რუსეთის საგარეო უწყება ნატო-ს ქვეყანას სამხედრო ობიექტებზე დარტყმით ემუქრება, მარია ზახაროვას თქმით, გერმანიის სამხედროები პირდაპირ ჩართულები აღმოჩნდებიან რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, თუ უკრაინა შორი მანძილის გერმანულ „ტაურუსის" რაკეტებს გამოიყენებს.
„გახსოვდეთ, 2024 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ განსაზღვრა რუსეთის პოზიცია დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, მწვანე შუქი მისცენ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში თავიანთი შორი მანძილის სისტემების გამოყენებას. ეს პოზიცია უცვლელი რჩება, რუსეთი მიიჩნევს, რომ უფლება აქვს საკუთარი იარაღი გამოიყენოს იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ თავისი იარაღის გამოყენების უფლებას გასცემენ. კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში კი მტკიცედ და სარკისებრ ვუპასუხებთ", - განაცხადა ზახაროვამ
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია გვეუბნება, რომ რუსეთი ორმაგად იმუქრება, ერთის მხრივ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება აწუხებს, მეორეს მხრივ კი უკრაინის დახმარება.
„ეს განცხადება მიმართულია განსაკუთრებით ბრიტანეთის, გერმანიის და პოლონეთის წინააღმდეგ. თვლის, რომ ბრიტანეთი ერევა აზერბაიჯანისა და სომხეთის შიდა საქმეებში და რუსეთთან ურთიერთობებს ურევს. ეს მუქარა ფაქტიურად მთლიანად ნატო-ს ქვეყნებისკენაა მიმართული და განსაკუთრებით იმათკენ, ვინც უკრაინას ღიად ეხმარება. გარდა ამისა, მათ სხვა პრეტენზიებიც აქვთ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსების წინააღმდეგ სიტუაციას ურევენ.
„არაა გამორიცხული, რომ როგორც ადრე, რომ თითქოს "შემთხვევით შეფრინდა" რუსული ბალისტიკური რაკეტა პოლონეთში, ახლაც ასე განმეორდეს, ან სამხედრო დივერსიები მოაწყონ. ბოლოს მოკლულ იქნა უკრაინის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც ზურგში სპეციალური მაყუჩიანი იარაღით იყო მოკლული",-განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
„ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ ტრამპმა ზელენსკისთან საუბარში სავარაუდოდ მოითხივა, რომ უკრაინამ თავდაცვითი ტაქტიკა შეწყვიტოს და "შეტევაზე გადავიდეს რუსეთის წინააღმდეგ". გამოცემის ცნობით, წყარო უკრაინელი ჩინოვნიკია, რომლის ვინაობაც არ სახელდება და რომელმაც იცის ტრამპი-ზელენსკის პირადი საუბრის შინაარსი. ამავე ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ ფრონტზე გაჭინაურებული თავდაცვა გარდამტეხ მომენტს ვერ შექმნის.
„ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, ტრამპმა სავარაუდოდ იკითხა, შეეძლო თუ არა უკრაინას რუსეთის დედაქალაქებზე დარტყმების განხორციელება. ზელენსკიმ კი უპასუხა, რომ ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ შესაბამისი იარაღის მიწოდების შემთხვევაში გაჩნდებოდა.
დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან ბოლო მოლაპარაკებების დროს, ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა შეთნხმების შემუშავებაზე, რომელიც ამერიკასა და უკრაინას საშუალებას მისცემს ერთობლივად განავითარონ საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიები. ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა გაუზიაროს სამწლიანი საომარი მოქმედებების დროს მიღებული მთელი სამხედრო გამოცდილება.
ასევე საუბარია იმაზე, რომ აშშ უკრაინისგან „საბრძოლო პირობებში გამოცდილ" დრონებს შეიძენს, ხოლო კიევი სანაცვლოდ ამერიკული იარაღის რაოდენობას შეიძენს, ამასთან, ტრამპმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ განაცხადა, რომლის ხარჯებსაც ევროპული ქვეყნები დაფარავენ.
„მსურველთა კოალიცია" უკრაინის მხარდამჭერი 30-ზე მეტი ქვეყნის არაფორმალური გაერთიანებაა, სახელმწიფოები მზად არიან გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან განსაკუთრებით სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიმართულებით. კოალიცია აერთიანებს ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების უმრავლესობას. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრინციპი კი გათვალისწინებულია ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლში, სადაც თავდასხმა ერთ მოკავშირზე განიხილება, როგორც თავდასხმა ყველა მოკავშირეზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე