ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშაში გამართულ „მე-3 მედია ფორუმზე" განაცხადა.
ცნობისთვის, 2024 წლის 25 დეკემბერს "აზერბაიჯანის ავიახაზების" ბაქოდან გროზნოში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.
„სამწუხაროდ, რუსი ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია ამაზე, იმისდა მიუხედავად, რომ უკვე 7 თვე გავიდა. ჩვენთვის ყველაფერი ცხადია, ვიცით რა მოხდა და ამის დამტკიცება შეგვიძლია. და ვიცით, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა იციან რა მოხდა. კითხვაა - რატომ არ შვებიან იმას, რასაც ნებისმიერი მეზობელი იზამდა?
ჩვენი თხოვნები და მოთხოვნები სრულიად ბუნებრივია - აღიარონ ამ ინციდენტისთვის ბრალი, დასაჯონ ისინი, ვინც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო, და კომპენსაცია გადაუხადონ მსხვერპლთა ოჯახებს, დაშავებულებს და „აზერბაიჯანის ავიხაზებს" დაკარგული თვითმფრინავის ასანაზღაურებლად... ამას არ დავივიწყებთ.
რუსულ მხარეს შევატყობინეთ, რომ ახლა პორტფოლიოს ვამზადებთ, რათა საერთაშორისო სასამართლო სისტემას მივმართოთ ამასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ამას შეიძლება დრო დასჭირდეს. [უკრაინაში რუსების მიერ 2014 წელს ჩამოგდებულ] მალაიზიურ „ბიონგს" 10 წელზე მეტი დასჭირდა. ასე რომ, მოვიცდით 10 წელი, მაგრამ სამართალი მიღწეულ უნდა იქნას," - განაცხად ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე პასუხი გასცა კითხვაზე, თუ რისი რჩევა შეუძლია უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის. „ოდესღაც მქონდა შესაძლებლობა მეპასუხა უკრაინის წარმომადგენლისთვის ერთ-ერთ ღინისძიებაზე რამდენიმე წლის წინ და დაახლოებით იგივე კითხვა იყო. ჩემი პასუხი იმისგან განსხვავებული არ იქნება და ვფიქრობ, ეს უკრაინელი ხალხის მისწრაფებებსაც ემთხვევა - არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას.
ეს მთავარი რჩევაა... იმას რომ დავუბრუნდეთ, რაც ვთქვი - არასდროს დანებდეთ და არასდროს არ შეეგუოთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", - განაცხადა ალიევმა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფიქტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, შესაძლებელია რუსეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება იქამდე მივიდეს, რომ რუსეთს მოუწიოს აზერბაიჯანის, როგორც პარტნიორის აღიარება.
„არამგონია მათ შორის დაპირისპირება უფრო გაღრმავდეს. რუსეთი დღემდე ახორციელებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პატრონყმულ დამოკიდებულებას, ანუ თითონ არის პატრონი და სხვები ყრმები. შესაბამისად, ეს იერარქია ყოველთვის დაბალანსებული იყო. რუსეთი ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის საქმეში ერეოდა, გარდა ბალტიისპირეთისა.
ამ ისტორიაში პირველად აზერბაიჯანი არა სისხლიანი დაპირისპირებით, არამედ პარტნიორული, დიპლომატიური და პოლიტიკური ფორმებით ცდილობს რუსეთთან ჰქონდეს, თანასწორი დამოკიდებულება და არა პატრონყმული. როგორც ჩანს, ამას რუსეთი ვერ იტანს, მაგრამ ამას ვერ უმკლავდება, რადგან ხედავს, აზერბაიჯანის უკან თურქეთია.
საბოლოოდ ეს დაპირისპირება მივა იქამდე, რომ რუსეთს მოუწევს აზერბაიჯანთან პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდეს და შეასრულოს ის პირობები, რასაც ბაქო აყენებს. ეს პირობებია - აღიარონ, რომ რუსებმა თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ის ადმიანები დაისაჯონ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამაში, ყველამ იცის ვინ ვინ არის.
ასევე, რუსეთმა იმ დაღუპული ადამიანების ოჯახების კონპენსირება უნდა მოახდინოს და აზერბაიჯანის წინაშე ბოდიში მოიხადოს. თუ ამას გააკეთებს, ამით ახალი ურთიერთობები დაფიქსირდება, რაც სამაგალითო იქნება სხვა ქვეყნებისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლის კონტექსტში სერიოზული გარღვევა იქნება. ჩვენ ვნახავთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ხდება არა სისხლიანი ფორმებით, არამედ დიპლომატიური გზით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე