მოსკოვი ერევანს კვლავ ემუქრება, ამჯერად კრემლი ნიკოლ ფაშინიანის განცხადებამ გააღიზიანა, სადაც პრემიერი ამბობს, რომ სომხეთს სურს ევროკავშირის წვერი გახდეს, და ქვეყნის მთავრობა გააგრძელებს იმ რეფორმების გატარებას, რომელიც მას ევროპულ სტანდარტებთან დააახლოებს.
„ვნახოთ ევროკავშირთან დაახლოება კონკრეტულად რას მოიტანს",- აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.
„სომხეთთან ყველა ვექტორითა და მიმართულებით მაქსიმალური თანამშრომლობა გვაინტერესებს და მულტინაციონალური ფორმატების გარდა, ჩვენ ძალიან მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა გვაკავშირებს. ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მივისწრაფვით.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ვხედვათ [სომხეთის] სურვილს - დააბალანსოს სხვადასხვა მიმართულებები. ჩვენ ვიცით, თუ რას მოუტანს სომხეთს ევროკავშირში წევრობა. ვნახოთ, ევროკავშირთან დაახლოება კონკრეტულად რას მოიტანს. აქ ხომ ყველაფერი შედარების გზით ირკვევა", - თქვა პესკოვმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ სომხეთს თუ რეალურად სურს ევროკავშირთან ინტეგრაცია, მაშინ პოლიტიკური ორიენტაცია ძირეულად უნდა შეცვალოს და გამოვიდეს იმ სამხედრო და ეკონომიკური ორგანიზაციებიდან, სადაც რუსეთია გაწევრიანებული. ასეთ შემთხვევაში კი რუსეთი სომხეთში სახელმწიფო გადატრიალებას შეეცდება.
„მეორე მომენტი ისაა, რომ რუსეთს სომხეთში ბერკეტები ჯერ კიდევ აქვს, ესაა ორი რუსული სამხედრო ბაზა. იქ მოქმედებს, როგორც ლეგალური, ისე არალეგალური რეზიდენტურები, როგორც ფედერალური უშისროების სამსახურის, ისე სამხედრო დაზვერვის გრუ-ს მიმართულებით.
„სომხეთში არის საკმაოდ ძლიერი პრორუსული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის სომხური ეკლესიის შემადგენლობაც გარკვეულწილად ამ იდეითაა განმსჭვალული. დაპირისპირება ფაშინიანსა და გარეგინ მეორეს შორის ფაქტიურად გეოპოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი ნიმუშია.
„კავკასიაში სიტუაცია იცვლება, რუსეთმა იმდენი მოახერხა, რომ ისტორიულად დაპირისპირებული ქვეყანა აზერბაიჯანი და სომხეთი შეარიგა და ორივესთან ურთიერთობა აქვს დაძაბული. თუ სომხეთი ევროკავშირის გზას დაადგა, ალბათ რუსეთი თავის ბერკეტებს გამოიყენებს, ჰიბრიდული ომის მეთოდების საშუალებით და შეეცდება სახელმწიფო გადატრიალებას, რომ ფაშინიანის პოლიტიკური ძალა გაანეიტრალოს. თუ დასჭირდა, რუსეთმა შეიძლება აამოქმედოს გიუმრის სამხედრო ბაზაც, მით უმეტეს არსებობს კოალიციური სომხურ-რუსული სამხედრო დაჯგუფებაც", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
რაც შეეხება ფაშინიანის განცხადებას, მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია რთული პროცესია.
„ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად დავაფიქსირეთ, რომ ეს რთული პროცესია, რომელიც ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს. ქვეყანამ გარკვეული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს", - აღნიშნა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, აღნიშნული პროცესის ფარგლებში სომხეთში ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად რეფორმები ხორციელდება.
„არსებობს ორი ვარიანტი: ქვეყანას ან მიიღებენ ევროკავშირში, ან არა. რომც არ მიიღონ, სომხეთი ევროპული სტანდარტების დონეს მიაღწევს", - აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ბრიუსელში ბოლო ვიზიტის დროს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს.
ფაშინიანმა თურქეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასვა შეკითხვა, თუ რისი იმედი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებით აღშფოთებულები არიან.
„მათ სურთ თქვან, რომ ისეთ ქვეყანასთან, როგორიც თურქეთია, ომის გზას უნდა დავადგეთ? საერთოდ გვესმის, რაზე ვსაუბრობთ?" - აღნიშნა ფაშინიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე