ნატალია ჯვარიძე
(21.07.2025)

გერმანია გეგმავს დაახლოებით 5 მილიარდი ევროს დახარჯვას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების შეძენაზე, რომლებსაც ის უკრაინის არმიას გადასცემს, - უკრაინული მედიის ცნობით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) თანათავმჯდომარემ, ალის ვაიდელმა Tagesschau-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ვაიდელმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ეს თანხა უკრაინის დახმარებას უნდა მოხმარდეს, მაშინ როცა, მისი თქმით, გერმანიის მთავრობას შეუძლო ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებაზე ან გაუქმებაზე დახარჯოს.

„ფრიდრიხ მერცის მთავრობა გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულიდან 9 მილიარდ დოლარს აძლევს უკრაინას და ახლა 5 მილიარდად უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენა სურს. ეს უკვე არავის ესმის,"- აღნიშნა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" თანათავმჯდომარემ.

უკრაინული მედია წერს, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის" მკვეთრად კრიტიკულ პოზიციას იკავებს უკრაინისთვის დახმარების საკითხთან დაკავშირებით და ხშირად პრორუსულ ნარატივებს უწყობს ხელს და რომ მისი რიტორიკა და ქმედებები ეწინააღმდეგება გერმანიის მთავრობისა და გერმანული პარტიების უმეტესობის ზოგად კურსს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას აზრით, გერმანია უბრალოდ კონკრეტულ მოქმედებებზე გადადის, წინა მთავრობისგან განსხვავებით.

„ეს არ ნიშნავს, რომ გერმანია უკრაინის დახმარების კოალიციის ლიდერობაში აშშ-ს ანაცვლებს. უკრაინის დახმარებაში გერმანია გარკვეულწილად არ ჩამორჩებოდა. უბრალოდ ახლა ფრიდრიხ მერცის მთავრობამ გადაწყვიტა კიდევ უფრო აქტიურად დაეხმაროს უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ წინა, შოლცის მთავრობა უფრო ფრთხილი იყო, ესენი მაინც გადავიდნენ კონკრეტულ მოქმედებაზე. გერმანია უკრაინას ეხმარება იმით, რისი საშუალებაც აქვს. ეს არის და ეს, მეტი არაფერი",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის შეფასებით, გერმანია უკრაინის დახმარების კოალიციის ლიდერობაში აშშ-ს ნაწილობრივ ანაცვლებს.

„ეს ნიშნავს, რომ ნაწილობრივ გერმანია უკრაინის დახმარების კოალიციის ლიდერობაში აშშ-ს ანაცვლებს, რადგან გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტიც იზრდება და წელს დაგეგმილია, რომ 7 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას დამოუკიდებლად.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის „ტაურუსის" ტიპის რაკეტების გადაცემა, მაგრამ დღის წესრიგში დგას. მეორეს მხრივ, მოგეხსენებათ ნატოს სამიტზე შეთანხმება იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც, ევროპა აშშ-სგან შეიძენს სამხედრო შეიარაღებას და შემდეგ გადასცემს უკრაინას.

ტრამპს პირველ რიგში თავისი კომერციული ინტერესები აქვს და ახლა ორ კურდღელს იჭერს იქიდან გამომდინარე, რომ პუტინზე განაწყენებულია და უკრაინის დახმარება გადაწყვიტო ოღონდ ისე, რომ ამერიკის ინტერესები არ დაზიანდეს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რსეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე