„პარტია საქართველოსთვის" და „ლელოს" შორის თანამშრომლობის დაწყების შემდეგ მთავარი შეკითხვა ჩნდება - ვინ იქნებიან მათი მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები. პარტიების დამფუძნებლების არყოფნა და ოპოზიციის კრიტიკა კიდევ უფრო ზრდის ინტერესს, თუ როგორ დაარეგულირებენ ამ საკითხს და შეძლებენ თუ არა საერთო ძალისხმევით რეალური კონკურენციის შექმნას. ამ ფონზე ბოიკოტის ერთ-ერთი ყველაზე თავგადაკლული მომხრე თამარ ჩერგოლეიშვილი ამტკიცებს, რომ რეალურად ხაზარაძემ გახარიას პარტია წაართვა.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კონკრეტული პროგნოზებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ მერობის კანდიდატად საუკეთესო ვარიანტი სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა:
„ვინ შეიძლება იყოს - ნამდვილად არ ვიცი, თუმცა გეტყვით იმას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი თბილისის მერობაზე სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ცნობილია, ზურაბიშვილი ამ იდეის წინააღმდეგია. ვიღაც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა - რთული სათქმელია. არის რამდენიმე ქალაქი, სადაც მეორე ტურის ჩატარების ალბათობა მაღალია - ასეთებია თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი."
არჩევნების დღეს იქნება სამი ბიულეტენი: მერობის გარდა, იქნება საკრებულოს მაჟორიტარული სისტემით არჩევა და საკრებულოს პროპორციული სისტემით არჩევა.
ზაქარეიშვილის თქმით, შესაძლოა, სერიოზული კონკურენციაც ვიხილოთ: „პროპორციულ სისტემაში პარტიული სიები აშკარად ცალკე იქნება წარმოდგენილი - ცალ-ცალკე გავლენ „ლელო" და გახარია. მაგრამ მაჟორიტარულ სისტემაში შეიძლება შეთანხმდნენ ერთობლივ კანდიდატზე, როგორც თბილისში, ისე პატარა ქალაქებში. ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმ ფონზე, როცა ნაცმოძრაობა და „ახლები" არ მონაწილეობენ არჩევნებში. რა თქმა უნდა, სხვა ოპოზიციურ ძალებს შანსები ეზრდებათ. შეიძლება იყოს სერიოზული კონკურენციაც კი."
კითხვაზე, რა შანსი აქვს ალეკო ელისაშვილს ან შესაძლებელია თუ არა ვიხილოთ იგი ერთ-ერთ კანდიდატად, ზაქარეიშვილი პასუხობს: „არ გამოვრიცხავ. ალეკო ელისაშვილს თავის დროზე კარგი შედეგები ჰქონდა - მერობის კანდიდატი იყო, გარკეულ შედეგებს მიაღწია. თუ საზოგადოება ენდობა „ლელოსა" და გახარიას შერჩეულ კანდიდატს, მიჩნდება კითხვა: რატომ არ შეიძლება იყოს ეს კანდიდატი ელისაშვილი?"
რაც შეეხება თანამშრომლობის შანსებს, ზაქარეიშვილი ამბობს: „ისინი რაღაცებზე შეთანხმდებიან, რაღაცაზე - არა. აი, სხვა ოპოზიციონერების მხრიდან კრიტიკა კი სრულიად გაუგებარია. არჩევნები იმიტომ არსებობს, რომ მონაწილეობა მიიღო. ვიღაცას აქვს უფლება, არ მიიღოს. შენ შეგიძლია აკრიტიკო თვითმფრინავში მყოფი ადამიანები - ჩამოვარდებიან, დაიღუპებიან... სწორედ ასევეა აქაც: თუ არ მონაწილეობ არჩევნებში, ეს შენი არჩევანია. რატომ უშლი სხვას ხელს, როცა კანონის შესაბამისად მოქმედებს?
„მიზეზები, რატომ არ მონაწილეობენ არჩევნებში, ვერაფრით ჩამოაყალიბეს ნაცმოძრაობამ და „ახლებმა", რომლებიც ბოიკოტში შევიდნენ. ერთადერთი ლეგიტიმაციაზე საუბრობენ. სინამდვილეში სხვა მიზეზებია: ოპოზიცია ებრძვის არა „ოცნებას", არამედ გახარიას და „ლელოს" - რადგან შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ამ პარტიების ხილვა არ სურთ. სწორედ ამაზე არიან გამწარებულები ნაცმოძრაობაში - რომ „ლელოსა" და გახარიას სახით კონკურენტები გამოუჩნდათ."
„იქნება ორი ვარიანტი"
„გახარია-საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ეყოლებათ როგორც პარტიული, ისე უპარტიო კანდიდატები. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს ერთმანეთთან კონკურენციას.
„იქნება სულ ორი ვარიანტი. ერთი - ეს იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, უპარტიო კანდიდატი. საუბარია როგორც მერობის კანდიდატებზე, ასევე საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატებზე, რომელსაც ექნება როგორც ჩვენი, ისე „ლელოს" და, რაც მთავარია, სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების მხარდაჭერაც. რაც შეეხება მეორე ვარიანტს - რა თქმა უნდა, შეიძლება იყვნენ პარტიული კანდიდატებიც. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში „ლელოს" კანდიდატი, ზოგ შემთხვევაში - „გახარია-საქართველოსთვის" კანდიდატი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციაში შევალთ."
„ლელოს" კოალიციას ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ალეკო ელისაშვილი მერობის კანდიდატი იქნებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
საინტერესოა, რომ „ოცნება" მერობის კანდიდატის წარდგენას მომდევნო კვირას აპირებს. ჟურნალისტის კითხვას, იყრის თუ არა მესამედ კენჭს თბილისის მერი კახა კალაძე, მან არ უპასუხა, თუმცა დააანონსა:
„უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას გაიგებთ, ვინ იქნება [თბილისის მერობის] კანდიდატი. გინდათ, რომ ისევ ისე გითხრათ, რომ „აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ?" - გეუბნებით! დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ მალე! ქართველი ხალხის ინტერესებთან - გინდ გაერთიანებულებს და გინდ დაშლილებს - ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს."
ექსპრემიერი გიორგი გახარია კვლავ გერმანიაში იმყოფება. მან 16 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნება ამ ეტაპზე მისი გეგმის ნაწილი არ არის, რადგან ბრძოლას გერმანიიდან უფრო ეფექტურად მიიჩნევს.
რაც შეეხება „ლელოს" დამფუძნებელს - მამუკა ხაზარაძე ახლა ციხეშია. გამოდის, რომ ორივე პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამფუძნებლების გარეშე ემზადება.
თანამშრომლობაზე ეს ორი პარტია 14 ივლისს შეთანხმდა.
„ხაზარაძე ბედნიერია, რომ ჩაიგდო ხელში გახარიას პარტია"
ოპოზიცია კვლავ აკრიტიკებს ლელოსა და გახარიას გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობზე. ყურადღება მიიპყრო ფედერალისტების ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარმა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილიც ახსენა:
„ლელო" გახარიასთან გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილის ეგიდით რატომ არ დათანხმდა? იმიტომ, რომ გახარია არ დათანხმდა გაწევას. ხაზარაძემ მეტი არაფერი არ იცის - 90-იან წლებში როგორც ითრევდნენ ბიზნესებს, აი, ისე ხედავს პარტიის ლიდერობასაც. გახარიას პარტიის დათრევა უნდოდა: შენ გაიწიე და პარტია მომეციო. მისცა იმან პარტია, ის გაიქცა და თავშესაფარს ეძებს - ბრიუსელში უფრო გამოვადგები ქვეყანასო. მადლობა, გიორგი, რომ მზად ხარ მოკურცხლო ბრძოლის ველიდან. გაქცეულებისა და იქიდან ტრაბახის მეტი რა მინახავს. იმ ხალხს მონაწილეობა უნდა არჩევნებში - ფული არ აქვთ, ტელევიზია არ აქვთ და თვითონ რომ არ არის, ხაზარაძეს დაუტოვა. ხაზარაძეც ბედნიერია, რომ ჩაიგდო ხელში გახარიას პარტია. სასაცილო და კომედიაა, რაც ხდება."
ჩერგოლეიშვილის თქმით, თუ სექტემბერში იგივე განწყობა იქნება, რაც დეკემბერში იყო, „ლელო" არჩევნებში ვერ შევა.
ოპოზიციის კრიტიკას გახარიას გუნდის წევრი, გიორგი შარაშიძე პასუხობს:
„რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას - მოდი, ვუთხრათ მათ, რომ ყველამ საკუთარ პარტიას მიხედოს. მათ ურჩევნიათ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას - რას აპირებენ ბოიკოტის შემთხვევაში არჩევნების შემდეგ - მკაფიო პასუხი გასცენ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბოიკოტმა და როგორ შეიძლება ჩამოიშალოს „ოცნება" ბოიკოტის გზით. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მივდივართ არჩევნების გზით. მიგვაჩნია, რომ „ოცნება" არ იმსახურებს იმ ელექტორატს, რაც ჰყავს. გაცილებით ნაკლები ელექტორატი უნდა ჰყავდეს „ოცნებას" სამართლიანი არჩევნების პირობებში. „ოცნებას" ეშინია საკუთარი ელექტორალური ბაზის რყევის და დაკარგვის. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ამ ადამიანებს ვესაუბროთ. აკრიტიკონ ერთმანეთი და საკუთარი ნაბიჯები. ჩვენ ღრმად გვწამს ჩვენი არჩეული გზის."
რას ამბობენ „ოცნებაში"
„ოცნებაში" ოპოზიციის წარმატების არ სჯერათ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს:
„ერთად, ცალ-ცალკე, პირველ მეორეზე გათვლით, თუ მეორე პირველზე გათვლით - მნიშვნელობა არ აქვს. ასეც და ისეც, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდება. ესაა მათი დილემა, და ამიტომაა, რომ ვერ გაუგიათ. ოთხი ბარიერგადალახული პარტია გაყვეს - ორს აღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას, ორი არ იღებს, რომ რაღაცნაირად ყველა ვარიანტი მოსინჯონ. სინამდვილეში მთავარი დილემა, რაც რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს საზღვარგარეთ უდგათ, ისაა, რომ შევლენ არჩევნებში - დამარცხდებიან, არ შევლენ - დამარცხდებიან. მათი ბედი ერთია და იგივე. ამ ჩიხში თავისი თავი თვითონ ჩაიგდეს - უფრო სწორად, მათმა პატრონებმა ჩააგდეს. რომ უსმენდნენ ზოგიერთ ელჩს და მანდატებზე უარი თქვეს, ახლა მივიდნენ, იმ ელჩს მოჰკითხონ პასუხი. რომ უსმენდნენ ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს და ბოიკოტს უცხადებდნენ არჩევნებს - წავიდნენ და იმ ევროპულ ბიუროკრატებს მოჰკითხონ. ეს არის ბედი ყველა იმ ადამიანისა, რომელიც სხვისი ვასალი ხდება. ზუსტად, როგორც ვასალს ექცევიან, ისე მოექცნენ საბოლოო ჯამში რადიკალურ ოპოზიციას. ხედავთ, რომ ჩვეულებრივად, თოჯინებივით ათამაშებენ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე