პრემიერი საგარო პოლიტიკას კიდევ ერთ ვრცელ პოსტს უძღვნის, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის" კარგად აპრობირებული ხელწერაა" და ეს იარლიყი "ოცნების" ხელისუფლებასაც აქვს "მიწებებული". მისი თქმით, „დიპ სტეიტის" პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
"ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს - ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში",- წერს კობახიძე.
მისი თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. "ტულსი გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიპ სტეიტის" მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული".
პრორუსობა და რუსული კავშირები
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" აშკარად ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს და საქართველოს ვექტორი რუსეთის მიმართ მკაფიოა.
"აშკარად ჩანს, რომ ეს პარტია ანტიდასავლურ პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც ცალსახად და მკაფიოდ მოსწონს რუსეთს. საქართველოს ეკონომიკა მთლიანად რუსეთთანაა ჩაბმული, საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება სანქციების გვერდის ავლა, რუსეთისთვის თურქეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოდის ნივთები, რომლებიც მიემართება რუსეთისკენ, ამიტომ საქართველოს ვექტორი რუსეთის მიმართ არის მკაფიო, ცალსახა. ეს "ქართულ ოცნებას" იმიტომ აშფოთებს, რომ მათ ამომრჩეველშიც კი რუსეთი არ არის მისაღები სახელმწიფო.
"მათი ამომრჩევლის უმრავლესობაშიც კი რუსეთის ეშინია, უბრალოდ "ოცნება" სანდოდ მიაჩნიათ, რომელიც თავიდან იცილებს რუსეთთან ომს. ესაა ოპოზიციის და საზოგადოების პრობლემა, რომ ვერაფრით ვერ მოახერხეს ნარატივი შეეცვალათ, რომ არავინ არ ითხოვს საქართველოსგან ომს და მეორე ფრონტის გახსნას, მაგრამ ეს პრორუსული ნარატივი მუშაობს, ამიტომ კობახიძეს და არა მარტო მას არჩევნების წინ სჭირდება თავის ამომრჩეველი დააჯეროს, რომ არა ბატონებო, საქართველო რუსეთის მოკავშირე არაა.
"მემგონი არჩევნების შედეგების შემდეგ ესენი უფრო თამამად გააგრძელებენ პრორუსულ პოლიტიკას",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და ხელისუფლება რუსულ შეთავაზებაზე უარს ამბობს, ფაქტები სხვა რუსულ კავშირებზე კი არავის წარმოუდგენია ამ დრომდე.
"დიდი ხანია ველოდები როდის გამოჩნდება რაიმე ფაქტები რუსული კავშირებისა, ან ეკონომიკური, ან პოლიტიკური. დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და თან რაც მთავარია, ქართული მხარე აქტიურობას არც იჩენს, რუსულ შეთავაზებებზეც უარს ამბობს კონფლიქტური რეგიონების არსებობის გამო. ამ ფონზე, იმაზე ლაპარაკი, რომ არიქა, საქართველო რუსეთისკენ მიისწრაფის, დამაჯერებელი არაა.
"ფაქტების გარდა, არის ლოგიკა, რომელიც ეჭვს აჩენს, რომ ეს ბრალდება რელაური არაა. ლოგიკა იმაშია, რომ ოპოზიციაში იძახიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალაუფლებას არ თმობსო, თუკი ძალაუფლებას არ თმობს, მაშინ ეს ძალაუფლება რუსეთს რატომ უნდა გადასცეს, რა ინტერესია?"-განაცხადა საყვარელიძემ.
"მადლობა ტულსი გაბარდს "დიპ სტეიტის" მხილებისთვის"
ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის და კობახიძის ტერნიმები სხვადასხვა შინაარსისაა.
"დიფ სტეიტი" ესაა პოლიტოლოგიური ტერმინი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში და მათ შორის საქართველოში, ასახავს ამ ქვეყანაში არსებულ კონსერვატიულ ინტსიტუციონალურ ძალას, რომელსაც ქვეყანაში ცვლილებები არ უნდა და იმ მიმართულების შენარჩუნება სურს, რაც იმ დროისთვის არსებობს. წლებია არსებობს - 60-იან წლებში თურქეთში "დიფ სტეიტს" სამხედროებს ეძახდნენ, ამერიკაში ამას ბიუროკრატიას ეძახიან, რუსეთში ესაა უსაფრთხოების სამსახურები - მათი წარმომადგენელი პუტინია, საქართველოში სიღრმისეული სახელმწიფო, ესაა მაგალითად ეკლესია.
"დიფ სტეიტს" ტელეფონი არ აქვს და არსად არ რეკავს, ესაა კობახიძის ბოდვა. ყველა ქვეყანაში შეიძლება ვნახოთ "დიფ სტეიტი", რომელსაც ცვლილებები არ უნდა. სააკავშილის დროს საქართველოში სულ სხვა "დიფ სტეიტი" იყო, შევარდნაძის დროს კი სულ სხვა. თვითონ ტრამპი ქმნის საკუთარ "დიფ სტეიტს", რომელიც ულტრამემარჯვენე მიმართლებისაა და ბაიდენისდროინდელ "დიფ სტეიტს" ებრძვის.
"ანუ ესაა ბოდვა "დიფ სტეიტის" სპეკულირება, რაც "ქართული ოცნების" გულიბრყვილო და გაუცნობიერებელ ამომრჩეველში ახდებს გავლენას, თორემ კობახიძემაც, მდინარაძემაც ძალიან კარგად იცის, რა არის და ყველამაც, რომ ამ ფორმით ეს ყველაფერი თავსმოხვეული ზღაპარია. როცა ტრამპი მოვიდა და ბაიდენის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, ჰოპ, უცებ დაავიწყდათ, რომ მათ ჰქონდათ გამოგონებული "გლობალური ომის პარტია" და გადალაგდნენ "დიპ სტეიტზე".
"ახლა აზერბაიჯანს, სომხეთს და მოლდოვას რუსეთთან პრობლემები აქვთ და "დიფ სტეიტს" რატომ არ ახსენებენ? იმიტომ, რომ ეს არის ბოდვა. აქ ყველგან ანტირუსული განწყობებია და მათ რუსეთისგან დისტანცირება უნდათ, საქართველოშიც ასე უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლება ამ ყველაფერს აბრალებს მათ მიერ შეთხზულ ზრაპარს, რაც თავადაც არ სჯერათ, ეს არჩევნებისთვის სჭირდებათ და ჩაბღაუჭებულები არიან ამ მითს და ზღაპარს, რაც მათ ამომრჩეველში კარგად იყიდება",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაბარდის მიერ ნახსენები "დიფ სტეიტი" ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეპლიკაა.
"ამ ქალბატონის შეფასება გამოქვეყნდა და რაც მთავარია, "დიფ სტეიტს" ახსენებს, რომელზედაც აქაურობას ერთი ამბავი აქვს ატეხილი, რომ მოგონილიაო. ძალიან მძიმე ბრალდება აქვს წამოყენებული ობამას მიმართ. ობამა დემოკრატიულ ძალებში ცენტრალური ფიგურაა და ეს ის ძალებია, რომლებიც ჩვენც გვებრძვიან, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეპლიკაა.
"როდესაც ბაიდენი ხელისუფლებაში იყო, მაშინ გაცილებით დიდი კრიტიკა იყო აშშ-ს მხრიდან საქართველოს მისამართით. კობახიძის განცხადებაში ესაა ნათქვამი, რომ პოლიტიკური იარლიყის ფორმა მიიღო რუსეთის ძახილმა და რეალური არც არგუმენტებია და არც ლოგიკაა საიმისო, რომ ხელს უწყობდეს საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობას",- განაცხადა საყვარელიძემ.
რას წერს ირაკლი კობახიძე
პრემიერი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის" კარგად აპრობირებული ხელწერაა. მისი თქმით, „დიპ სტეიტის" პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
"ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. ტულსი გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიპსტეიტის" მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული.
ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის" მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაუხადა, რომელმაც მასალები შემდგომი რეაგირებისათვის იუსტიციის დეპარტამენტს გაუგზავნა. ეს საკითხი დღეს ამერიკული მედიისა და საზოგადოების აქტიური განხილვის საგანია.
"სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის" კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიპ სტეიტის" თითქმის სრულ, ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება. მონოპოლიზებული მედიის წყალობით, მარტივად შეუძლიათ ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან.
მაგალითად, როგორც კი ფრანგული ოპოზიციის ლიდერის, მარინ ლეპენის რეიტინგმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, მას მაშინვე მიაწებეს პრორუსის იარლიყი, ისე, რომ საზოგადოებისთვის არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ანალოგიური მეთოდით ჩამოაშორეს პოლიტიკურ პროცესებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ჯორჯესკუ.
ის ჯერ პრორუსად გამოაცხადეს, ხოლო მოგვიანებით, სასამართლომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში „ტიკტოკის" მეშვეობით რუსული ჩარევის ეჭვი გამოთქვა და არჩევნები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გააუქმა. მოლდოვაში პრორუსის იარლიყის მიწებება იქცა საუკეთესო ინსტრუმენტად სასამართლო წესით ოპოზიციური ძალების ასაკრძალად. მტკიცებულებების წარდგენისთვის არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია ვინმეს თავი. უკვე წლებია, „დიპ სტეიტის" ანალოგიურ პროპაგანდას ებრძვის უნგრეთის ხელისუფლება. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ატარებს, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ებრძვის და მშვიდობის მხარეს დგას, ის პრორუს პოლიტიკოსად შერაცხეს. აქაც დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია.
"ანალოგიურ კამპანიას ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში „დიპ სტეიტს" ჩართული ყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები", ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები.
ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს - ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი.
„დიპ სტეიტის" პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის.
საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ ჭირდება არავითარი ფაქტები. მთავარია, პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილი რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს.
"მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის" მხილებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, რადგან სიმართლით აღჭურვილი საზოგადოება სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი გარანტია", - წერს კობახიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე