რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებული მე-18 სანქციების პაკეტი, რომელსაც ბრიუსელში „პირველად ასე მკაცრს" უწოდებენ, მიზნად მოსკოვის ენერგეტიკული სიძლიერის შესუსტებას ისახვას - ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირება, ტრანსპორტირებაზე ზეწოლა და „ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ ზომების გამკაცრება, ნაწილია იმ შეზღდვებისა, რაც ევროკავშირმა 18 ივლისს დაამტკიცა, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სანქციების ეფექტიანობა დამოკიდებულია მათ აღსრულებაზე, რაც კვლავ რჩება ევროკავშირის მთავარ აქილევსის ქუსლად.
რიგით მე-18 სანქციების პაკეტი მიზნად რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის სექტორისთვის დამატებითი დარტყმის მიყენებას ისახავს. უფრო კონკრეტულად, ევროკავშირი რუსული ნავთობის მოძრავი ფასის ზედა ზღვარს საშუალო საბაზრო ფასთან შედარებით 15%-ით დაბლა დააწესებს - განაცხადეს ევროკავშირის დიპლომატებმა. ამ ნაბიჯის მიზანია გააუმჯობესოს 60-დოლარიანი ზედა ზღვარი, რომელიც „დიდი შვიდეულის" ძირითადი ეკონომიკების ძალისხმევით 2022 წლის დეკემბრიდან მოქმედებს, თუმცა ამ დრომდე შედეგიანად არ ითვლებოდა.
ასევე, აკრძალვები ვრცელდება ბალტიის ზღვის ქვეშ არსებულ გაზსადენ „ჩრდილოვან ნაკადზე", აგრეთვე იმ ფინანსურ ოპერაციებზე, რომლებიც რუსეთის ბანკებთან არის დაკავშირებული.
სანქციების სიაში შეიყვანეს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის" 105 გემი, რომლებიც, დასავლეთის ინფორმაციით, სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოიყენებოდა. ასევე დასანქცირდა რამდენიმე ჩინური ბანკი, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების თავიდან არიდებას.
„ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციების პაკეტი დაამტკიცა", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა იქს-ზე.
„ჩვენ გავაგრძელებთ ხარჯების გაზრდას, ამის ფონზე აგრესიის შეჩერება მოსკოვისთვის წინსვლის ერთადერთი გზა გახდება"-დასძინა მან.
სანქციების დაწესებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც.
„ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებების მიღწევის მიზნით. ამ მხრივ მივესალმები ევროკავშირის მიერ დღეს დილით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო ახალი პაკეტის მიღებას.
რუსეთის თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გაჭირვებაშიც და იმედშიც, საფრანგეთი დგას - და ყოველთვის იდგება - უკრაინის გვერდით", - წერს მაკრონი.
„დიდი შვიდეულის" მიერ დაწესებული ფასის ზღვარი ჯერჯერობით არაეფექტურად რჩება
დასავლელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მიუხრადავად სანქციების სიმკაცრისა, მნიშვნელოვანია მისი აღსრულების მექანიზმების დახვეწაც.
„მიუხედავად მოქმედი შეზღუდვებისა, რუსეთმა შეძლო ნავთობის უმეტესი ნაწილის გაყიდვა ამ ზღვარზე მაღალ ფასად - ეს პროდუქტი კი ქვეყნის ბიუჯეტისთვის კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს. არსებული მექანიზმი ბუნდოვანია და ნათლად არ განსაზღვრავს, ვის ეკისრება მისი რეალური კონტროლი, რის გამოც პრაქტიკაში ვერ ხერხდება სანქციების ეფექტიანად აღსრულება. თუმცა, ევროკავშირის მიერ მიღებული ახალმა ზომებმა შესაძლოა რუსული ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეაფერხოს," - განუცხადა „როიტერზს" ანალიტიკოსმა გორდონ ვილმოტმა.
კიმბერლი დონოვანი, „ატლანტიკური საბჭოს" ანალიტიკოსი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი ადვილად პოულობს ხრიკებს, სანქციების გვერდის ასავლელად. „სანქციები ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა მკაცრად აღსრულდება."
მთავარი გამოწვევა ზედამხედველობის საკითხია. მართალია, ევროკავშირმა ნავთობის გადამზიდავებზე წნეხი გაზარდა, მაგრამ თავადაც აღიარებს, რომ დოლარის კლირინგზე წვდომის აკრძალვის მექანიზმი არ აქვს - ანუ ვერ ბლოკავს დოლარში ვაჭრობას, რაც სანქციების ეფექტიანობას ამცირებს," - განაცხადა დონოვანმა.
კმაყოფილი კიევი და უკმაყოფილო მოსკოვი
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის ეს ნაბიჯი, რომელიც მიმდინარე მაჩვენებლებით რუსული ნედლი ნავთობის ფასის ბარელზე მიზნად, დაახლოებით, 47,6 დოლარამდე შეზღუდვას ისახავს.
„ჯერჯერობით ევროპის მხრიდან საკმაოდ თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზს ვხედავთ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ასეთ ცალმხრივ შეზღუდვებს უკანონოდ მივიჩნევთ", - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს ეხებოდა.
ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთმა სანქციებისგან უკვე გარკვეული „იმუნიტეტი" შეიძინა.
„ჩვენ მათი წინააღმდეგი ვართ. თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შევიძინეთ გარკვეული იმუნიტეტი სანქციებისგან. ვადაპტირდით სანქციების ქვეშ ცხოვრებასთან," - განაცხადა პესკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის გადაწყვეტილებას „აუცილებელი და დროული" უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია რუსეთის საჰაერო შეტევების გამწვავების პირობებში.
„ეს გადაწყვეტილება აუცილებელი და დროულია, განსაკუთრებით ახლა, როგორც პასუხი იმ ფაქტზე, რომ რუსეთმა გააძლიერა დარტყმების სისასტიკე ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, აკრძალოს ყველა ტრანზაქცია, რომელიც დაკავშირებულია „ჩრდილოეთის ნაკადის" სისტემის გაზსადენებთან, რომელთა მშენებლობა პუტინის სრულმასშტაბიანი ომისთვის მზადების ნაწილი იყო. რუსეთის ომის ყველა ინფრასტრუქტურა უნდა დაიბლოკოს. ჩვენ ოპერატიულად ვამზადებთ ევროპული სანქციების სინქრონიზაციას უკრაინაში და ასევე ვამზადებთ ახალ სანქციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, როგორც პარტნიორების დონეზე, ასევე უკრაინის იურისდიქციის ფარგლებში. დიდება უკრაინას!"- წერს ზელენსკი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ კი დასძინა: „რუსეთის ნავთობის შემოსავლების ჩამორთმევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი აგრესიის დასასრულებლად".
აშშ არ უერთდება ფასების ლიმიტის შემცირებას - ევროკავშირი მოქმედებს დამოუკიდებლად
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ბოლო ორი თვის განმავლობაში ცდილობდნენ „დიდი შვიდეულის" მიერ დაწესებული ნავთობის ფასის ლიმიტის შემცირებას,მას შემდეგ რაც დაწესებულმა შეზღუდვამ რუსეთზე დიდი გავლენა ვერ იქონია.. თუმცა, ანალიტიკოსებისა და ნავთობის მოვაჭრეების თქმით, აშშ წინააღმდეგობას უწევდა და უწევს ამ ინიციატივას და ევროპის პარტნიორებს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას აძლევს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირს ლიმიტის დამოუკიდებლად აღსრულება გაუჭირდება, რადგან მას არ აქვს იურისდიქცია საერთაშორისო ვაჭრობის იმ ნაწილზე, რომელიც დოლარის კლირინგის მეშვეობით მიმდინარეობს - რაც აშშ-ის კონტროლის სფეროა. შესაბამისად, ბრიუსელს რეალურად არ შეუძლია იმ ოპერაციების დაბლოკვა, რომლებიც დოლარზეა მიბმული.
საინტერესოა ისიც, რომ მანამდე სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმება რამდენიმე კვირით შეფერხდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ პაკეტს ვეტო დაადო და ევროკავშირის იმ გეგმის გადახედვა მოითხოვა, რომელიც რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა, ხუთშაბათს საღამოს ფიცომ განაცხადა, რომ წინააღმდეგობას წყვეტს.
„ევროკავშირის მიერ დადასტურებული გარანტიები ეხება გაზის ფასებს და შესაძლო დეფიციტს, სატრანსპორტო ტარიფებს, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას ფასების მკვეთრი ზრდის ან გაზის დეფიციტის შემთხვევაში, რამაც შეიძლება კრიზისული გადაწყვეტილებები გამოიწვიოს, მათ შორის რუსული გაზის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის მოხსნა", - განაცხადა ფიცომ.
პარალელურად, ფასების ლიმიტმა უკმაყოფილება გამოიწვია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა - რადგან ისინი შიშობდნენ, რომ ეს ზომა მათ გადაზიდვათა ინდუსტრიას დააზარალებდა. საბოლოოდ, მალტამ, რომელიც ამ სამეულში ბოლო იყო, ხუთშაბათს საღამოს ევროკავშირის ახალ სანქციებს მხარი დაუჭირა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე