ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება. ევროგაერთიანების წარმომადგენლობა საქართველოში დამატებით წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურია.
საპასუხოდ, „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ესაა შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა და გავლენა ამომრჩევლის ნებაზე.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა - 27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენს.
მისი თქმით, წელიწადში ერთხელ, ევროკომისია აქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით სარგებლობენ. კომისიის ბოლო ანგარიში, მათ შორის საქართველოსთვის, 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. შემდეგი ანგარიში შემოდგომაზე გამოქვეყნდება და მასში უახლესი მოვლენები აისახება.
გადაწყვეტილება მიღებულია?
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ პირობები არ შესრულდა, უვიზო მიმოსვლის შეჩერება რეალურია.
"31 აგვისტომდე დაუდეს ვადა და რეალური კი არა, უეჭველია, რომ შეაჩერებენ, რადგან როგორც ვხედავთ, 31 აგვისტომდე ესენი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ. რადგან ცვლილებებს არ აპირებენ, ეს პირობებია, რომლის შედეგადაც უნდა შეჩერდეს, ასე, რომ ამას წყალი არ გაუვა.
"ოღონდ ასე სწრაფად ვერ შეჩერდება. დაჩქარებულ შემთხვევაში, სადღაც თვე-თვენახევარი დასჭირდება და ჩვეულებრივ რეჟიმში თუ წავიდა, სადღაც წლის ბოლომდე გაგრძელდება ეს ამბავი. („ქართული ოცნების") პასუხის მერე უნდა შეიკრიბონ და განიხილონ პირობები შესრულდა თუ არა, ან რა შესრულდა და რა არა და ამასთან დაკავშირებით დასკვნა მიიღონ.
"ამის მერე ევროკომისიას დავალება უნდა მისცენ შეჩერების შესახებ, ამასობაში საელჩოები ვიზების გასაცემად უნდა მოემზადონ, მათ ხომ საქართველოში ეს სერვისები გაუქმებული აქვთ, ეს თავიდან უნდა შექმნან. როცა ევროკომისია შექმნის რეგულაცია-შესწორებას, მერე საბჭოს წევრების უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ულტიმატუმი "ძლიერი ბერკეტი არაა".
„ევროკავშირში უდაოდ არის ჯგუფი ადამიანებისა, ევროკომისიაშიც, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ ისე, როგორც მათ უნდათ და არა ისე, როგორც ქვეყნის ეროვნული ინტერესებია. თუ არა და, რაღაც მეტ-ნაკლებად მასშტაბური უკმაყოფილების ტალღა მაინც მოახერხონ ხელისუფლების წინააღმდეგ.
„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა შარშან პრემიერმა კობახიძემ გამოაცხადა, რომ ჩვენი ინიციატივით აღარ დავიწყებთ მოლაპარაკებას გაწევრიანებაზე, თუმცა მათ რომ შემოგთავაზონ თუნდაც დღეს, მზად ვართო. და მერე, უარს ვამბობთ საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე, ეს იყო ორი ძირითადი ბერკეტი, რომელიც მათ ჰქონდათ და რომელიც ერთბაშად გამოეცალათ და ამან გააცოფა ეს ადამიანები.
„ახლა კი ეს ბოლო ბერკეტი დარჩათ, თუმცა, ეს ძლიერი ბერკეტი არაა. კი ბატონო, გარკვეული ფენა გაწბილებული იქნება, რომ როგორ ვერ შეინარჩუნე ეს, რაც "ოცნებამ" თავის ხელისუფლების დროს მიაღწია, მაგრამ არავითარ საერთო სახალხო მღელვარებას არ ველოდები. აგვისტოს ბოლოსთვის დროის მიცემა, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს უკვე ულტიმატუმია.
„ჩვენთან ბევრი ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს დღევანდელი ევროპელი ლიდერებისთვის ლგბტ ცხოვრების წესის კულტივირება და როგორი დარტყმაა მათთვის, როდესაც ხედავენ, რომ მილიონზე მეტი ადამიანი გამოდის საქართველოში ოჯახური სიწმინდის დაცვისთვის.
ევროგაერთიანებაში ერთ-ერთი კითხვაა, როცა ევროკომისარს ნიშნავენ - უჭერს თუ არა მხარს ორსქესიან ქორწინებას, ერთმა წლების წინ გაბედა არ ვუჭერთო და მაშინვე მთელი კაბინები თავიდან გახდა დასამტკიცებელი, იმის შემდეგ ვინ გაბედავს.
„ახლა დაშინება კი არა, პირდაპირ იძულების მცდელობაა მათი მხრიდან, მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხი ამას უპრობლემოდ გაუძლებს, ვიზის ქონა-არქონა არაფერი არაა. შედარებით იმასთან, რომ ეგზისტენიალური საფრთხე დგას ჩვენი სახელმწიფოსი. არ ვიცი ზუსტად როგორ იმოქმედებენ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერს ეცდებიან, რომ შეწყვიტონ უვიზო რეჟიმი",-განაცხადა მამრაძემ.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით და ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული. 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. 2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა. (ნაწილს ერთვის სრული ანგარიშის ბმული)
„ევროკავშირის რეკომენდაციებია ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება. ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება. (ამ ნაწილს თან ერთვის რეკომენდაციების სრული სიის ბმული)
„ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე. თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
"ქართული ოცნების" პასუხი
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩო, წელსაც აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვიზის, საკითხით, ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას.
„ევროკავშირის საელჩოს ამ პოსტმა ცხადჰყო, თუ რა ჩანაფიქრი დგას ბრიუსელის მიერ პროცედურებით გაუთვალისწინებელი წერილის მოწერის უკან, რომელსაც, ზეპირად, აგვისტო, როგორც ვადა მოაყოლეს, მაშინ როდესაც სავიზო პირობების შესრულების ყოველწლიური ანგარიშისთვის, რომელიც აგვისტოდან ოთხ თვეში, დეკემბერში მიიღება, შესაბამის უწყებებს შორის კომუნიკაცია ისედაც არსებობს.
„როგორც ჩანს, შარშანდლის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო, წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვიზის, საკითხით, ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას.
„მსგავსი მასშტაბის ჩარევა და ნებისმიერ ფასად ხალხის არჩევანის შეცვლის სურვილი რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევაა, ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ყოველი ასეთი განცხადება ჩვენი სიმართლის მორიგი დადასტურებაა.
„ამ პოსტში ისიც საინტერესოა, რომ საელჩომ ბანერებზე არ გამოაჩინა, რომ ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებების" და „გამჭვირვალობის" კანონების გაუქმებას მოითხოვს",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაველ ჰერჩინსკის განმარტება
ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას „რეაგირებისა და ზომების მისაღებად დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს".
„წელიწადში ერთხელ, ევროკომისია აქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით სარგებლობენ. კომისიის ბოლო ანგარიში, მათ შორის საქართველოსთვის, 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. შემდეგი ანგარიში შემოდგომაზე გამოქვეყნდება და მასში უახლესი მოვლენები აისახება.
ამასობაში, კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წერილში სთხოვა, 2024 წლის დეკემბერში მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში აგვისტოს ბოლომდე წარმოადგინოს.
„2017 წლის 28 მარტი იყო ის პირველი დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურეს. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი 2017 წელს სწორედ „ქართული ოცნების" მთავრობამ საზეიმოდ აღნიშნა . ეს იყო ჭეშმარიტად ისტორიული დღე და საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლის აღიარება. სამწუხაროდ და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2023 წლის დეკემბერში საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, საქართველოს ხელისუფლება დგამდა ნაბიჯებს, რომელმაც სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია, ევროკავშირის მხრიდან კურსის შეცვლისკენ მრავალი მოწოდების მიუხედავად.
„უვიზო რეჟიმი ქვეყანას რიგი პირობების შესრულების საფუძველზე ენიჭება. ერთ-ერთი მათგანი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაა. გასული წლის დეკემბერში, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშში, ევროკომისიამ მკაფიო რეკომენდაციები მისცა საქართველოს ადამიანის უფლებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
რეკომენდაციები მოიცავდა გარკვეული კანონების გაუქმებას და ზოგიერთი კანონის შესწორებას ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ჯერჯერობით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უმოქმედობა არჩია. სინამდვილეში, ვითარება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გაუარესდა.
საქართველოს ხელისუფლებას ახლა რეაგირებისა და ზომების მისაღებად აგვისტოს ბოლომდე აქვს დრო.
„ჩვენ უკვე შევაჩერეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დებულებები, რათა წევრ სახელმწიფოებს მივცეთ საშუალება, მოითხოვონ ვიზა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.
ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ზომების მიღება, მათ შორის ევროკავშირის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა (27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენს).
„წესები თანაბრად ვრცელდება ევროკავშირის ყველა პარტნიორზე. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ ამ წესების დაცვის ვალდებულება აიღო. სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ამ ვითარების ყურება გულსატკენია.
„კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შეთავაზებული ახალი უპირატესობებით სარგებლობის ნაცვლად, როგორიცაა - ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკა „ისარგებლე როუმინგით ისე, როგორ შენს ქვეყანაში", ევროში განხორციელებული ერთიანი გადახდების სივრცეში მონაწილეობა და ბევრი სხვა - არსებობს რისკი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე ხელშესახები სარგებელიც კი, უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მალე დაიკარგოს.
„ევროკავშირი სრულად პატივს სცემს საქართველოს კულტურასა და იდენტობას. ადამიანის უფლებებისა და უნივერსალური ღირებულებებისადმი ჩვენი საერთო ერთგულება არის ის, რაც გვაერთიანებდა. ამავდროულად, ფუნდამენტური უფლებები არსებითია სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოებისა და ყველა ადამიანისთვის. სიძულვილის გავრცელება და დისკრიმინაციის წახალისება მხოლოდ განხეთქილებასა და კონფლიქტებს ქმნის.
„ევროკავშირმა წლების განმავლობაში საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა გაუწია. ჩვენ ვართ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერები. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების სრულად ერთგულნი ვრჩებით.
„რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის.
„რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თითქოს ევროკავშირი საქართველოს აშანტაჟებს და სთავაზობს არჩევანს უვიზო მიმოსვლასა და მშვიდობასა და სტაბილურობას შორის - ასევე, ბრიუსელსა და საბჭოთა პერიოდის მოსკოვს შორის შედარებაც მოვისმინე - მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გზით, სწორედ ამ განსხვავების დანახვა იყო. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები საკუთარი დასკვნების გამოტანას შეძლებენ", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე