგრამ ომის დასრულებას მაინც წლის ბოლომდე ვვარაუდობ."-განაცხადა ექსპერტმა.

რუსეთის ძველი და უკრაინის ახალი სტრატეგია?

„რუსეთის ტაქტიკა იგივე რჩება - ისინი ცდილობენ ახალი პოზიციების დაკავებას მცირე ჯგუფების გამოყენებით. უკრაინული დანაყოფები იყენებენ ყველა საჭირო საშუალებას მტრის ასეთი აქტივობის გამოსავლენად და გასანეიტრალებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა „იქს"-ზე წერს.

„მივიღე მოხსენება მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისგან. ჩვენი ძალები აგრძელებენ რუსული დივერსიული ჯგუფების განადგურებას პოკროვსკსა და სხვა მიმართულებებზე. რუსეთის ტაქტიკა იგივე რჩება - ისინი ცდილობენ ახალი პოზიციების დაკავებას მცირე ჯგუფების გამოყენებით. უკრაინული დანაყოფები იყენებენ ყველა საჭირო საშუალებას მტრის ასეთი აქტივობის გამოსავლენად და გასანეიტრალებლად", - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას ალექსანდრ სირკიმ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მხრიდან შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების შესახებაც.

„მთავარსარდალმა ასევე მომაწოდა ინფორმაცია ჩვენი მხრიდან შორ მანძილზე დარტყმების, განსაკუთრებით ღრმა დარტყმების სიხშირისა და ეფექტურობის შესახებ. რუსეთის მიერ ამ ომის გახანგრძლივების საპასუხოდ, რუსეთის ლოჯისტიკა მნიშვნელოვნად უნდა დაზარალდეს. გარდა ამისა, მთავარსარდალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, ამჟამად განიხილავს დრონების წარმოებისა და მიწოდების დამატებითი დაფინანსების ყველა მოთხოვნას. ეს მოიცავს როგორც ფრონტის ხაზზე მომუშავე დრონებს, ასევე იმ დრონებს, რომლებიც საჭიროა ჩვენი ქალაქებისა და თემების რუსული თავდასხმის დრონებისგან დასაცავად. შესაბამის დამატებით კონტრაქტებს მომავალ კვირას მოეწერება ხელი", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ბოლო რამდნეიმე კვირაა რუსეთი უკრაინას საჰაერო სივრცეში, დრონებით, ინტენსიურად უტევს, რუსეთმა უკრაინას გამთენიისას 450 დრონით და რაკეტით შეუტია. 23 დრონის დარტყმა 3 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

როგორც უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, დაზარალდნენ კიევის გოლოსეევსკის, დარნიცკის, დნეპროვსკის, ობოლონსკის, სვიატოშინსკის და სოლომენსკის რაიონები. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და შვიდი დაშავებულის შესახებაც.

უნდა აღინინოს, მასთან, რუსების მიერ განხორციელებული მასშტაბური შეტევა ივანო-ფრანკოვსკიზე. ქალაქის მერის, ივან მარცინკივის განცხადებით, რუსებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის რაკეტები, ასევე „შაჰედის" დრონები. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, დაშავდა, სულ მცირე, სამი ადამიანი.

„უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სასტიკი თავდასხმების კიდევ ერთი ღამე, კიევი, ივანო-ფრანკოვსკი, ხარკოვი - სხვა ქალაქებთან ერთად - გრძნობენ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში რუსეთის ე.წ. „მშვიდობის სურვილი", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრი, იულია სვირიდენკო სოციალურ პლატფორმა -იქს-ზე დაწერა

„რუსეთი მხოლოდ იმიტომ აგრძელებს მოქმედებას, რომ მას ჯერ კიდევ არ განუცდია რეალური შედეგები. ყოველ დაყოვნებას თავისი ფასი აქვს და მხოლოდ თამამ რეაგირებას შეუძლია შემდეგი თავდასხმების შეჩერება", - წერს უკრაინის პრემიერი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე