ნატალია ჯვარიძე
(18.07.2025)

„ნაციონალურმა მოძრაობამ" და კოალიციამ „ცვლილებისთვის" საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის ცესკოს მიმართეს. როგორც ისინი ამბობენ, მიზანი მხოლოდ ნომრის შენარჩუნებაა. ამან ოპონენტენტებში კითხვები გააჩინა- აპირებენ თუ არა ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამაზე ანალიტიკოსების მოსაზრებები არაერთგვაროვანია.

„მე მიმაჩნია, რომ ისინი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, მასში მონაწილეობას არ იღებენ", - თქვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ გამორიცხული არაფერია, მათ შორის არც ის, რომ ადგილობრივ არჩევნებში ბოიკოტში მყოფმა პარტიებმაც მონაწილეობა მიიღონ: „გარკვეულწილად უნდა შეინარჩუნონ ოფიციალური მხარე პოლიტიკური საქმიანობის, მაგრამ იმ პარტიების მონაწილეობა, თუ არმონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, გარე დირექტივებზეა დამოკიდებული".

პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიამ აღნიშნული პროცედურული განაცხადი გააკეთა, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან და არა „ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან".

„საარჩევნო კოდექსში 2021 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის რიგითი (საარჩევნო ნომრის) შენარჩუნებისთვის პოლიტიკური პარტია ვალდებულია, განცხადებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს საარჩევნო წლის 17 ივლისისა. სხვა შემთხვევაში კანონში ბუნდოვანი განმარტებიდან გამომდინარე პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება დაკარგოს საარჩევნო ნომერი.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის განაცხადი მომავალში საარჩევნო ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამთ, აღნიშნული ფორმალური პროცედურები არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ რეალურად კი გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში მონაწილეობასთან.

ამ მიზეზებიდან გამომდინარე „კოალიცია ცვლილებისთვის" აღნიშნულ პროცედურულ განაცხადს გააკეთებს, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან (და არა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან) მათ შორის, არსებულ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში" - წერია განცხადებაში.

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის" და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ცესკო-სთვის მიმართვა ფორმალური ნაბიჯია, რათა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნომერი შეინარჩუნონ.

„სპეკულაციებში ვერ შევალ. რეალურად, მათ რეგისტრაციის გავლა სჭირდებათ, რადგან 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნომერი შეინარჩუნონ. მათ რეგისტრაცია რომ არ გაევლოთ და საარჩევნო ნომერი რომ არ აეღოთ, ამ შემთხვევაში, მათ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა ნომრით მონაწილეობა მოუწევდათ. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ეს ფორმალური ნაბიჯი ლოგიკურია", - განაცხადა კობახიძემ.

ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ისინი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ეეჭვება, რომ თვითმართველობის არჩევნებში ჩაერთონ.

„მე მიმაჩნია, რომ ისინი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებს, მასში მონაწილეობას არ იღებენ, უბრალოდ საჭიროა საარჩევნო ნომრის შენარჩუნება, რადგან საქართველოს ისტორია ხომ არ სრულდება 2025 წლის ადგილობრივი თმითმართველობის არჩევნებით? ამიტომაც გადადგეს ეს ნაბიჯი. თუმცაღა მე მეეჭვება ახლა, ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ან „ნაციონალურმა მოძრაობამ", ან „კოალიცია ცვლილებებისთვის",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

გია აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ „ოპოზიციამ გარე ძალებისგან მიიღოს დირექტივა არჩევნებში მინაწილეობის შესახებ, რასაც აუცილებლად შეასრულებენ".

„აქ კიდევ ერთი სასაცილო შეკითხვა ჩნდება საზოგადოებისთვის - თუ რადიკალურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ცესკო რუსეთის მარიონეტია, მაშინ რაში სჭირდებათ ასეთ სტრუქტურასთან ურთიერთობა?! ბუნებრივია, გარკვეულწილად უნდა შეინარჩუნონ ოფიციალური მხარე პოლიტიკური საქმიანობის, მაგრამ იმ პარტიების მონაწილეობა, თუ არ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, დამოკიდებული არიან გარე დირექტივებზე. თუ არსებობს ისეთი ინსტრუქცია, რომ ოპოზიცია გაიყოს - ნაწილმა მიიღოს მონაწილეობა და ნაწილმა არა, რასაკვირველია ეს ინსტრუქცია შესრულდება. თუ სხვაგვარად იქნება, რაც შესაძლოა იყოს, რომ მოვიდეს ევროპიდან დირექტივა- ყველამ მიიღეთ მონაწილეობა, ესეც შესრულდება, რადგან გათამაშდეს სცენარი, ვითომ გაყალბდა არჩევნები. თუნდაც იმიტომ, რომ 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების ერთ-ერთ პირობად მიიჩნიეს ადგილობრივი არჩევნები ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და საფრანგეთმა. იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ეს სახელმწიფოები ძალიან აქტიურები არიან აქ უსაგნო კრიტიკაში არ გამოვრიცხოთ, რომ ამ ქვეყნებიდან მოვიდეს ფარული ინსტრუქცია, საჭიროა არჩევნებში მონაწილეობა.ქართულ პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული, მითუმეტეს წლებია არათანმიმდევრულად მოქმედებს ოპოზიცია და რაც მთავარია, მოწყვეტილი არიან თავიანთ ელექტორატს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე