ბოიკოტში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა 19 ივლისის აქციაზე გააჟღერეს, რომ „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას" რეგიონებში იწყებენ. როგორც ისინი ამბობენ, მათი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა.
მათ ახალ ტაქტიკაზე ანალიტიკოსების მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ერთი ნაწილი ბრძოლის ამ გზას სწორად მიიჩნევს, სხვები კი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ.
„ძალიან კარგია, რომ ოპოზიცია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს, რადგან მარტო იმის ძახილი ივანიშვილი ცუდია და ა.შ. საკმარისი არ არის", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან". ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით კი: „რეგიონებში გადანაცვლებით კვლავ მიიღებენ იმ ნულოვან შედეგეს, რაც აქვთ თბილისში და შეიძლება კიდევ უარესიც".
8 ოპოზიციური პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას" იწყებს, რომლის მიზანიც „პოლიტიკური ბრძოლის თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაშლაა".
აღნიშნულის შესახებ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთეს. განცხადება მოქალაქეებს „თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ გააცნო.
„ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს. ჩვენ 8 პროდასავლური ძალა არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის.
ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით, რუსული რეჟიმის სრულ იზოლაციას აუცილებლად მოჰყვება მისი დემონტაჟი, შედეგად მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს ხალხი და თავისუფალი არჩევნების გზით მოგვანიჭებს პოლიტიკურ პარტიებს მანდატს იმისთვის, რომ დავასრულოთ ქაოსი და დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული ქართული სახელწმიფო.
ჩვენი გამარჯვების გზა არის საზოგადოების ერთობა და რეჟიმთან არ თანამშრომლობა, უწყვეტი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოება, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაზე ერთობლივი მუშაობის გააქტიურება. ამ ამოცანების შესასრულებლად, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, არ ვაღიარეთ პარლამენტად წოდებული ფარსი და უარი ვთქვით მანდატებზე, არ ვაღიარეთ საგამოძიებო კომისიად წოდებული ფარსი პირადი თავისუფლების ფასად, ვიმუშავეთ საერთაშორისო და საპროტესტო ჯგუფებთან იმისთვის, რომ მიგვეღწია რეჟმის საერთაშორისო იზოლაციისთვის.
ამ ძალისხმევამ, ქართველი ხალხის უწყეტ პროტესტთან ერთად, რეჟიმი შეარყია და ივანიშვილის ბანდაში შიდა დაპირისპირებები გამოიწვია. იმისთვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ „წინააღმდგეობის წევრების ორგანიზებას" იმისთვის, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხიდან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესბსა და ენერგიას დაეფუძნოს",- აღნიშნულია განცხადებაში.
ნიკა ჩიტაძის შეფასებით, აქციამ აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ადგილობრივი არჩევნების წინააღმდეგია.
„აქციამ აჩვენა ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის წინააღმდეგია. ასევე გამოჩნდა, რომ ისინი არა მხოლოდ „ქართული ოცნების" პოლიტიკას ემიჯნებიან, არამედ იმ პოლიტიკური პარტიების პოზიციებს, რომლებსაც არჩევნებში ჩართვა სურთ.
ამასთან, იქ დემონსტრირება გაკეთდა იმისა, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ძალიან კარგია, რომ ოპოზიცია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს, რადგან მარტო იმის ძახილი ივანიშვილი ცუდია და ა.შ. საკმარისი არ არის.
აუცილებელია წინააღმდეგობის მოძრაობამ რეგიონებშიც გადაინაცვლოს და მოსახლეობას აუხსნან, რატომ არის უკეთესი, თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვიდა. ასევე ის, თუ რატომ არის 4 ოქტომბრის მოვლენები მნიშვნელოვანი, აქციებს ვგულისხმობ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
გია აბაიძის აზრით კი, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების ტაქტიკას სხვადასხვა მიზეზების გამო შედეგი არ ექნება.
„19 ივლისის აქციამ აჩვენა, რომ მრავალდღიანი მომზადებისა და შესაბამისი პროპაგანდის მიუხედავად, ქუჩაში რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა და ეს არის ამ 8 პარტიის ადამიანური რესურსი? გასაგებია, რომ კლიმატური პირობები ხელს არ უწყობდა და სიცხე იყო, მაგრამ როცა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტია, იქ არც პაპანაქებას უშინდებიან და არც დიდ ყინვას ზამთარში.
რაც შეეხება ამ 8 პარტიას, ამათი რეალური პოლიტიკური შეფასება უფრო სასაცილო ჟანრით მიმაჩნია, რადგან არცერთს არ აქვს ქარიზმა, გარდა რამდენიმესი, არც ერთს აქვს წონადობა და რეიტინგულობა. მაგალითად როგორ წარმოუდგენია პარტია „თავისუფლების მოედანს" და „ფედერალისტებს", რომ ისინი ქართულ საზოგადოებაში რაიმეს წარმოადგენენ?
თვითილუზიაში ცხოვრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ ასპარეზზე იყვნენ, თუმცაღა მედიაში ინტენსიური ხილვადობის ფონზე, მათი ელექტორალური მხარდაჭერა მიზერულია.
სამწუხარო რეალობაა, რომ ეს ბევრმა ოპოზიცურმა პარტიამ უახლესი ისტორიის განმავლობაში ვერ შეიმეცნა და კვლავ აგრძელებენ ჩიხში ყოფნას. 19 ივლისს გამოცხადებული რაღაც წინააღმდეგობების ჯგუფები კიდევ ერთხელ სასაცილოდ აღიქმება. საზოგადოების რეალური პრობლემები არ ადარდებთ.
მოახლოებულია ადგილობრივი არჩევნები, არაერთ რეგიონში არის სერიოზული გამოწვევები, რომელიც კონკურენტუნარიანი პოლიტიკური პროგრამების პაექრობით უნდა მოგვარდეს.
ეს ბოიკოტები და აქციები დაძველდა და თუ არ ესმით საზოგადოების საერთოდ შეეშვან საჯარო პოლიტიკას. რეგიონებში გადანაცვლებით კვლავ მიიღებენ იმ ნულოვან შედეგეს, რაც აქვთ თბილისში და შეიძლება კიდევ უარესიც კი.
ბოლო წლებია ვერ ვხედავთ, რომ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ რაიმე რესურსი, როცა გადიან ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ცენტრში, ან დახურულ სივრცეში ყოფნისას იყოს მრავალრიცხოვანი მხარდაჭერა. ეს რატომ, იცით? იმიტომ, რომ არაპოპულალური ლიდერები არიან, არათანმიმდევრულები, არაქარიზმატულები და ა.შ. ეს ყველაფერი იწვევს ელექტორატის მათდამი გაუცხოვებას.
ამის ვითომ გამოსწორება ტელე-ფოტო მანიპულაციებით, პირიქით უფრო დამაზიანებელია უწინარესად მათი დამკვეთთათვის. როცა საზოგადეობის მხადაჭერა არ არის, რაც გინდ ის დაარქვი, აზრი არ აქვს არაფერს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე